ჯანდაცვა
ბავშვთა ორთოპედის მომსახურება ფასიანი გახდა - რა გახდა ცვლილებების მიზეზი
FaceBook

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 1-დან 6 წლამდე ბავშვთა სამედიცინო გამოკვლევების  ვიზიტი ფასიანი გახდა. სამედიცინო  მომსახურება ფასიანი მიმდინარე წლის 1 მარტიდან, მას შემდეგ გახდა,  რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში  ცვლილებები განხორციელდა,

რომელიც 1-დან 6 წლამდე ბავშვთა სამედიცინო გამოკვლევების გარკვეულ ექიმ-სპეციალტთა  მომსახურების დაფინანსებაში ცვლილებებს ითვალისწინებს. 

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილებით დაკონკრეტდა ის სპეციალისტები, რომლებიც პირველადი ჯანდაცვისთვის აუცილებელია. არასამთავრობო სექტორი კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფინანსურ პრობლემაზე მიუთითებს და მას ხელისუფლების წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილად განიხილავს.

2017 წლის 1 მარტიდან 1-დან 6 წლამდე ბავშვების მშობლებს ექიმ-ორთოპედსა და ონკოლოგთან ვიზიტისთვის უკვე თანხის გადახდა მოუწევთ. ამ მომსახურებას კი მანამდე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სრულად აფინანსებდა.
შორენა ლაღაძე 3 თვის ბავშვის დედაა. მან პატარა ქუთაისის #1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრში გამოკვლევებზე მიიყვანა. სამედიცინო დაწესებულებაში მისულს აუხსნეს, რომ ბავშვის ორთოპედთან ვიზიტში თანხა უნდა გადაეხადა.

"ვიცოდი, რომ ექიმ-სპეციალისტებთან ვიზიტი უფასო იყო. ერთი თვის წინ მეგობარმა მცირეწლოვან შვილს გამოკვლევები ჩაუტარა და ორთოპედთან ვიზიტის თანხა არ გადაუხდია. ჩვენ კი 30 ლარი გადაგვახდევინეს," - ამბობს შორენა ლაღაძე.
სპეციალისტების განმარტებით, ორთოპედიული გამოკვლევა 3-4 თვის ახალშობილებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ ასაკშია შესაძლებელი თანდაყოლილი პათოლოგიების გამოვლენა.

"ქართული გენეტიკა დატვრთულია ძვალსახსროვანი პათოლოგიებით. დისპლაზია არის თანდაყოლილი პათოლოგია და ძალიან დიდი პროცენტითაა გავრცელებული, შესაბამისად, ახალშობილების პროფილაქტიკური გამოკვლევა საჭიროა, რომ თავიდან ავიცილოთ სირთულეები, რომელიც მათი ზრდის პროცესში გამოვლინდება," - განმარტავს ქუთაისის #1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ორთოპედი, მარიამ მიქიაშვილი.
ექიმის თქმით, მომსახურებაზე ფასის დაწესების შემდეგ პაციენტების რაოდენობამ იკლო, თუმცა მნიშნველოვნად არა.
ქუთაისის #1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრში აგვიხსნეს, რომ ფასიანი სამედიცინო მომსახაურება 2017 წლის 1 მარტიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესულმა ცვლილებებმა განაპირობა.

"ეს არ არის ჩვენს მიერ დაწესებული. ცვლილებები შევიდა პროგრამაში და შესაძლოა, მას კიდევ დაემატოს რამდენიმე რეგულაცია მიმდინარე წლის მაისიდან. ველოდებით ახალ მითითებებს სამინისტროდან," - განმარტავს ქუთაისის #1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე, ალექსანდრე ქებულაძე.
მისივე ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის მიზნობრივ პაკეტში იმ ექიმ-სპეციალისტების ჩამონათვალს, რომელთა მომსახურებასაც სახელმწიფო 100%-ით აფინანსებდა, 1 მარტიდან ორთოპედისა და ონკოლოგის მომსახურება გამოაკლდა.

ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებაში არ იციან მოსალოდნელი ცვლილება კიდევ რომელ ექიმ-სპეციალისტთან ვიზიტს შეეხება. თუმცა, იციან, რომ ამ დროისთვის 1-დან 6 წლამდე ბავშვებისთვის უფასო ენდოკრინოლოგთან, ოფთამოლოგთან, კარდიოლოგთან, ნევროლოგთან, გინეკოლოგთან, უროლოგთან, ქირურგსა და ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან კონსულტაციაა.

ამ 8 სპეციალისტის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტში განგვიმარტეს, რომ 1 მარტიდან სხვა ექიმ-სპეციალისტებიდან მათი გამოყოფა და დაკონკრეტება პირველადი ჯანდაცვისთვის აუცილებლობის გამო მოხდა.
"მოხდა მომსახურების ტიპის უნიფიცირება და დაკონკრეტება, ანუ პირველადი ჯანდაცვის დონეზე ის მოუცლობა რეალურად ეწეროს და ვერ ხორცილედებოდეს, ხომ არარეალურია. ამიტომ, უნდა იყოს შესრულებადი და ადექვატური, ამის გამო მოხდა დაკონკრეტება. 2012 წლის 7 მაისის #165 დადგენილებაში სპეციალისტთა კონსულტაციების ჩანაწერში არანაირი დაზუსტება არ იყო. როგორ წარმოგიდგენიათ, გენეტიკოსი არის სპეციალისტი და პირველადი ჯანდაცვის ჩამონათვალში უნდა იყოს? რა თქმა უნდა არა," - ამბობს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცავის მართვის დეპატამენტის უფროსი, მაია ხომერიკი.

მისივე თქმით, ცვლილებები არ შეხებია ოჯახის ექიმს, რომლის მომსახურება შეუზღუდავია, ასევე, დაკონკრეტდა ინსტრუმენტული გამოკვლევები, ხოლო ლაბორატორიული კვლევები კიდევ უფრო გაფართოვდა.
საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" (CIF) ხელმძღვანელი, გიორგი გოცაძე კი საყოველთაო ჯანდაცვის ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს. მისი თქმით, პროგრამის ფინანსური საჭიროება სახელმწიფოს დღევანდელ შესაძებლობებს მნიშვნელოვნად აღემატება იმისთვის, რომ მოსახლეობას ადექვატური და საჭირო მოცულობის მომსახურეობა უფასოდ ან დაბალი თანაგადახდით მიაწოდოს.

"ის, რომ საყოველთაო ჯანდაცვას ფინანსური პრობლემები აქვს და თანხა უფრო მეტი ჭირდებოდა, ვიდრე წლის დასაწყისში იგეგმებოდა ახალი არაა და ეს საკითხი 5 წელია აქტიურად განიხილება საჯარო სივრცეში, რადგან მთავრობას ყოველწლიურად უხდებოდა საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის გადასინჯვა და ყოველი წლის ბოლოს უმატებდა თანხას, თან ძალიან ბევრს," - ამბობს გიორგი გოცაძე.

საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" ხელმძღვანელის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების ეფექტურობის გაზრდა და ოპტიმიზაციის საჭიროებები, 2016 წლის არჩევნებზე ხელისუფლების წინასაარჩევნო პროგრამის აქტუალური ნაწილი იყო.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის განმარტებით, იმერეთში
ვირუსების გავრცელების კუთხით  საგანგაშო ვითარება არ
გვაქვს.
15:22 / 22.01.2024

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის განმარტებით, იმერეთში ვირუსების გავრცელების კუთხით  საგანგაშო ვითარება არ გვაქვს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, ქვეყანაში,
ამ დროისთვის, 21 ვირუსზე აქვთ მეთვალყურეობა.
11:33 / 10.01.2024
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, ქვეყანაში, ამ დროისთვის, 21 ვირუსზე აქვთ მეთვალყურეობა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.