კულტურა
„სტუმარი“ - შეხვედრა საკუთარ თავთან
FaceBook
ჩვენ არა ვართ ბატონ-პატრონები საკუთარ სახლში, ამბობდა ზიგმუნდ ფროიდი.

ფროიდისეული "სახლი" ჩვენი ფსიქიკაა. ამ სახლის უდიდეს ნაწილს არაცნობიერი იკავებს. იგია ჩვენი ფსიქიკური ცხოვრების განმსაზღვრელი და ბევრად აღმატებული ცნობიერზე.

სხავნაირად რომ ვთქვათ, ჩვენ, ყველანი სტუმრები ვართ, სტუმრები საკუთარ ფსიქიკაში, უცხონი საკუთარ სახლში.
რეჟისორ ლევან ბიბილეიშვილის (ერიკ ემანუელ შმიტის პიესის მიხედვით დადგმულ) სპექტაკლში "სტუმარი" ბევრ სტუმარს ვხედავთ - უსიამოვნოს, უჩვეულოს, თუ მოულოდნელს.

სპექტაკლში მოქმედება 1938 წლის გაზაფხულზე ხდება, ჰიტლერის მიერ დაპყრობილ ავსტრიაში, ზიგმუნდ ფროიდის ბინაში. სახლში სადაც ყველა სტუმარია, მათ შორის თავად ფროიდიც.
ფროიდი უცხოა თავის სამშობლოშიც, მისი ადგილი არ არის ამ სისტემაში, ამ მმართველობასა და იდეოლოგიაში. იგი ტყვეა ბინაში, რომელსაც დროდადრო გესტაპოს წარმომადგენელი სტუმრობს.
აპატიმრებენ მეცნიერის ქალიშვილ, ანას.

სპექტაკლში მაყურებელი სასოწარკვეთის ბოლო ზღვარზე მყოფ ფროიდს ეცნობა. ისეთს, როგორიც არასდროს "უნახავს".
სპექტაკლში დაუპატიჟებელი "სტუმრები" განუწყვეტლივ იჭრებიან ფანჯრებიდან ხმების სახით. მესამე რაიხი თავს მრავალნაირი ფორმით ახსენებს მეცნიერს - ქუჩებში მარშისებრი სვლით თუ ასეთივე მწყობრი და სისტემური თავდასხმებით, დარბევებით და დაპატიმრებით ებრაელების თუ სხვა, მისთვის არასასურველი მოქალაქეების.

სწორედ ამ ხმაურში და ამდენ მიმოსვლაში, ლევან ბიბილეიშვილი და მსახიობი სულხან გოგოლაშვილი გვიჩვენებენ ზიგმუნდ ფროიდის სრულ მარტოობას. ფროიდი იგივე მეფე ლირია. რომელიც რეჟიმმა სამყაროს ფსკერზე მოისროლა.
იგი თითქოს სადღაც სიბნელეში, ცხოვრების კიბის ბოლო საფეხურზე დგას, იქ სადაც ანგელოზები და დემონები ცხოვრობენ. სადაც აზრს კარგავს ყველა რელიგია და მოძღვრება, ყველა სისტემა და თეორია. სამყაროს თუ ფსიქიკის ამ შრეებში ისე ბნელა, რომ ფროიდიც ხელისცეცებით დადის. აქ მხოლოდ კითხვები იბადება პასუხები კი სიტყვებია, სიტყვები, სიტყვები...

სწორედ აქ ეწვევა მისი უჩვეულო და ყველაზე მთავარი სტუმარი ფროიდს. გაურკვეველი სტატუსის არსება ეშმაკიც და ანგელოზიც, ადამიანიც და ღმერთიც, ავანტიურისტიც და ყველაზე მართალი კაციც ერთდროულად. ფროიდს საკუთარი შიშები და პასუხგაუცემელი კითხვები ეცხადება ხორცშესხმული სახით.

ამ დიალოგში ფროიდი იქცევა ბრალმდებლად "ღმერთის" მიმართ იმ სისასტიკეების და იმედგაცრუების გამო, რომელთაც ადამიანები გადააწყდნენ იმ რთულ ეპოქაში " ცხოვრება მშვენიერი იქნებოდა თავიდანვე ერთი უზარმაზარი ტყუილი რომ არ იყოს", - ეუბნება სტუმარს ფროიდი.

