კულტურა
დაშინებული მამები და შიშის მემკვიდრეები
FaceBook
ქუთაისში გამართულ ქართულ- რუსულ კინოკვირეულს "ჯარისკაცის მამის" სახლმა გაუკეთა ორგანიზება.
ფესტივალსაც საბჭოთა კინოს „მამების“ ელდარ რიაზანოვისა და რეზო ჩხეიძის სახელი მიენიჭა. კვირეულს რუსული და ქართული კინოს სხვა „მამებიც“ და „დედებიც“ ეწვივნენ. რომელთაგან ნაწილმა მხოლოდდამხოლოდ ჩამოსვლით დასდო პატივი კვირეულს, ნაწილი საკუთარი ფილმითაც ეწვია. მათ შორის ახალი ფილმით. უფრო მეტიც, ამ ფილმის პრემიერა საქართველოში სწორედ ქუთაისში განხორციელდა. თუმცა, მანამდე წარმოითქვა ბევრი სიტყვა კვირეულის სხვა მისიაზეც. ქართულ-რუსული ურთიერთობის დათბობაზე, ორი ქვეყნის ერთმანეთის მიმართ გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობასა და შეხების წერტილების ძიებაზე.

ქართული კინოს მამათა ნაწილს და მამების წარმომადგენლებს, ხალხს რომლებიც მათი სახელით მოქმედებდნენ, სურთ როგორმე გამოასწორონ გაფუჭებული ურთიერთობა რუსეთთან, რომელი უფსკრულიც, მათი რწმენით, მხოლოდ ამ ბოლო 25 წლის მანძილზე გაჩნდა.

მამათა წარმომადგენლებს ჯერათ 25 წლიანი სიშორის შერიგების ხიდებით დაკავშირების შესაძლებლობის და ამ საქმეში კულტურის დიდი იმედი აქვთ, რომელიც, ასევე მათი რწმენით, პოლიტიკაში არ ერევა და დიდი შემრიგებლური უნარებიც გააჩნია.

მამების წარმომადგენლები შერიგებას ცდილობენ დავიწყებით, თვალის არიდებით, ფაქტების ნაცვლად მითების თხზვით, ნეგატივში პოზიტივის დანახვის სასწაულებრივი უნარით. რომელი უნარიც დაბადა შიშმა, რომელსაც დიდი თვალებიც აქვს და მასშტაბიც იმდენად დიდი, რომ სიყვარულსაც შეიქმს. შიშნარევი სიყვარული კი პრობლემაა. პრობლემებით კი პრობლემა არ მოგვარდება. მოკლედ სევდიანი ამბავია.

ამ შიშის არსებობასა და საქმის გამოსწორების მცდელობაზე ბევრი ქართული საკულტო ფილმია. მათ შორის „ჯარიკაცის მამაც“, რომელის სახელითაც აღნიშნული კვირეული გაიმართა. ჯარისკაცის მამას - გიორგი მახარაშვილს თითქოს საკუთარი თაობის გაფუჭებული საქმის გამოსწორება უნდა. მან იცის რომ ომებსა და ძალადობაზე აგებულ სახელმწიფოში ცხოვრობს. უნდა ამისგან შვილი დაიცვას. თავად მიდის ომში და ცდილობს შვილს ჩაენაცვლოს, მაგრამ სისტემა რომელიც შეიქმნა არ იღებს სამაგიერო მსხვერპლებს. იგი მამების შეცდომებზე შვილებს აგებინებს პასუხს - კლავს გოდერძის და არა გიორგი მახარაშვილს.

საკულტოდ აღიარებული ფილმი სისტემის ძლიერებაზე მიუთითებს, რასთან ბრძოლაც მხოლოდ ასეთი მწარე მსხვერპლით სრულდება - შვილების დაღუპვით. ეს დასკვნა საბოლოოდ აშინებს მამებს და ბრძოლის სურვილს უკლავს.

ამ სისტემის გასამართლებას ცდილობს ქართული კინოს სხვა „მამა“ თენგიზ აბულაძე ასევე, საკულტოდ აღიარებული ფილმით "მონანიება". თუმცა, ამ მანქანას სათანადოდ ვერც ის უპირისპირდება. ისიც სისტემაზე მეტად ადამიანებს ასამართლებს. ანუ აქაც იმ გზით მიდის, რაც სისტემამ ასწავლა. დამნაშავე ტირანია, კონკრეტული ბოროტი ადამიანი. ის აფუჭებს საქმეს და მისი მოშორებით შესაძლებელია საქმის გამოსწორება. შესაბამისად, ფილმში არ ჩანს მიზეზები თუ რა აჩენს ამ ბოროტ ადამიანებს, თუმცა ჩანს ამ სისტემასთან კრიტიკულად შეხების შედეგი - მსხვერპლი არავიძეების უდანაშაულო შთამომავალი თორნიკე. აქაც მამების შეცდომებზე პასუხი შვილებმა, შვილიშვილებმა აგეს. სისტემის გასამართლებაც უდანაშაულო მსხვერპლით დასრულდა.

