კულტურა
5 წიგნი და ფილმი, რომლებიც გავლენას ახდენენ - თამთა თურმანიძე
FaceBook
ადამიანებზე გავლენებს ბევრი რამ ახდენს, მათ შორის წიგნები და ფილმები.

რომელმა ტექსტმა და სურათმა მოახდინა გავლენა ცნობილ და საინტერესო ადამიანებზე?

გთავაზობთ რუბრიკას "5 ფილმი და წიგნი, რომლებიც გავლენას ახდენენ"...

რუბრიკის დღევანდელი სტუმარია კინომცოდნე თამთა თურმანიძე.

საყვარელი წიგნების და ხუთეულის ჩამოთვლა ძალიან ძნელია. ან როგორ უნდა ჩაატიო ხუთეულში მთელი შენი სამყარო. ამიტომაც მხოლოდ ემოციურ მახსოვრობას მივენდე;

1. თ. დოსტოევსკი "ძმები კარამაზოვები" - იმიტომ, რომ იქ ყველაფერია რაც აქამდე ადარდებდა და მომავალშიც მნიშვნელოვანი იქნება კაცობრიობისთვის. მაგრამ, განსაკუთრებით თავისთვის "ლეგენდა დიდ ინკვიზიტორზე".

P.S. წიგნს ბათუმის პლაჟზე ვკითხულობდი, რაც ცოტა მეუხერხულებოდა წიგნის შინაარსისა და გარემოს შეუსაბამობის გამო, ამიტომ გაზეთის საკანავში ვმალავდი.

2. გ. გარსია მარკესი "მარტოობის 100 წელი" - ეს წიგნი 14 წლის ასაკში ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და იქვე აღმოვჩნდი ჭაობების ნესტიანი ჰაერით გაჯერებული მაკონდოს ტყვეობაში, 33 აჯანყება წამოწყებული აურელიანოების, ეზოში ხეზე მიბმული ხოსე არკადიოებისა და ცად ამაღლებული მშვენიერი რემედიოსების არეულ სამყაროში.

3. ო. ჭილაძე "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა" - ალბათ სიმბოლურია, რომ მარკესის შემდეგ ჭილაძის ეს რომანი დავწერე, რადგან მათ შორის ხშირად ავლებენ პარალელს. მაგრამ, როგორც კი პირველი წინადადება წავიკითხე, რომ ეს ამბავი და მასთან ერთად ოქროს საწმისის მითი მაშინ დაიწყო, როდესაც ზღვამ პირველად უკან დაიხია და გავაცნობიერე, რომ არგონავტების ყველასთვის კარგად ნაცნობი ისტორია სრულიად სხვა კუთხით შეიძლება ყოფილიყო წარმოჩენილი, იქვე დავტყვევდი.

4. იასუნარი კავაბატა "მთის ოხვრა" - მიყვარს ადამიანის ყოფის ყველაზე პროზაული მომენტებისადმიც კი საოცრად ფაქიზი დამოკიდებულებისათვის. ზოგადად იაპონური კულტურა მიყვარს ამის გამო. დიდხანს ვყოყმანობდი, მაგრამ მაინც კავაბატა ვარჩიე აკუტაგავას.

5. ი. ბუნინი "Темные аллеи" ("ბნელი ხეივნები") - სათაური რუსულად შემთხვევით არ დამიწერია, რადგან ქართული თარგმანის სიზუსტეში დარწმუნებული არა ვარ. თუკი შეიძლება სიყვარულის შეგრძნების ან ვნების განცდის ლიტერატურული ვიზუალიზაცია არსებობდეს ჩემთვის, ეს ბუნინის მოთხრობათა ციკლია. არც კი ვიცი რამდენჯერ მაქვს გადაკითხული. ხშირად მომნატრებია რომნელიმე მოთხრობის რაიმე კონკრეტული მონაკვეთი და ხელახლა გადამიკითხავს.

ხუთი ფილმის არჩევა კი კიდევ უფრო ძნელი აღმოჩნდა:

1. ფ. ფელინი "გზა" - ფელინის ჯელსომინა რაღაცით დოსტოევსკის მიშკინს გავს - არაამქვეყნიური, განყენებული და არაადამიანურად კეთილი. ამიტომაც მიყვარს და ჩემი სიის სათავეშია.

2. კ. კიშლოვსკი "მოკლე ფილმი სიყვარულზე" – შეუძლებელია ამ ფილმს უყურო და საკუთარი თავის მთავარ გმირთან იდენტიფიკაცია არ განიცადო.

3. ვონგ კარ ვაი "სასიყვარულო განწყობა" - ეს ფილმი პირველად 2001 წელს თეატრალურ სარდაფში ვნახე. უკიდურეს სივიწროვეში იატაკზე მჯდომმა ვუყურე, უხარისხო პროექტორითა და გადღაბნილი გამოსახულებით...მაგრამ ამანაც კი ვერ შემიშალა ხელი ამ დროში განგრძობილი სასიყვარულო განწყობის ძალა მეგრძნო.


4. ო. იოსელიანი "იყო შაშვი მგალობელი" - ასე მგონია ჩემზე და ქართველთა უმეტესობაზეა, ვინც საკუთარ თავსა და ცხოვრებას წვრილმან ყოველდღიურობასა და მრავალრიცხოვანი მეგობრების, ნათესავებისა თუ ნაცნობების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაზე ხარჯავს, ისე რომ ვერასოდეს იცლის საკუთარი თავისთვის.

5. ა. ტარკოვსკი "ანდრეი რუბლიოვი" - უბრალოდ დიდი ფილოსოფიური ტრაქტატი ხელოვანისა და სამყაროს ურთიერმიმართებაზე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”,
პრეზენტაცია გაიმართება.
11:12 / 09.03.2024
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”, პრეზენტაცია გაიმართება.
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ
კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართება. 
15:27 / 14.02.2024
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.