კულტურა
სტრიტ-არტი ქუთაისში კრიტიკით და მოწონებით (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში,  ბოლო ორი წლის მანძილზე სტრიტ-არტის ბევრი ნიმუში შეიქმნა. ამ ხნის მანძილზე ქალაქის ცენტრშიც და გარეუბნებშიც პროფესიონალებმა თუ მოყვარულებმა სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის ნახატები შექმნეს.
დაიხატა როგორც კლასიკური არტ სტრიტისთვის ნიშნეული გრაფიტები, ასევე არა სპრეით, არამედ საღებავებით შესრულებული ნახატები. ამ ნახატებმა სხვადასხვა დამოკიდებულებები წარმოშვა. გააჩინა როგორც კრიტიკოსები, ასევე მომწონებლები. თუმცა ისეც მოხდა, რომ ნახატმა ქუჩას სახელი შეუცვალა და მაგალითად, ოფიციალური ლომონოსოვის ქუჩის ნაცვლად, არაოფიციალურად „ჯაზის ქუჩა“ ეწოდა (პროექტის იდეის ავტორი ლევან ბიბილეიშვილი, მხატვარი ლია უკლება).



ქუჩის სახელწოდებებზე ცვლილება არ მოუხდენია სხვა ნახატებს , თუმცა გარკვეული ფონის ფუნქცია იკისრეს. მაგალითად, სელფებისთვის. ამ ნახატებმა შექმნეს სადისკუსიო სივრცე, თუმცა არა იმდენად ნახატის შესრულების ტექნიკის ან მისი კონცეფციის გარშემო, არამედ ადგილსა და სივრცეზე, სადაც ეს გრაფიტი დაიხატა. ნახატის ზოილთა აზრით, მონ პლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორია, ქუთაისის ისტორიული ადგილი, შეუფერებელია გოგონას გრაფიტისთვის.



"თავისთავად ნახატი მშვენიერია, თოჯინების თეატრია ახლო- მახლო და შეიძლება ეს ამით გაამართლო. თუმცა, ეს მაინც საქმისადმი დაუდევარ მიდგომას გავს. ეს საკითხი უკეთესად უნდა შესწსვლილიყო", - მიაჩნია ქუთაისის (იმერეთის) მხატვართა კავშირის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარეს ვალერი მეძმარიაშვილს.

მხატვართა კავშირში მიაჩნიათ, რომ სასურველია ცენტრალური და ისტორიული ადგილების კედლის მხატვრობას პროფესიონალებიდან დაკომპლექტებული კომისია იხილავდეს, ან კონკრუსი გამოცხადდეს. სადაც კომპეტენტური ჟიური შეარჩევს საუკეთესოს.
"ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ საქმეს არასერიოზულად ეკიდებიან. ან პროფესიონალები არ არიან. საბჭოთა პერიოდშიც იხატებოდა კედლები, შეიძლება საკამათო იყოს მათი იდეა, თუმცა ქალაქი ამ ნახატებს არ დაუმახინჯებია", - ამბობს ვალერი მეძმარიაშვილი.
მხატვრები განსაკუთრებულ მძიმე შეფასებას რუსთაველის ხიდის მიმდებარედ არსებული კედლზე დატანილ ნახატს უკეთებენ.

"დაღამდა გათენდა და დილით დაგვხვდა ეს ნახატი,სადაც ყველა კანონი დარღვეულია. არ შეიძლება ასე, ვიღაცას მაინც უნდა კითხონ, როდესაც ასეთ რამეს აკეთებენ", - მიაჩნია მხატვართა კავშირის თავმჯდომარეს.
მხატვართა კავშირში აცხადებენ, რომ სურვული აქვთ ერთი კედელი ნიმუშისთვის მაინც მოხატონ, რომ დაანახონ ქალაქს როგორ აკეთებენ საქმეს პროფესიონალი მხატვრები.

ქუთისის მერიაში ამბობენ, რომ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებს მხარდაჭერა ექნება. "გასულ წლებში მოვიწონეთ რამდენიმე პროექტი ქუჩის მხატვრობაზე. წავახალისეთ მათი ავტორები. ახლა არტისტები უნდა გააქტიურდნენ. თუმცა, ჯერჯერობით რაიმე განსაკუთრებით საინტერესო პროექტი არ შემოსულა", - ამბობს მერიის კულტურის სამსახურის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი მირანდა კუპრავა.

მირანდა კუპრავა სტრიტ არტის მთავარ არსეზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ ქუჩის მხატვრობის მიზანი მაინც პროტესტია.

პროტესტი კი ძირითადად სწორედ სახელმწიფოს მისამართით არსებობს. შესაბამისად,  ქუჩის მხატვრები ხელისუფლებიდან მხარდაჭერას ნაკლებად უნდა ელოდნენ და დამოუკიდებლად განახორციელონ ნახატები პოლიტიკური, სოციალური მესიჯებით , ან მხოლოდ დეკორატიული გრაფიტებით.

ფემინისტური შინაარსის მესიჯებს აჟღერებს მხატვარ ლია უკლებას კედლის მხატვრობა. მას ამ შინაარსის ნახატები ქუთაისის გარდა, კიდევ რამოდენიმე მუნიციპალიტეტში აქვს განხორციელებული.



"ქუჩის მხატვრობა ძირითადად პოლიტიკური ან სოციალური მესიჯების გაჟღერების საშუალებაა. მკვეთრი, ადვილად გასაგები სიუჟეტებით და სლოგანებით. თუმცა ხშირად მხოლოდ დეკორატიულ ხასიათსაც ატარებს. მე უფრო პირველი დანიშნულებით ვიყენებ. ქუთაისი დიდად განებივრებული არ არის ამ მიმდინარეობით დაინტერესებული მხატვრებით, თუმცა ბოლო დროს გამოჩნდა ბევრი კარგი ნამუშევარი, ძირითადად გარეუბნებში, სადაც მათი ადგილიც არის რეალურად. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ეს ნამუშევრები სკოლის მოსწავლეების მიერ არის შესრულებული", - ამბობს ლია უკლება.



ქუთაისის გარეუბნებში ბევრი გრაფიტის აღმოჩენა შეიძლება. მათი ავტორები ანონიმებად დარჩენას არჩევენ. თუმცა ცდილობენ სტრიტ არტის  ჟანრს ფეხი აუწყონ, თუმცა ბოლო ათწლეული დიდ მრავალფეროვნებას სთავაზობს არტისტებს. ისე როგორც სხვაგან სტრიტ არტშიც პოსტმოდერნმა არია დავთრები და მოშალა საზღვრები. ეს მრავალფეროვნება მეტნაკლებად ქუთაისის ურბანულ სივრცეშიც აისახება

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”,
პრეზენტაცია გაიმართება.
11:12 / 09.03.2024
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”, პრეზენტაცია გაიმართება.
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ
კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართება. 
15:27 / 14.02.2024
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.