საზოგადოება
არა ურბანისტულ პოლიტიკას - რატომ აპროტესტებენ სამი ობიექტის მშენებლობას ქუთაისში?!
FaceBook
"ქალაქი ჰამბურგერი არ არის" - ეს სლოგანი რამდენიმე ხანია რაც გაჩნდა "მაკდონალდსის" რესტორნის შენობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ქუთაისში.

სლოგანი მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის დამოკიდებულებას გამოხატავს აღნიშნული კვების ობიექტის მშენებლობის მიმართ ქალაქის ცენტრში.
თუმცა, ქალაქის ცენტრალურ ნაწილს მარტო "მაკდონალდსი" არ დაიკავებს. აქ კიდევ ორი ობიექტის მშენებლობა იგეგმება - ეკლესიისა და სასტუმროს.

შესაბამისად, სხვადასხვა ობიექტებს სხვადასხვა გამპროტესტებლები ჰყავს. ეკლესიის წარმომადგენლები აპროტესტებენ "მაკდონალდსის" მშენებლობას. ისინი მხოლოდ ეკლესიისთვის მოიაზრებენ აღნიშნულ ადგილს.

საინიციატივო ჯგუფი "ქუთაისის მომავლისთვის", "მაკდონალდსსა" და სასტუმროში ხედავს პრობლემას, და არა ეკლესიის მშენებლობაში. ჯგუფის წარმომადგენლებს ეს ტერიტორია მხოლოდ ეთნოგრაფიული მუზეუმისთვის ემეტებათ. მათ მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური წრეებისა და ადგილობრივების ნაწილი.

სამაგიეროდ მოძრაობა "უფლება ქალაქზე" ამ სივრცეში, აღნიშნული სამი შენობიდან, ვერც ერთი მათგანის ადგილს ვერ ხედავს.

"ამ სამი შენობის ცენტრალურ მოედანზე ჩადგმა, ერთის მხრივ აბსოლუტურად აცდენილია მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვას და მეორეს მხრივ, სრულიად დაარღვევს ქალაქის ისტორიულ იერსახეს", -აღნიშნულია მოძრაობის "უფლება ქალაქზე" ფეისბუქგვერდზე.

ისინი საკითხს სოციალურ და ეკონომიკურ ჭრილში განიხილავენ და მიაჩნიათ რომ მაკდონალდსისა და სასტუმროს მშენებლობა აჩენს ქალაქის მცხოვრებებისთვის მხოლოდ სერვისის სფეროში დასაქმების პერსპექტივას, რაც შეიძლება გულისხმობდეს დაბალ ხელფასს, გაზრდილ სამუშაო საათებს, შრომით ექსპლუატაციას.

"ქუთაისს სჭირდება საჭიროებებზე მორგებული ცვლილებები:ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სადაც ადამიანები არა მომსახურე პერსონალად, არამედ საკუთარი პროფესიით დასაქმდებიან", - აღნიშნავენ მოძრაობის წარმომადგენლები

ქუთაისს ჭირდება მის ერსახეზე მორგებული შენობებიც, ამაზე უკვე ურბანისტები საუბრობენ. ისინი აღნიშნული ობიექტების არსებობაში ბევრ სხვა პრობლემას ხედავენ.

"ქალაქის ცენტრი ისედაც ხალხმრავალი ადგილია, კიდევ რამდენიმე ობიექტის დამატება ხალხის ნაკადს გაზრდის, ამიტომ მიზადშეწონილი არ არის მშენებლობები. მითუმეტეს, როდესაც ეს მწვანე საფარის განადგურების ხარჯზე ხდება", - მიაჩნია ლანდშაფტის არქიტექტორს, რამაზ კილაძეს.

ის ქალაქის ცენტრის განტვირთვას და ერთგვარ "დეცენტრალიზაციას" მიიჩნევს მართებულად.

