რეგიონი
„ცელით დავცელეთ მწვანილი“ – კორონავირუსის შედეგები სოფლად და ბაზარში
FaceBook

ქუთაისის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის ბაზარი შემოსავლის ერთადერთი  წყაროა.


15 აპრილს ქალაქის ჩაკეტვამ მათ ფაქტობრივად სასიცოცხლო გზა გადაუკეტა. პრობლემები ბევრად უფრო ადრე, საგანგებო ვითარების შემოღებიდან დაიწყო.


პანდემიის დარტმა სოფლის მეურნეობის მიმდევრებზე


ცოლ-ქმარი აზა და დემურ ლაღაძეები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთში ცხოვრობენ. წლებია მწვანილი მოჰყავთ და თავს ამით ირჩენენ. მესამე დღეა, რაც ნიკეას ბაზარში მუშაობა განაახლეს. მანამდე, ორი თვე, დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქციის რეალიზებას ვერ ახერხებდნენ. პრობლემები დღესაც აქვთ. ახლა მყიდველების მკვეთრად შემცირებულ რაოდენობას უჩივიან.

„დაახლოებით, 1 000 ლარის (მწვანილი) მაინც გაგვიფუჭდა და ახლა ვერ ვყიდით პროდუქციას. მანქანასაც ხომ ბენზინი უნდა მესხეთიდან რომ დავდივართ“, - ამბობს დემურ ლაღაძე.

ასეთივე ვითარებაა იმერეთის სხვა სოფლებში. მოსახლეობას, რომლის შემოსავალი სოფლის მეურნეობის პროდუქტი იყო, არსებობა გაუჭირდა.

„ცელით დავცელეთ მწვანილები. ყველანაირად დაგვაქცია ამ პანდემიამ. იმნაირ დღეში ვართ, რომ არ ვიცით, ჭკუიდან ვართ გადასულები. ძალიან იზარალა სოფელმა“, - გვიყვება მარინა აბდალაძე სოფელ უკანეთიდან.

ანზორ სვანაძეს წყალტუბოს სოფელ ტყაჩირიდან ქუთაისში კიტრი და პომიდორი შემოაქვს. მთავრობისგან არაფერს ითხოვს ერთის გარდა, - მიეცეთ თავისუფლად ვაჭრობის შესაძლებლობა.


„შაქარი ვერ მიყიდია მაღაზიაში სოფელში, შაქრის ფულისთვის ჩამოვედი ტყაჩირიდან. ბაზრის დირექტორი რომ არა, შიმშილით დავიხოცებოდით. ორ ლუკმაპურს ვშოულობთ აქ. პურის ფული მიგვაქვს აქედან. უმაღლესი მაქვს დამთავრებული, მიწაზე ვმუშაობ და ამის საშუალებასაც არ მაძლევენ“.

ანა ლეჟავა ქუთაისში ცხოვრობს, თუმცა სათბური სოფელში აქვს. ქალაქის ჩაკეტვის გამო მანაც იზარალა.


მარცხნივ ანა ლეჟავა, მარჯვნივ მარინა აბდალაძე

„მწვანილს ვერ შეინახავ და იმდენი გაგვიფუჭდა, გული გამისკდეს საცაა. გაჭირვებულ ხალხს დაგვარტყა ამ ვირუსმა პირდაპირ“.

მოვაჭრეები დახლებს უბრუნდებიან, თუმცა ბაზრამდე გზის გახსნა, ან თავად ბაზრის ამუშავება ჯერ პრობლემის მოხსნას არ ნიშნავს.


ერთჯერადი დახმარება თვითდასაქმებულებისთვის


მოვაჭრეებს მთავრობის მიერ დადგენილი 300 ლარიანი კომპენსაციის მიღების იმედი არ აქვთ. ისინი „ქუთასიპოსტთან“ საუბარში ამბობენ, რომ ამისთვის ბიუროკრატიული პროცედურების გავლა დასჭირდებათ, მათ კი არც ის იციან, ვის მიმართონ ან რა საბუთები წარადგინონ.

„არ ვიცი შვილო, ჩვენ ვინ მოგვცემს მაგ თანხას. თან იმდენი საბუთი იქნება მოსაგროვებელი, მაგას გვირჩევნია მუშაობის უფლება მოგვცენ და ისევ ჩვენი ოფლით ვიშოვოთ როგორმე ლუკმაპურის ფული“, - ამბობს აზა კაპანაძე.

თვითდასაქმებულებისთვის ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გაცემა მიმდინარე წლის 21 მაისს დაიწყება. დახმარების მიღების მსურველებმა საბუთები პირველ ივლისამდე უნდა წარადგინონ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილის თქმით, ბაზრობის ტერიტორიაზე დასაქმებული მეწარმე ფიზიკური პირებისთვის დახმარების განმსაზღვრელი კრიტერიუმი იქნება დეკლარაცია. თუ 2020 წლის პირველ კვარტალში მათ ერთხელ მაინც აქვთ ჩაბარებული დეკლარაცია, ან ერთხელ მაინც აქვთ გამოყენებული საკონტროლო სალარო აპარატი, დახმარებას მიიღებენ.

"გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურში იგზავნება ბაზრობის ორგანიზატორებისგან შესაბამისი სიები და ესეთი პირი თუ დაფიქსირებული იქნება ამ სიაში, მას შეეძლება მიიღოს შესაბამისი კომპენსაცია. ამ შემთხვევაში საუბარია ამ იდენტიფიცრების საშუალებიდან ერთ-ერთს მაინც თუ აკმაყოფილებს პირი, მას შეუძლია დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე მიიღოს შესაბამისი კომპენსაცია", - ამბობს ხუციშვილი.


ნიკეას ბაზრის ვეტექიმი, მადონა ქვარიანი ამბობს, რომ ბაზრის გარეთა ტერიტორიაზე მოვაჭრეები სალარო აპარატებს არ იყენებდნენ და სავარაუდოდ, ვერც ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ. ბაზრის შენობაში დასაქმებულები კი მოთხოვნილი საბუთის წარდგენას შეძლებენ.

თვითდასაქმებულების ერთჯერადი დახმარების  პროგრამაზე 75 მილიონი ლარია გამოყოფილი. საქართველოს  სტატისტიკის ეროვნლი სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში 840 000 თვითდასაქმებული ირიცხება, 300 ლარიანი დახმარებას მხოლოდ 250 000 ადამიანი მიიღებს.


კორონავირუსით ნაკარნახები ახალი პირობები ბაზარში

COVID-19 პანდემიის გამო ნიკეას ბაზარში, ისევე როგორც ქუთაისის სხვა ბაზრებში, მკაცრი სანიტარულ-ჰიგიენური წესები ამოქმედდა. ბაზრის ტერიტორიაზე შემავალ ყველა მანქანას დეზინფექცია უტარდება. დახლებს შორის ორმეტრიანი დისტანცია დაწესდა. ბაზრის ადმინისტრაციით ცნობით, ტერიტორიაზე დეზინფექცია ყოველდღიურად ტარდება. დასქმებულების მიერ რეგულაციების დაცვას ბაზრის დაცვის თანამშრომლები აკონტროლებენ.


აიკრძალა ბაზრის გარეთა სივრცეში ვაჭრობა, ვინაიდან იქ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ეპიდემიოლოგების მიერ ჰიგიენური ნორმების დაცვის რეკომენდაციის შესრულება შეუძლებელია, ისევე, როგორც სოციალური დისტანცირება. გასაყიდად განკუთვნილი პროდუქტი მხოლოდ ბაზრის შიდა სივრცეში არსებულ დახლზე უნდა განთავსდეს. გადასახადში კი სხვაობაა - გარეთ მუშაობა თუ 10 ლარი ღირდა, ბაზრის შიდა ტერიტორიაზე დახლის ფასი 20 ლარია.


ბიძინა ჯიმშელეიშვილი პანდემიამდე გაყინული ქათმებით გარეთ ვაჭრობდა, თუმცა, რეგულაციების შემოღების შემდეგ, მუშაობა ბაზრის შიდა ტერიტორიაზე განაახლა.

„თანხა ორმაგია. გარეთ 10 ლარს ვიხდიდი, ახლა 20 ლარი მიწევს, მაგრამ სხვა გაზა არ არის“.

ბაზრის ვეტექიმის, მადონა ქვარიანის თქმით, მოვაჭრეებს დახლის თანხის განაწილება შეუძლიათ, რის შედეგადაც დახლი იგივე დაუჯდებათ, რასაც გარეთ ვაჭრობის დროს იხდიდნენ.


"შეამხანაგების შემთხვევაში, დისტანცია დაცული იქნება, რა თქმა უნდა. მაგალითად 180 კვ. მეტრის შემთხვევაში, ღია ბოქსებში სამი მაგიდა თავისუფლად დაეტევა და უფრო ნაკლების, 10-15 ლარამდე გადახდა მოუწევთ".


იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ბაზრები ეტაპობრივად იხსნება. დღეს, 4 მაისს გაიხსნა ბაზრობა ვანში, ბაღდათში მომავალ კვირას იგეგმება. ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ბაზრების გახსნის წინაპირობა დაწესებული სტანდარტების დაკმაყოფილებაა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების
მიხედვით, 6 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით საქართველოში
კოვიდინფიცირების 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
13:39 / 14.06.2022
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 6 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით საქართველოში კოვიდინფიცირების 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
30 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების 511 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 7
პაციენტი,
12:49 / 07.06.2022
30 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 511 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.