კულტურა
კითხვის ვნება - რას კითხულობენ მოზარდები?
FaceBook
საქართველოში წლების განმავლობაში მოზარდების წიგნიერების დაბალ დონეზე მიუთითებდნენ.


ეს მოსაზრება ვრცელდებოდა როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლების მხრიდან, ასევე გარკვეული კვლევებითაც დასტურდებოდა.

სამაგიეროდ, სადღეისოდ განსხვავებულ ინფორმაციას იძლევა მაგალითად, წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი". "ბიბლუსის" წარმომადგენლების ინფორმაციით, ქუთაისში ყველაზე მეტი მოთხოვნა სწორედ საბავშვო ლიტერატურაზეა. ხოლო მოზარდების მხრიდან შეძენის სიხშირით გამოირჩევა რამოდენიმე წიგნი.

ბოლო პერიოდის ყველაზე პოპულარულ ავტორად ქუთაისელ მოზარდებში ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი სახელდება. პოპულარულ ნაწარმოებად კი მისი რომანების სერიიდან, "ყინულისა და ცეცხლის სიმღერა", მეორე პოპულარულ წიგნად "მეფეთა ჯახი" მიიჩნევა. პოპულარულ ავტორად ითვლება ჯ.რ.რ. ტოლკიენიც, მისი ტრილოგია "ბეჭდების მბრძანებელი" თინეიჯერების მხრიდან მოთხოვნად ლიტერატურათა სიაშია.

წიგნის რეალიზატორების ინფორმაციით ბოლო თვეებში განახლდა ინტერესი "ჰარი პოტერის" მიმართ. მაშინ როდესაც შარშან სხვა ფავორიტები იკვეთებოდნენ. მაგალითად, პოპულარული გახლდათ ე.ლ. ჯეიმზის "გრეის 50 ელფერი", ასევე ჯეიმს დაშნერის "ლაბირითში მორბენალი" და "ცეცხლით გამოცდა".

ფენტეზის ჟანრი ლიდერობს უფროსი თაობის მკითხველებშიც. როგორც წიგნის მაღაზიებში აღნიშნავენ, გამოცემა სახელწოდებით "ფანტასტიკური ბიბლიოთეკა", რომელიც ფენტეზის ჟანრის ლიტერატურას აერთიანებს, განსაკუთრებული ინტერესის ქვეშ მოექცა ყველა ასაკის მკითხველში. ფენტეზი, რომელიც აქამდე მხოლოდ აზიაში ითვლებოდა ასე ვთქვთ „სერიოზულ ჟანრად“. დასავლეთში ძირითადად თინეიჯერებში სარგებლობდა პოპულარობით, სადღეისოდ მკითხველთა სპექტრს ყოველდღიურად აფართოებს და ყველა თაობას იკრებს.

სამაგიეროდ, მოთხოვნა ნაკლებად ვრცელდება ქართველი საბავშვო ავტორების წიგნებზე. მიუხედავად წიგნის მაღაზიებში საბავშვო ლიტერატურის მიმართ ინტერესისა.

"თანამედროვე საბავშვო წიგნებს არ ვიცნობ, თუ ვასილ გულეურის ლექსების კრებულებს არ ჩავთვლით. ამ ლექსებს ლიტერატურულ ფორუმზე ვკითხულობდი ხოლმე. ბავშვობაში სერგო კლდიაშვილის "ლახუნდარელის თავგადასავალი" და არჩილ სულაკაურის "სალამურა" მიყვარდა, ადგილები ზეპირადაც კი ვიცოდი. თანამედროვე ქართული ლიტერატურიდან მსგავსი არაფერი მახსენდება, სამწუხაროდ!" - აღნიშნავს მწერალი და მთარგმნელი ირმა ტაველიძე.

თუმცა, თავად ცნებას "საბავშვო ლიტერატურა" მწერალი პირობითად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ კარგმა ლიტერატურამ ნებისმიერი ასაკის მკითხველი შეიძლება მიიზიდოს. "რაც კარგია, იმას ერთნაირი ინტერესით კითხულობ ყველა ასაკში", - ამბობს ირმა ტაველიძე.

მოზარდებში წიგნებისა და კითხვის მიმართ ინტერესის არსებობას აჩვენებს გადაცემა "წიგნის თაროც". გადაცემის წამყვანი, მწერალი ალექსანდრე ლორთქიფანიძე აღნიშნავს, რომ მოზარდებში კითხვის ტენდენცია ძალიან აქტიურია, თუმცა შეინიშნება გარკვეული დაბნეულობა, სადაც დამაბნევლის როლში შესაძლებელია უფროსი თაობა გამოდიოდეს.