"მარტო ერთ ადგილას ხომ არ უნდა იყოს ხალხის მასობრივი თავყრილობები? თავკომბალას ხომ არ უნდა დაემსგავსოს ქალაქი? ამიტომ გადავინაცვლოთ სხვაგანაც. სხვა ადგლზე გახსნან "მაკდონალდსი". ქუთაისში ბევრი კარგი ადგილია", - მიაჩნია რამაზ კილაძეს.

საკითხს სხვა მასშტაბებში ხედავს რეჟისორი ლევან ბიბილეიშვილი. მისი თქმით, პრობლემა ამ კონკრეტულ ობიექტებში არაა.

"არა "მაკდონალდსს" - არ ვამბობ. არას ვეუბნები ურბანისტულ ოკუპაციას. თორემ, გინდა "მაკდონალდსი" ააშენონ, გინდა მამა-პაპური დუქანი. საერთოდ არა აქვს ამას მნიშვნელობა. ზოგადად, ურბანისტული პრობლემები არის ქვეყანაში", - აღნიშნავს ლევან ბიბილეიშვილი.

იგი საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილი მშენებლობების სიმრავლეს სახელმწიფოს პასიურობასა და პოლიტიკური დღის წესრიგში პრიორიტეტების სხვაგვარ განაწილებაში ხედავს.

"ადამიანებს არ გააჩნიათ პროტესტი იმიტომ, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დგას ურბანისტიკა. ადამიანები ამბობენ იმას, რომ ეს მიწა სახელმწიფოს ეკუთვნის, ამიტომ სახელმწიფო ვალდებულია ამგვარი ინტერვენციებიდან დაიცვას ქალაქი, და არა პირიქით - ხელი შეუწყოს. სახელმწიფო არ უნდა აძლევდეს საშუალებას მსხვილ კაპიტალს და უხეშ ძალას ასე განაგოს ტერიტორიები და სივრცეები", - აღნიშნავს ლევან ბიბილეიშვილი.

მას ალტერნატიულ პროექტად ცენტრალურ ნაწილში ექსტრემალების პარკის განთავსება მიაჩნია. თუმცა, რამდენადაა შესაძლებელი მსგავსი ალტერნატიული პროექტების განხორციელება, ამის გარკვევა ქუთისში ოფიციალურ დონეზე არ მოხერხდება. ქალაქს არ ყავს მთავარი არქიტექტორი, ან სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს ამა თუ იმ მშენებლობის მიზანშეწონილობაზე.

"ქუთაისში მსჯელობის პრაქტიკა დიდი ხანია აღარ არის. არავინ აანალიზებს აშენდეს თუ არა ესა თუ ის შენობა ამა თუ იმ ადგილზე. მსჯელობისა და განხილვის გარეშე პირდაპირ ფაქტის წინაშე გაყენებენ. სწორედ ეს არის პრობლემა და არა ის - "მაკდონალდსი" უნდა იყოს თუ არა. შეიტან განცხადებას და გეტყვიან რაღაც საკითხზე, რომ მიზანშეწონილი არ არის, მაგრამ ვინ გადაწყვიტა და დაადგინა არის მიზანშეწონილი თუ არა, ეს არავინ იცის", - ამბობს არქიტექტორი, ანდრო მარჯანიშვილი.

იგი არქიტექტურასთან ფრთხილი დამოკიდებულების არარსებობაზე საუბრობს, რადგან არქიტექტურაში დაშვებული შეცდომა აღარ სწორდება.

"ფეხსაცმელი ცუდად რომ შეიკერება, იმას გაცვითავ და გადააგდებ, ცუდ არქიტექტურას ასე იოლად ვერ გადააგდებ", - ამბობს მარჯანიშვილი.

ქალაქის მერი, შოთა მურღულია "მაკდონალდსის" წინააღმდეგ საზოგადოების ნაწილის პროტესტს არ იზიარებს და აცხადებს, რომ ქალაქში სოციალური ფონის გაუმჯობესების ერთადერთი გზა ინვესტიციაა.

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე "მაკდონალდსის" მშენებლობის პროექტზე ნებართვა ჯერ–ჯერობით გაცემული არ არის, თუმცა, ადგილზე ტერიტორიის შემოღობვითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.