ქუთაისში, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები,
მოსალოდნელი უამინდობის გამო, 2 ივნისს გაიმართება.
ღონისძიებები, ქუთაისის ახალგაზრდობის პარკში, 13:00 საათიდან
დაიწყება.
როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავენ, ბავშვებისთვის პარკში მოწყობილი
იქნება გასართობი სივრცეები, ჩატარდება სამხატვრო და სპორტული
აქტივობები და ქუთაისის საბავშვო სტუდიების კონცერტი.
პატარების მხიარული განწყობის შექმნაზე ანიმატორები, მულტფილმების
პერსონაჟები და კოსტიუმირებული მსახიობები იზრუნებენ.
ღონისძიებებზე დასწრება და მონაწილეობა თავისუფალი იქნება.
ბავშვთა დაცვის დღის შესახებ, პირველად, ჟენევის საერთაშორისო
კონფერენციაზე, 1925 წელს, ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის შესახებ
საკითხებზე მსჯელობისას გაჟღერდა, ხოლო ამ დღის არსებობა 1949 წელს
განმტკიცდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც მთელი მსოფლიოსთვის
საფიქრალს მომავალი თაობა წარმოადგენდა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში, პირველად, 1950 წელს
აღინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები