კულტურა
5 წიგნი, რომელიც გავლენას ახდენს - მირიან გამრეკელაშვილი
FaceBook
ადამიანებზე გავლენებს ბევრი რამ ახდენს, მათ შორის წიგნები და ფილმები. რომელმა ტექსტმა და სურათმა მოახდინა გავლენა ცნობილ და საინტერესო ადამიანებზე?!

გთავაზობთ რუბრიკას "5 ფილმი და წიგნი, რომლებიც გავლენას ახდენენ"...
რუბრიკის დღევანდელი სტუმარია თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი.


ვერაფრით წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება წიგნების გარეშე. რადგან ბევრი მათგანი ჩემთვის ძალიან საყვარელია, გამოვარჩევ მათ, რომლებიც ჩემი პიროვნული ეტაპების წყალგამყოფები იყვნენ.
დაახლოებით 8 წლის ასაკში მამაჩემს ვთხოვე აეხსნა, საიდან ვიცით, რომ დედამიწა მრგვალია და ვინ დაადასტურა ეს ცოდნა ჩვენთვის. ბევრ სხვა რამესთან ერთად მიამბო ამბავი მამაცი მეზღვაურის ერნანდო მაგელანის შესახებ, რომელსაც ისე სჯეროდა საკუთარი იდეის, რომ ვერაფერმა შეაჩერა. შედეგად მისმა ექსპედიციამ, პირველმა შემოუარა დედამიწას ზღვით, ოღონდ თავად არ დასცალდა, რადგან სილაპულაპუს ტომელებმა შეჭამესო.

ამ ამბის დეტალების გადამოწმება ჩემს საყვარელ, გეოგრაფიის მასწავლებელ, ქალბატონ მარიკა ზვიადაძესთან გადავწყვიტე. სწორედ მისი ბიბლიოთეკის წინ მდგარს გადმომცა, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული, ნიკოლოზ ჩუკოვსკის, "ფრეგატების მატარებელი" (1987) - წიგნი, რომელიც ყველაზე ცნობილი მეზღვაურების შესახებ მოგვითხრობდა. სწორედ მასში ამოკითხულმა მიმაჯაჭვა სამუდამოდ თავგადასავლებთან დაკავშირებულ ამბებეთან, წიგნებთან, ფილმებთან და საინტერესო ცხოვრების სურვილთან.

გაბრიელ მარკესის "მარტოობის ასი წელი" ამ სიაში ალბათ ვერც მოხვდებოდა, ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, მნიშვნელოვანი აღმოჩენა რომ არ გამეკეთებინა: ხელოვნებამ, მით უმეტეს ტექსტმა, მეტაფორების, სიმბოლოებისა და ნიშნების გამოყენებით შეიძლება, ცხოვრებასთან დაკავშირებული საზრისები ისე გადმოსცეს, რომ თხრობით მონუსხული შენდაუნებურად ჩაწვდე სათქმელის არსს.

ტექსტის წაკითხვის სწორედ ამგვარმა მანერამ აღმომაჩენინა მრვალგზის ახლიდან, წიგნი რომელიც საკუთრივ ჩემი პროფესიის და ცხოვრების განუყოფელი ნაწილიცაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩუმათ შეძენილი "ბიბლია" სახლშიც გვქონდა, მასში გადმოცემულ ამბებს, ჩემი, იეჰოვას მოწმე მეზობლის წყალობით ვეზიარე. პატარა ყვითელყდიან ბროშურა "ბიბლიურ მოთხრობებში" ხატოვნად გადმოცემული ამბები, წარმტაცი გამოსახულებებით იყო გაფორმებული. ბალაამის მოლაპარაკე ვირი და იონას მშთანთქმელი ვეშაპი, ეხლაც თვალწინ მიდგას. სასულიერო სემინარიაში "წმინდა წერილი" სავალდებულო შესწავლის საგანს წარმოადგენდა და მხოლოდ ტექსტის ზედაპირულ ცოდნაზე ვიყავით ორიენტირებულები, რადგანაც ადამიანი რომელიც, ქართულენოვან ავტორთაგან ყველაზე კარგად გადმოსცემდა ამ წიგნის არსს, ჩვენი სივრციდან განტევებული იყო, კრიტიკული მოსაზრებების გამო. თუმცა, ჩემი მეგობარი (დრ. გ. ლომიძე) და მე, ჩუმად ვიპარებოდით კათოლიკე ეკლესიის თეოლოგიურ სასწავლებელში, რათა სწორედ ზურა კიკნაძის ლექციები მოგვესმინა ბიბლიის შესახებ. ის ისე ყვებოდა შესაქმისა თუ გამოსვლის ამბებს, რომ თავი თვითმხილველი გეგონებოდათ. სწორედ ასე მონუსხულებს გვიხსნიდა ტექსტის შექმნის ისტორიას, ფილოლოგიურ აგებულებას, სემანტიკას და ბოლოს იმდენ ღია კითხვას გვიტოვებდა, აგერ აქამდე რომ ვფიქრობ მათზე და ვინ იცის კიდევ რამდენხანს მომიწევს მათზე პასუხის ძიება. ეს წიგნი ჩემთვის ერთდროულად მეცნიერული შესწავლის ობიექტიცაა და შთაგონების წყაროც.

თუმცა, ჩემი სიის მეოთხე წიგნი, იმით დამამახსოვრდა, რომ სწორედ წინა აბზაცში აღწერილი განცდები დააყენა თავდაყირა, ხოლო სიკეთესა და ბოროტებაზე ახლებურად დამაფიქრა. ერეკლე ტატიშვილის მიერ გერმანულიდან თარგმნილ, ნიცშეს "ასე იტყოდა ზარატუსტრა"-ს ტექსტის აღქმაში, ძველ ქართულთან შეხების გამოცდილება ნამდვილად კი გამომადგა. ფილოსოფიური თხრობის ამ საოცარ ნაკადს, სწორედ სემინარიის დასრულებისა და მეამბოხეობის პერიოდის შემდეგ გავეცანი. ჩანთაში საგზალი ჩავაწყვეე, ავიღე წიგნი და ბუნებაში გავედი. საღამოს, როდესაც წიგნიც და მასთან დაკავშირებული განცდების გადატანაც დასრულებული იყო, მივხვდი რომ ჩემი სახით სახლში სხვა ადამიანი დაბრუნდა.



ჩამონათვალის ბოლო წარმომადგენელი კლასიკური გაგებით შეიძლება არც კი მივიჩნიოთ წიგნად, რადგან ის კონკრეტული ადამიანის "მოქალაქე მღვდლის დღიურებია". სასულიერო პირი, ნიკითა თალაკვაძის მოღვაწეობა, საქართველოს ისტორიის ყველა საინტერესო პერიოდს დაემთხვა, როდესაც ქვეყანა რუსეთის იმპერიისგან გათავისუფლებას და სოციალურ დემოკრატიად ფორმირებას ცდილობდა. ცვლილებები მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნითაც მიმდინარეობდა და ისინი სახარებისეულ პრინციპებთან დაახლოებას ისახავდა მიზნად. თუმცა, ეპოქის მოტანილი განსხვავებული შეხედულებები და განცდები თითოეულ ჩვენგანში წინააღმდეგობრივად აისახება, ამ პროცესისთვის თვალის დევნება კი ტექსტის დიდ მოცულობას ნამდვილად ახუნებს. წიგნის კითხვისას მახსენდებოდნენ ის სასულიერო პირები, რომლებმაც საქართველო ან საერთოდაც მღვდლობა დატოვეს, რადგან მათ გულწრფელად სურდათ ქრისტიან მსახურებად დარჩენა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მესხიშვილის თეატრში 12-დან 26 ივნისის ჩათვლით. ფესტივალი
თეატრალური იმერეთი 2024 გაიმართება. 
10:02 / 04.06.2024
ქუთაისის მესხიშვილის თეატრში 12-დან 26 ივნისის ჩათვლით. ფესტივალი თეატრალური იმერეთი 2024 გაიმართება. 
ქუთაისელი მუსიკოსი გიორგი არაბიძე 2024 წლის (მე-2 სეზონის)
ბრიტანეთისა და საფრანგეთის ,,კომპოზიციის საერთაშორისო კონკურსების
12:25 / 08.05.2024
ქუთაისელი მუსიკოსი გიორგი არაბიძე 2024 წლის (მე-2 სეზონის) ბრიტანეთისა და საფრანგეთის ,,კომპოზიციის საერთაშორისო კონკურსების" გამარჯვებულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.