არშემდგარი ტენდერები და ქუთაისის ბიუჯეტიდან დაკარგული ფული
FaceBook

მიმდინარე წლის ცხრა თვეში (იანვარი-სექტემბერი) ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული 258 ტენდერიდან 87 არ შედგა ან  უარყოფითი შედეგით დასრულდა.


ამ მონაცემებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს ხუთით უსწრებს. ფაქტია, რომ წლიდან წლამდე, გამოცდილების ზრდის  პარალელურად, ჩაშლილი ტენდერების რაოდენობა კლების ნაცვლად იმატებს.


ქუთაისის მერიაში  მთავარ პრობლემად შემსრულებელი კომპანიების სიმცირეს და არასათანადო გამოცდილებას  ასახელებენ, არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია კი ჩაშლილი ტენდერების უკან მუნიციპალიტეტის არაკომპეტენტურობასა და კორუფციის ნიშნებს ხედავს.


შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის კვლევის მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული ტენდერების 18%-ია  ჩაიშლილი, მაშინ როდესაც
მიმდინარე წელს ცხრა თვეში ქუთაისის მერიაში  აღნიშნული მაჩვენებელი  34%–ს აღწევს.  „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ საერთო მაჩვენებლის ფონზე ერთი მუნიციპალიტეტისთვის ეს ციფრი საკმაოდ მაღალია.


ტენდერების ჩაშლის მიზეზი, უმრავლეს შემთხვევაში მონაწილე კომპანიის  არარსებობაა, ზოგჯერ კი ტექნიკური დოკუმენტაციის, ან სატენდერო პირობების ვერდაკმაყოფილების გამო,  მერია თავად აძლევს დისკვალიფიკაციას კომპანიებს.


„ქუთაისის მერიის ეს მაჩვენებელი, ქვეყნის დონესთან შედარებით,  რა თქმა უნდა  საკმაოდ მაღალია. ტენდერი ბევრი  მიზეზის გამო შეიძლება ჩაიშალოს. მაგალითად, შესაძლოა,  სამუშაოებისთვის შესასრულებლად არარეალურად მცირე დრო და არალოგიკურად დაბალი თანხა იყოს მითითებული, ან ტექნიკურად არ იყოს სწორად გაწერილი მოთხოვნები. ასეთ შემთხვევებში, კომპანიებს არ უღირთ ტენდერში შესვლა. მთავარი პრობლემა კი არის ის, რომ მუნიციპალიტეტები არ ახდენენ შესყიდვების გეგმის შედგენას, ან ამას არასწორად აკეთებენ, ან კიდევ უარესი,  ცვლიან გეგმას და სულ სხვა მიმართულებით მიდიან. როგორც წესი, მერიამ ერთი წლით ადრე უნდა იცოდეს, როდის, რა სამუშაოს შესყიდვას აპირებს და ეს არ უნდა ხდებოდეს სპონტანურად. სწორედ ამის შედეგია უარყოფითად დასრულებული და შეწყვეტილი ტენდერები“,- ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“  ანალიტიკოსი, ბესო ნამჩავაძე.


მისი თქმით, მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, მუნიციპალიტეტები სადღესასწაულო დღეების ორგანიზებას კვლავ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით არჩევენ და უარს ამბობენ ტენდერის გამოცხადებაზე, რაც საბოლოო ჯამში ბიუჯეტს აზარალებს.

„როცა არ არის მოძრავი თარიღი და მუნიციპალიტეტმა წინასწარ იცის როდის უნდა ჩატარდეს ღონისძიება, ბუნებრივია, არ არის გამართლებული გამარტივებული შესყიდვა. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი წლიური გეგმის გაწერა. მუნიციპალიტეტებმა უნდა გამოიჩინონ უფრო მეტი კომპეტენცია“,–ამბობს ბესო ნამჩავაძე.


არშემდგარი ტენდერების უკან,  არაკომპეტენტურობასთან ერთად კორუფციის ნიშნებს ხედავს ოპოზიცია.  „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრი, გიგა შუშანია ამბობს, რომ  ხშირ შემთხვევაში მერიამ წინასწარ იცის ვის უნდა შეასრულებინოს სამუშაოები და სატენდერო პირობებსაც ისე წერს, რომ კვალიფიციური კომპანიები უარს ამბობენ პასუხისმგებლობის აღებაზე.


„ჩვენ ადრეც ვსაუბრობდით სავარაუდო კორუფციულ გეგმაზე, რაშიც  ვგულისხმობდით, იმას რომ ჩატარებული ტენდერების 90%–ზე მეტ შემთხვევაში კომპანიებს  უხანგრძლივებენ ვადას,  პერიოდულად  ემატება გაურკვეველი სამუშაოები, რომლებიც თავიდან  არ არის მითითებული და ამისთვის კიდევ დამატებით თანხას აძლევენ.  თავდაპირველად კი იმდენად არარეალურ პირობებს წერენ ტენდერში, იქნება  ეს თანხა, ვადა თუ შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი, რომ კვალიფიციური კომპანიები არ შედიან ასეთ ტენდერებში.  ეს მოცემულობა, რაც უკვე  პრაქტიკად დამკვიდრდა ქუთაისის მერიაში, მარტივი დასკვნის საფუძველს გვაძლევს ყველას, რომ წინასწარ არიან ადამიანები, რომლებმაც იციან, რამდენს მოუმატებს მერია  თანხას და რამდენით გაუგრძელებს ვადას. პროფესიონალ ადამიანებს კი,  რომლებსაც არ აქვთ ფარული  წვდომა  ქუთაისის მერიასთან, ცხადია ასეთი გარანტიები ვერ ექნებათ. შედეგად ვიღებთ არაკონკურენტულ გარემოს, ნაკლებად დაზოგილ საბიუჯეტო თანხებს და მაინც უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს“,– ამბობს გიგა შუშანია.


ისეთი ფაქტები, რაზეც გიგა შუშანია საუბრობს, მრავლად არის ქუთაისის მერიის პრაქტიკაში.  ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა კომპანიისთვის თანხის დამატების შემდეგ, პროექტის ჯამურმა ღირებულებამ  სატენდერო თანხას გადააჭარბა.  მაგალითად, მერიამ თეთრ ხიდზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანია „ალმა–რუსთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაში ოთხი ცვლილება განახორციელა. მერიამ კომპანიას, რომელმაც 445 000 ლარიანი ტენდერი 435 000 ლარად მოიგო,  პირველივე ცვლილებით  28 000 ლარი დაუმატა, რის შემდეგაც პროექტის ჯამურმა ღირებულებამ ტენდერის პირვანდელ ხარჯთაღრიცხვას გადააჭარბა და 464 000 ლარი შეადგინა.  ანუ, გამოვიდა, რომ მერიამ ტენდერის გზით არათუ საბიუჯეტო ეკონომია გააკეთა, არამედ პირიქით, თითქმის 20 000  ლარით მეტის  გადახდის ვალდებულება აიღო.

თანხის გარზდას მოჰყვა სამუშაოების ვადის გაგრძელებაც. მერიამ კომპანიას სამუშაოები სამჯერ, ჯამში ორთვენახევრით გადაუვადა. ასეთი პრივილეგიების მიუხედავად, თეთრ ხიდზე ჩატარებული სამუშაოები უხარისხო აღმოჩნდა. ბოლოს,  ქალაქის მერმაც აღიარა, რომ კომპანიამ ხიდის საფარი ექვს ლარიანი საღებავით შეღება.  მერიამ კომპანიას ხელშეკრულება მხოლოდ ამის შემდეგ გაუწყვიტა.  ხიდზე კი დამატებით სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო, რაც ამ დრომდე არ განხორციელებულა.


იგივე განმეორდა გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზეც. გზის  სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ  1 163 000 ლარიანი ტენდერი  შპს „ჯეო სერვისმა“ სატენდერო თანხაზე 86 000 ლარით ნაკლებად, 1 077 000 ლარად მოიგო,  სამუშაოების შესასრულებლად კი სამთვიანი ვადა განესაზღვრა. ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ თვეზე ნაკლებ დროში კომპანიამ ვადებისა და სატენდერო თანხის გაზრდა მოითხოვა. მერიამაც, დამატებითი სამუშაოების საჭიროების მოტივით, შემსრულებელ კომპანიას ვადა ორი თვით გაუხანგრძლივა, თანხა კი  86 000 ლარით, ანუ  იმდენით გაუზარდა, რამდენიც „ჯეო სერვისმა“  ტენდერში ვაჭრობის დროს საწყის ღირებულებას დააკლო. მაშინ, როცა იგივე ფასი,  1 163 000 ლარი ჰქონდა ტენდერში დაფიქსირებული  მის კონკურენტ  კომპანია შპს „გზამშენი XXI“–ს, მაგრამ, მას უარი ეთქვა.  გამოვიდა, რომ „ჯეო სერვისმა“ საბოლოოდ ზუსტად იგივე თანხა მიიღო, რაც ტენდერის საწყისი ღირებულება იყო და რა თანხაზეც მერიამ მის კონკურენტ კომპანიას უარი უთხრა.

შედეგად  მერიამ ვერც საბიუჯეტო ეკონომია გააკეთა, სამუშაოების შესრულებას კი სამის ნაცვლად ხუთი თვე მოანდომა, თუმცა, „ჯეო სერვისი“ ვერც ამ ვადაში  ჩაეტია. უფრო მეტიც, სამუშაოები მიატოვა.  მერია იძულებული გახდა ხელშეკრულება გაეწყვიტა და განმეორებითი ტენდერი გამოეცხადებია.

გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე მარტში დაწყებული სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.




ქუთაისის მერიაში კომპანიებთან წინასწარ შეთანხმებას გამორიცხავენ, არაკომპეტენტურობას კი არ აღიარებენ  და ამბობენ, რომ ტენდერების ჩაშლის მიზეზი კომპანიების დაბალი კვალიფიკაციაა.


„სასაცილოა იმის თქმა, რომ მერიამ  წინასწარ იცის ვინ უნდა მოიგოს ტენდერი, ამაზე სერიოზულად ვერ ვუპასუხებ. ეს არის აბსოლუტურად გამჭვირვალე და ღია ტენდერები, ამავე დროს დახურული როგორც მერიისთვის, ასევე, კომპანიებისთვის.  ჩვენ ყველა ჩავარდნილი ტენდერის მიზეზს ვიკვლევთ და ერთ–ერთი რაც შემიძლია დავასახელო, არის ძალიან დიდი მოცულობის სამუშაოები და შესაბამისად ტენდერების რაოდენობაც დიდია. გამოცდილი ორგანიზაციები კი ყველა დაკავებულია და   ვეღარ აუდიან სამუშაოებს. ზოგჯერ არის, როცა თავად  კომპანიები ამბობენ, რომ არ აქვთ საკმარისი გამოცდილება. ტენდერის გამოცხადებამდე სამუშაოების ფასსა და ვადას საპროექტო ორგანიზაცია ადგენს,  შესაბამისად,  ჩვენს კომპეტენციაზე საუბარი, რომ მერიამ არასწორად გააკეთა პროექტი,  ვერ იქნება“,–  ამბობს ქუთაისის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსის მოადგილე, თიკო ბერიშვილი.


ჩაშლილი ტენდერები ხშირად ხდება კომპანიებთან პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმების საფუძველი, რაც არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის თქმით, თავის მხრივ აზარალებს ბიუჯეტს, რადგან ასეთ დროს ფასზე ვაჭრობა აღარ მიმდინარეობს და მერია  შეთანხმებას წინასწარ შერჩეულ კომპანიასთან დებს.


ორჯერ ჩაშლილი ტენდერის გამო გამარტივებული გზით შეისყიდა მერიამ  „მიხეილ ქორქიას სახელობის“ ტურნირი, რომლის ორგანიზებაც ადგილობრივ ბიუჯეტს 30 000 ლარი დაუჯდა. არის ისეთი შემთხვევები, როცა ტენდერის ჩაშლის გამო კონკრეტული პროექტის განხორციელება არ ხდება. მაგალითად, მერიამ ამ დრომდე ვერ მოახერხა ბალახვნის ასსაფეხურიანი კიბეების დაპროექტება, რადგან  ამ მიზნით ორჯერ გამოცხადებული ტენდერი ორივეჯერ ჩაიშალა.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ მუნიციპალიტეტებმა მეტი კომპეტენცია უნდა გამოიჩინონ ტენდერის გამოცხადების დროს, სწორად დაგეგმონ შესყიდვების წლიური გეგმა და უზრუნველყონ საბიუჯეტო თანხების დაზოგვა. თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს შესყიდვების სააგენტოს, მკაცრად  მიუდგნენ პირდაპირ შესყიდვებზე თანხმობის გაცემის საკითხს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქსტატმა ხელფასების
სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით,
 2019 წლის
III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური  ხელფასი გასული წლის
შესაბამის პერიოდთან შედარებით 91.6 ლარით
გაიზარდა.
14:42 / 16.12.2019

საქსტატმა ხელფასების სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით,  2019 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური  ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 91.6 ლარით გაიზარდა.

პარტია
12:25 / 16.12.2019
არტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან პერფორმანსი მოაწყო და პროტესტის ნიშნად თემიდა "გააშიშვლა".

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.