მეცნიერი "ღმერთს" ბრალს დებს ბოროტებაშიც.
"ბოროტება მოცემული პირობის დარღვევაა"

"და სხვა რა არის სიკვდილი თუ არა სიცოცხლისთვის მიცემული პირობის დარღვევა?!"
" ბოროტება ჰარმონიის დარღვევაცაა და ბოროტებაა ადამიანის გონების სივიწროვეც, რომელშიც ისევ და ისევ ღმერთია დამნაშავე" , - ამბობს სპექტაკლში ფროიდი.
სპექტაკლი "სტუმარი" მხოლოდ ეჭვებისა და კითხვების ადგილია. აქ არ მოგანიჭებენ სიმშვიდეს.

სცენაზე დრამა თამაშდება, რომელსაც ავტორები მაქსიმალური თავშეკავებულობით აჩვენებენ. ყველაფერი შიგნით, სიღრმეში გადადის, შინაგან დრამატიზმს იძენს და კიდევ უფრო სიმძაფრით და დამაჯერებლობით აჩენს სათქმელს. სათქმელის წარმოჩენას დიდი თეატრალური კულტურა ჭირდება, რომელიც ავტორებს უდაოდ გააჩნიათ.

ლევან ბიბილეიშვილი მის სადებიუტო სვლას თეატრში ყველაზე ფუნდამენტურ და მნიშვნელოვან საკითხებზე, უფრო ზუსტად კითხვებზე, აგებული სპექტაკლით იწყებს. სადაც მთავარი გმირი კონკრეტული, ისტორიული პირია.
ზოგადად კონკრეტულობა , რეალურობა, ნამდვილობა, ყველაზე მისტიკურ ნაწილშიც კი, ბიბილეიშვილის არჩევანია. გარემო, საუბარი, ეპოქა, თავად ღმერთიც, რომელიც ადამიანის ენით საუბრობს "რეალურია". აქ ყველანი მიწაზე ვრჩებით - პერსონაჟებიც და მაყურებელიც. აქ ვეძებთ გამოსავალს, ამ ხორკლიან, მძიმე, არასრულყოფილ მასაში დედამიწა რომ ქვია. სასტიკ პლანეტაზე, რომელიც დროდადრო ლმობიერია.

ფროიდი ვერ იღებს "ღმერთიდან" კითხვებზე პასუხებს, მაგრამ იგი იღებს მის ქალიშვილს. გესტაპო ათავისუფლებს ანას.
მაყურებელიც ვერ იღებს პასუხებს, იგი კითხვებით დახუნძლული ტოვებს დარბაზს.

გაიცანით, ეს ცხოვრებაა, ასეთი მძიმე, ხორკლიანი და პასუხგაუცემელი. იგი ასეთია ლევან ბიბილეიშვილის სპექტაკლშიც, სადაც არ გატყუებენ. სამაგიეროდ, სტუმრის ამპლუაში გიწყობენ შეხვედრას, შეხვედრას საკუთარ სახლში, საკუთარ თავთან.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მესხიშვილის თეატრში 12-დან 26 ივნისის ჩათვლით. ფესტივალი
თეატრალური იმერეთი 2024 გაიმართება. 
10:02 / 04.06.2024
ქუთაისის მესხიშვილის თეატრში 12-დან 26 ივნისის ჩათვლით. ფესტივალი თეატრალური იმერეთი 2024 გაიმართება. 
ქუთაისელი მუსიკოსი გიორგი არაბიძე 2024 წლის (მე-2 სეზონის)
ბრიტანეთისა და საფრანგეთის ,,კომპოზიციის საერთაშორისო კონკურსების
12:25 / 08.05.2024
ქუთაისელი მუსიკოსი გიორგი არაბიძე 2024 წლის (მე-2 სეზონის) ბრიტანეთისა და საფრანგეთის ,,კომპოზიციის საერთაშორისო კონკურსების" გამარჯვებულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.