"ერთი მხრივ ბავშვები კარგად იცნობენ კლასიკურ ლიტერატურას, რაც ოჯახური და საერთო ტრადიციიდან მომდინარეობს ალბათ, ასეთი ლიტერატურა ხომ თითქმის ყველა ოჯახშია და უფროსებს წაუკითხავთ, შესაბამისად ურჩევენ კიდეც შვილებსა და შვილიშვილებს კლასიკოსების წაკითხვას, თუმცა მეორე მხრივ, თვითონ ბავშვები თანამედროვე ლიტერატურას მეტად ირჩევენ, თანამედროვე ბესტსელერებსა და მეოცე საუკუნის საკმაოდ რთულ ავტორებსაც კი. ხშირად ბავშვებს ეტყობათ, რომ ცოტა დაბნეულები არიან, რადგან უფროსებისგან ასეთი ლიტერატურა მდარე ხარისხის საკითხავადაა მოხსენიებული, არადა რა ქნან, მათ ხომ მოსწონთ", - არნიშნავს ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

ბევრი რამ დამოკიდებულია სწორედ მოწონებაზე, რაც კარგმა წიგნმა უნდა გააჩინოს, მიაჩნიათ ლიტერატურის მოყვარულებს. მაგრამ, როგორია კარგი წიგნი? - კითხვას სვამს ირმა ტაველიძე და თავადვე პასუხობს.

"... ალბათ ისეთი, რომელსაც ვერ წყდები და რომლის დამთავრებისთანავე თავიდან წაკითხვა გინდება. წარმოუდგენელი სიამოვნებაა, როცა კითხულობ და წიგნში საკუთარ თავს ხედავ, შეცვლილი სახელით, შეცვლილი გვარით; ხვდები, რომ ეს შენი ამბავია და სადღაც, სარკისმიღმეთში მოხვდი. მწერლობას ეს შეუძლია - სხვა სინამდვილეში ამოგაყოფინოს თავი... რა სჯობს აღმოჩენის სიხარულს! ერთადერთი რჩევა: არ დააძალო! არაფერი დაშავდება, თუ ბავშვი იმ წიგნის კითხვას შეწყვეტს, რომელიც არ მოსწონს... კითხვა მოსაწყენ მოვალეობად, თავსმოხვეულ აუცილებლობად არ უნდა იქცეს. როცა ბავშვი აღმოაჩენს, რომ ეს დიდი სიამოვნების წყაროა, თვითონვე დაიწყებს საყვარელი წიგნის მსგავსი წიგნების ძებნას ", - აღნიშნავს ირმა ტაველიძე.

ის ფაქტი, რომ წიგნის კითხვა სიამოვნებაა, მნიშვნელოვან აღმოჩენად შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის ცხოვრებაში. კითხვის მოწონება კი ადრე თუ გვიან თავად აპოვნინებს მოზარდს ნამდვილ ლიტერატურას, მიაჩნიათ მწერლებს.

"ბავშვებმა ის უნდა იკითხონ რისი სურვილიც აქვთ, რაც მოსწონთ და თავადვე იპოვიან გზას კლასიკამდე მისასვლელადაც და ანტიკურ ლიტერატურამდე მისაღწევადაც… თამამად შემიძლია ვთქვა წიგნი და წიგნიერი ადამიანი უფრო მეტად შემოდის მოდაში და მჯერა ამას ყველაზე მეტად სწორედ ეს თაობა შეუწყობს ხელს", - აღნიშნავს ალექსანდრე ლორთქიფანიძე

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მესხიშვილის თეატრში 12-დან 26 ივნისის ჩათვლით. ფესტივალი
თეატრალური იმერეთი 2024 გაიმართება. 
10:02 / 04.06.2024
ქუთაისის მესხიშვილის თეატრში 12-დან 26 ივნისის ჩათვლით. ფესტივალი თეატრალური იმერეთი 2024 გაიმართება. 
ქუთაისელი მუსიკოსი გიორგი არაბიძე 2024 წლის (მე-2 სეზონის)
ბრიტანეთისა და საფრანგეთის ,,კომპოზიციის საერთაშორისო კონკურსების
12:25 / 08.05.2024
ქუთაისელი მუსიკოსი გიორგი არაბიძე 2024 წლის (მე-2 სეზონის) ბრიტანეთისა და საფრანგეთის ,,კომპოზიციის საერთაშორისო კონკურსების" გამარჯვებულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.