საზოგადოება
"მაკდონალდსის" რესტორნის ქალაქის ცენტრში აშენება დანაშაულია - დისკუსია ქუთაისში
FaceBook
უნდა აშენდეს თუ არა "მაკდონალდსის" რესტორანი ქალაქის ცენტრში? - ამ საკითხზე მსჯელობა ცხარე კამათის ფონზე ქუთაისის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" წარიმართა.

დისკუსიას ქალაქის თვითმმართველობის, კომპანიისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მერიისა და "მაკდონალდსის" წარმომადგენლებმა ცენტრალურ მოედანზე რესტორნის მშენებლობა ქალაქის განვითარების საჭიროებით ახსნეს.

"ამით გაჩნდება სამუშაო ადგილები და ტურისტებსაც მიიზიდავს", - აღინიშნა შეხვედრაზე.

"მაკდონალდსის" წარმომადგენლის თქმით, წარმოდგენილი პროექტი არ არის საბოლოო, იგი დამუშავების პროცესშია.

"პროექტი დამუშავების რეჟიმშია და მასზე მუშაობს ცნობილი გერმანელი არქიტექტორი, რომელსაც ევროპის ბევრ ისტორიულ ქალაქში დაუპროექტებია "მაკდონალდსის" რესტორნის პროექტი. შესაბამისად, რესტორანი ქალაქის ცენტრში არსებული არქიტექტურიდან აცდენილი არ იქნება", - აღნიშნა ნიკოლოზ დარბაისელმა.

თუმცა, ქალაქის ცენტრში მშენებლობა ყველა ფორმით დაუშვებლად მიიჩნია დარბაზში შეკრებილი საზოგადოების უმეტესობამ. მათ კატეგორიულ მოთხოვნას წარმოადგენდა რესტორნისთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფა და მშენებლობისთვის სხვა ადგილის მოძებნა.

"ცენტრში ამ შენობის აშენება არა თუ ესთეტიკის საკითხი არაა, არამედ დანაშაულია შენობის იქ ჩადგმა. უნდა გამოიძებნოს ალტერნატიული ფართი",- აღნიშნა არქიტექტორმა და ქუთაისის ყოფილმა მერმა, დავით მელქაძემ.

მისი თქმით, "მაკდონალდსის" წარმომადგენლები ყოველთვის დიდი სიფრთხილით უდგებიან ქალაქების არქიტექტურას, იერსახის საკითხს და მწვანე საფარის პრობლემას.

"ამიტომ ხმა უნდა მივაწვდინოთ "მაკდონალდსის" წარმომადგენლობას ამერიკაში. ისინი არ დაუშვებენ ასეთი ფორმით მათი რესტორნის აშენებას", - აღნიშნა დავით მელქაძემ.

"მაკდონალდსის" რესტორნის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ხაზი გაუსვეს, რომ მათ კონკრეტულად კომპანიის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, პრობლემას მხოლოდ მშენებლობისთვის შერჩეული ადგილი წარმოადგენს.

საკრებულოს წევრმა ნატო ქათამაძემ საზოგადოებას ერთად დგომისკენ მოუწოდა. მან რამდენიმე შემთხვევა გაიხსენა, როდესაც საზოგადეობის მოთხოვნით სახელმწიფო იძულებული გახდა უკან დაეხია.

"სამი ოთარის ძეგლის ადგილას უნდოდათ ობიექტის აშენება და ბუხაიძის #18 კორპუსის ეზოში შენობის ჩადგმა. ხალხის მძაფრმა წინააღმდეგობამ ეს მშენებლობები შეაჩერა, ამიტომ, ამ შემთხვევაშიც, უკან არ უნდა დავიხიოთ", - აღნიშნა ქათამაძემ.

მან ყველას მოუწოდა 2017 წლის 25 იანვრის საკრებულოს სხდომაზე დასწრება, სადაც აღნიშნული საკითხის განხილვა მოხდება.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.