არ ისჯება, არ ნადგურდება დამნაშავე, ის ცოცხლობს. ცოცხლობს პოსტ-საბჭთა პერიოდში და სწორედ შვილებს კლავს სხვადასხვა ომებში. შვილები მიდიან და მამები რჩებიან. სისტემის, მისი თუნდაც ნარჩენების, მისი აჩრდილის ეს კანონზომიერება არ ანელებს შიშს შვილების გამო. ამიტომ დაშინებული საბრალო მამები ისევდაისევ შერიგება, ჩახუტება დათბობაზე საუბრობენ ამ სისტემის მშობელ დიდ რუსეთთან, ფილმებს იღებენ, კვირეულებს ატარებენ შერიგების სახელით.

"შერიგების" ამ კვირეულში მოხვდა ელდარ შენგელაიას ახალი ფილმიც "სავაძელი".

"სავაძელი" ელდარ შენგელაიას ბოლო ფილმია, რომელიც თითქმის ოცწლიანი პაუზის შემდეგ გადაიღო. თუკი "მონანიება" საბჭოთა რეჟიმს აჯამებდა, " სავარძელი" ბოლო ოც წელიწადის გარკვეულ ანალიზს აკეთებს და ამ პერიოდში მოქმედ ძალაუფლების ვნების გროტესკულ სურათს ქმნის. აჩვენებს იმას თუ როგორ ცვლის ერთი ხელისუფლება მეორეს, ოპოზიცია რას აღარ აკეთებს ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, თუმცა შემდეგ იმეორებს პირველის ცოდვეს და მათ შორის პრინციპული სხვაობა არ ჩნდება.

ფილმი თითქოს მსუბუქია, მაგრამ შიში აქაც ჩანს. თუმცა ეს უკვე რეალობის შიშია - სინამდვილის არასახვა, ამ მძიმედ გადასამუშავებელი მოცემულობის მიუღებლობა.რომელიც კვლავ და კვლავ იმ ძალადობრივმა სისტემამ შვა. თუმცა  ეს ნეგატივი ოცი წლის შემდეგ, რომელიც გენიალურად აისახა ქართულ პოეზიაში ჯერჯერობით ფრაგმენტულად და ზედაპირულად წარმოჩინდა კინოში. კინო არ ყვება საკუთარ შიშებზე და ხან გროტესკს, ხან მელოდრამას ეფარება.

ელდარ შენგელაია კი ისევ იგავების სამყაროში რჩება, დაფრინავს სავარძლით, სამყაროს ზემოდან უყურებს, საკუთარ და სხვის ფილმებს  „იმალება“, ამიტომ ფილმი სავსეა ქართული კინოდან ილუზიებით, ციტატებით, ასოციაციებით, გადაძახილებით საკულტო სურათებთან.

ფილმში მრავლად ჩნდება ქართული კინოს მამებიც, დიდი მსახიობები, ფრაგმენტები მათი ფილმებიდან, მათ იქამდე ტიტრებშიც მოიხსენიებენ როგორც მონაწილეებს. რეჟისორი პატივისცემას გამოხატავს მათ მიმართ და  ბრალს არაფერში დებს.

რეჟისორი ქართული კინოს გარკვეულ შეჯამებასაც,  "ერთად თავმოყრას" ახდენს. იმ ქართული კინოს, რომელსაც ხშირად დაშინებული მამები ქმნიდნენ. ეს შიში გადმოყვა მათი სახელით მოლაპარაკეებსაც. ისინი სწორედ ამ შიშზე მიუთითებენ რუსეთთან, ანუ ძალადობრივ სისტემასთან მუდმივად დათბობა-დალაგებაზე საუბრით.შიში მემკვიდრეობით გადაეცემა და შთამომავლობამ უარი უნდა თქვან ასეთ მემკვიდრეობაზე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”,
პრეზენტაცია გაიმართება.
11:12 / 09.03.2024
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”, პრეზენტაცია გაიმართება.
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ
კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართება. 
15:27 / 14.02.2024
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.