კულტურა
სიყვარული შერეკილებით და შერეკილების გარეშე ქართულ კინოში
FaceBook
ქართულ კინოში სიყვარულისთვის ყოველთვის არ სცალიათ.

მოცალეობის ჟამი პერიოდულად ჩნდება. თანაც რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს ყველაზე მძიმე პერიოდებში. როგორც წესი, ავტორიტარული რეჟიმების დროს.
ჟამიანობის ხანაში სიყვარული ყველაზე დაუმარცხებელი, მორალური და სუფთაა. რაც უფრო ძლიერია ავტორიტარი, მით უფრო "ამაღლებულია" სიყვარული კინოში. როგორც ქვეყანაში ისე სიყვარულში ერთმმართველობაა, ბრძანებლობს მონოგამია და ისჯება ყველა პოლიგამი.

არადა კინოს ისტორია უიღბლო სიყვარულით დაიწყო. პირველი ქართული მხატვრული ფილმი "ქრისტინე"(1916 წელი) სიყვარულის დრამატულ ამბავს ყვება. უბედური ქრისტინე მოატყუეს და მიატოვეს. უიღბლობა და სასიყვარულო ურთიერთობის ტრაგიკული ფინალი (ძირითადად ქალისთვის უიღბლო) ტრენდი გახდა გასული საუკუნის 10-20- იანი წლების ქართულ კინოში.

იღბალი შეყვარებულ წყვილებთან საბჭოთა ბელადებთან ერთად მოვიდა ქართულ საბჭოთა კინოში და ათწლეულები გაგრძელდა. კადრს მიღმა ციოდა და ბნელოდა. სამაგიეროდ, ჭარბად და გადაჭარბებულად იყო სინათლე კინოში. თუმცა, ეროსი აქაც შერჩევით სამართალს ამკვიდრებდა და მხოლოდ ყველაზე მორალურად მტკიცე, გამგონე და მორჩილ საბჭოთა ადამიანებს სწყალობდა.

რეჟიმი სიყვარულით ფარავდა დიდ ტერორს და დიდ დიქტატორებს რაც მეტად რთული გახლდათ ისტორიული დეკადა, მით უფრო დიდი იყო სიყვარული. ამ პერიოდების ფილმებია ქეთო და კოტე (1947). ბედნიერი შეხვედრა (1949), ჭირვეული მეზობლები (1945 წელი ), დიადი განთიადი.

ნათელი და უღრუბლო სიყვარულის ისტორიები გაგრძელდა ხრუშოვის, იგივე "ოტეპელის" ხანაში. ფილმები "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან" (1954), "დღე უკანასკნელი დღე პირველი". "კეთილი ადამიანები" (1961) სუფთა საქმისა და პარტნიორის ერთგულ გმირებზე გვიამბობდა. უფრო მეტიც, 9 მარტს შეიძლებოდა ახალგაზრდები დაეხვრიტათ ქუჩაში. თუმცა, კინოში "ყვავილი თოვლზე" (1959 წელს), "თოჯინები იცინიანს" (1959 წელი) გადაიღებდნენ. სასტიკი რეალობა დაუჯერებელ და ფანტასტიკურ გამონაგონს უნდა გადაეფარა. თუმცა, რეალობამ მაინც გამოჟონა და ამ ეპოქაშივე ჩნდება სიყვარულში ეჭვები. მორალური ადამიანები უკვე არ ჯილდოვდებიან სიყვარულით (სხვისი შვილები 1958 წელი), გიორგობისთვე (1966).

სიყვარულის სრული მანიფესტი წარმოადგინა გაბრიაძე-შენგელაიას "შერეკილებმა". ფილმმა განსაზღვრა სიყვარულის ფორმულა, დაადგინა თეორემა ვერტიკალურ და მბრუნავ გრძნობაზე. ეროსით გაჟღინთა ყველა დისციპლინა, ფილმის ყველა პერსონაჟი და მთელი კინორეალობა. ამ სივრცეში სრულიად ბუნებრივი გამოჩნდა გმირების ლევიტაციის უნარები და ცათმფრენით მოგზაურობა ყალბი საბჭოთა რეალობის თავზე.

სიყვარული რომ ყველას უნდა, უკვე საბჭოთა საქართველოშიც, ამის შესახებ გიორგი შენგელაიამაც აცნობა მაყურებელს. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა მოქალაქეები პირად გრძნობებს უნდა გაუმკლავდნენ, ფილმი დაუმორჩილებლობას უცხადებს იდეოლოგიით თუ ტრადიციით ბოძებულ სიყვარულის ამ ჩარჩოებს და თავის წესებს ადგენს.

სიყვარულის ეს სვლა წყდება 80- 90 წლებში, სიყვარული ქრება კინოსივრციდან, ყოველ შემთხვევაში პლატონური სიყვარული, და იგი ადგილს უთმობს ცუდად გადაღებულ ეროვნულ ეროტიკას (სიყვარული ვენახში).

სიყვარულთან ერთად ქართული კინოც ქრება კულტურული სივრციდან, ზოგიერთ ქალაქში -კინოთეატრიც.
ორიათასიანების დასაწყისში ქართული კინო ბრუნდება - პრობლემების, ეჭვების, სოციალური გასაჭირის და უიღბლო სიყვარულის თემებით (გაიღიმე, შემთხვევითი პაემნები). ჩნდება მელოდრამები (ოცნების ქალაქი). სიყვარული კინოში გაიელვებს ან საბჭოთა "რეალობის გადაფარვის" ტრადიციით ან 90- ნების ტენდენციის - მისი თითქმის სრული იგნორირებით.

21-ე საუკუნეში ქართულ კინოში ჯერ არ შექმნილა "სიყვარულის მანიფესტი", საკმარისად შერეკილი არავინ აღმოჩნდა. სიყვარული მტკიცედ მიწიერია და ძნელად ემორჩილება ლევიტაციას. თუმცა,  იგი კვლავაც ყველას უნდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”,
პრეზენტაცია გაიმართება.
11:12 / 09.03.2024
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”, პრეზენტაცია გაიმართება.
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ
კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართება. 
15:27 / 14.02.2024
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.