კულტურა
"დაგვხვდა ღრეობა "- გალაკტიონის იუბილე მის სახლ-მუზეუმში
FaceBook
"ჭყვიშში გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში დაგვხვდა ღრეობა და ეს ღრეობა ხდებოდა არა ეზოში, ან თუნდაც, მუზეუმის სხვა მემორიალურ ნაწილში, არამედ, სწორედ, გალაკტიონის 100 -ზე მეტი წლის, ხის იმერულ ოდაში", - ეს ვითარება დახვდათ 17 ნოემებრს, პოეტის 126–ე იუბილზე  ქუთაისიდან გალაქტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში ჩასულ მარიტა ტყეშელაშვილს და მის თანამშრომლებს. ის ამის შესახებ სოციალურ ქსელ facebook-ზე  წერს.

მარიტა ჰყვება, რომ დადებითი ემოციით წასულები უკან შეურაცხყოფილები დაბრუნდნენ. ამის მიზეზი კი როგორც სოციალურ ქსელში წერს ის სურათი  იყო, რომელიც  მათ ადგილზე დახვდათ. 

"ქუთაისიდან მე და ჩემი თანამშრომლები იმ ემოციით წავედით, რომ პატივი გვეცა პოეტისთვის და მისი უზარმაზარი ღირებულების მქონე შემოქმედებისთვის, იქედან კი გაბრაზებულები და შეურაცხყოფილები წამოვედით, რადგან სახლ-მუზეუმში დაგვხვდა ღრეობა და ეს ღრეობა ხდებოდა არა ეზოში, ან თუნდაც მუზეუმის სხვა მემორიალურ ნაწილში, არამედ სწორედ გალაკტიონის 100ზე მეტი წლის, ხის იმერულ ოდაში.

ამ ღრეობის მონაწილეები კი გახლდნენ მიწვეული ჩინოვნიკები, კულტურის მუშაკები. ჩვენც უნებურად შევესწარით ამ ამბავს, თუმცა დაცვა საერთოდ არ აპირებდა ჩვენს შეშვებას, მაგრამ როგორღაც შევედით და ასეთი სურათი დაგვხვდა: ოდაში ე.წ. შუა ცეცხლი ჰქონდათ გაჩაღებული, ვაზუსტებ: იყო ნაკვერჩხლები, არ იყო ცეცხლის ალი ) ჯაჭვზე თუჯი და გაშლილი იყო ტაბლა, დატვირთული ხორაგით.



მიწვეული სტუმრები სვამდნენ, ჭამდნენ და ზოგიერთი ნაგავს უკანა კარიდანაც კი ისროდა. "კულტურულ" ნაწილზე არაფერს ვიტყვი_ სიმღერა,დოლგარმონი და ჩოხოსნები. რომელიღაც დამსახურებულმა მსახიობმა რამდენიმე ჭიქის მირთმევის შემდეგ თქვა, რომ ახლა იგრძნო თუ სად იყო. ამ ღონისძიების არცისე საპატივცემულო სტუმრები, (მოსწავლეები და პედაგოგები) ეზოდან ადევნებდნენ თვალს ამ ღრეობას. ყველას ვერ ერგო ამ დღეს პატივი პოეტის მუზეუმის დათვალიერების.

ვწერ ამ პოსტს, იმიტომ რომ რეაგირება მოჰყვეს. რა გახდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ საგანმანათლებლო და კულტურულ დაწესებულებებში თანამდებობებზე ინიშნებოდნენ მხოლოდ საჭირო განათლების მქონე კომპეტენტური პირები.
ვწერ იმიტომ რომ მარტო კიარ შემრცხვა, გავბრაზდი და გავცეცხლდი რომ მსგავსი რამე ხდება ასე უტიფრად და უტეხად! და ვწერ, იმიტომ რომ ასეთ რაღაცაზე თვალის დახუჭვა არის დანაშაული!", –  წერს მარიტა სოციალურ ქსელში.  


იუბილეზე გაშლილი სუფრა

გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღის აღსანიშნავი ღონისძიება ვანის მუნიციპალიტეტის "ააიპ კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისა და მართვის სააგენტოს" ორგანიზებით ჩატარდა.

სადაც დაგვიდასტურეს, რომ  იმერულ ოდაში სუფრა ნამდვილად იყო გაშლილი. სააგენტოს უფროსი ლელა ადეიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ პოეტის დაბადების დღის აღნიშვნა უკვე რამდენიმე წელია ასეთი ფორმით ხდება.

"ოდაში მესხიშვილის და რუსთაველის თეატრის მსახიობების მიერ მიმდინარეობდა წარმოდგენა, მათ შორის, იყვნენ ტრისტან სარალიძე, მურმან ჯინორია, გოგა ბარბაქაძე, რომლებმა გააცოცხლეს გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება. ნამდვილად იყო გაშლილი ტაბლა მაგიდა. ეს იყო დაბადების დღე იყო ზეიმი იყო ამიტომ ნამდვილად არ ვთვლი, რომ ეს იყო მარაზმი და გადაჭარბებული. ეს არის ტრადიცია", -  ამბობს ლელა ადიშვილი.

მისი თქმით, ღონისძიებაზე ასევე, წარმოდგენილი იყო მურმან ჯინორიას სპექტაკლი" ქარი მწყურია მე პირდაპირი" . ასევე, პოეტის სახლ–მუზეუმში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა პერფომანსი მიმდინარეობდა.

ამ ღონისძიებისთვის  ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 700 ლარი დაიხარჯა, ხოლო ლელა ადეიშვილის თქმით, იმერულ ოდაში ტაბლა მაგიდის გაშლა გალაკტიონ ტაბიძის სახლ–მუზეუმის ბიუჯეტიდან 300 ლარით დაფინანსდა.

ქუთაისიპოსტი  დაინტერესდა რამდენად  მისაღებია სახლ–მუზეუმებში მსგავსი სუფრის გაშლა და მიწვეული  სტუმრების პურ–მარილით გამასპინძლება.  ამის გასარკვევად კულტურული მემკვიდრეობის  დაცვის ეროვნულ სააგენტოს დავუკავშირდით. 

"ეს არის საზოგადოების თვითშეგნების უკიდურესად დაბალი გამოვლინება, ზუსტად ეს არის საზოგადოებრივი უპასუხისმგებლობა, მუზეუმის შიგნით პურმარილი რომ არ უნდა გაიშალოს ეს არის უდავო. ეს არის უპატივცემულობა პოეტისადმი და ქვეყნის იმიჯისადმი", - ამბობს ჩვენთან საუბარში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ბექა ბარამაძე. 

ამ დარღვევისთვის არის თუ არა რამე სანქცია გათვალისწინებული , – შესაბამისი სააგენტოდან პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

სოფელ ჭყვიშში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი 1966 წლიდან ფუნქციონირებს. მასში 7885 ექსპონატია დაცული. მათ შორის, გალაკტიონისა და ტიციანის მემორიალური ნივთები: ავეჯი, ჭურჭელი, პირადი მოხმარების საგნები, სამოსი. ასევე, ძველბეჭდურიწიგნები გალაკტიონის მამის ბიბლიოთეკიდან – 1867 წელს გამოცემული "დავითნი" და 1892 წელს გამოცემული "ვეფხისტყაოსანი".

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”,
პრეზენტაცია გაიმართება.
11:12 / 09.03.2024
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”, პრეზენტაცია გაიმართება.
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ
კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართება. 
15:27 / 14.02.2024
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.