ახალი ამბები
ინტერპოლით ძებნილი მშენებელი და სანახევროდ რეაბილიტირებული დევნილთა შენობა
FaceBook
ქუთაისში, ჭავჭავაძის #58–ში ყოფილი მუსიკალური სკოლა–ინტერნატის შენობის პირველ სართულზე დევნილთა 2 ოჯახი უკვე 7 თვეა აღარ ცხოვრობს.

ბინებში არსებული ავარიული მდგომარეობის გამო, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ისინი ამავე კორპუსის მეოთხე სართულზე ქირით შეასახლა.

უწყება რეაბილიტაციის ტენდერში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანიას არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოსთვის ბრალს სდებს, ხოლო თავად სამშნებლო კომპანიის ხელძღვანელს კი ინტერპოლი ეძებს.

ყოფილი მუსიკალური სკოლა–ინტერნატის შენობის რეაბილიტაცია 2014 წლის თებერვალში დასრულდა.

ეკატერინე პერტაია, რომელსაც პირველ სართულზე ერთოთახიანი ბინა გადაეცა, ამბობს, რომ შესახლებიდან რამდენიმე დღეში კედლებზე ბზარები გაჩნდა, რასაც გაუსაძლისი ნესტიც დაემატა.

"მეგონა როგორც იქნა ამდენი ხნის შემდეგ საკუთარი ჭერი მეღირსა, მაგრამ რად გინდა. პირველივე დღესვე ვირთხა დამხვდა შიგნით და დღემდე საშინელი მდგომარეობაა. მხოლოდ ჩემს ჭერში დამაბრუნონ! მეტს არაფერს არ ვითხოვ," – ამბობს გალიდან დევნილი, ეკატერინე პერტაია.

ქუთაისში, ჭავჭავაძის #58–ში ყოფილი მუსიკალური სკოლის შენობაში ამ დროისთვის აფხაზეთიდან დევნილი 68 ოჯახი ცხოვრობს.



პირველ სართულზე მცხოვრებლების განმარტებით, კომპანიამ, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, ამავე შენობის საძირკველი სამშენებლო ნარჩენებით ამოავსო. მათივე თქმით, ავარიული მდგომარეობა თუკი დიდხანს გაგრძელდა, საშიშროება არა მხოლოდ ორ ბინას, არამედ მთლიანად კორპუსს ემუქრება.







დევნილთა და განსახლების სამინისტროს ადგილობრივ წარმომადგენლობაში განმარტავენ, რომ შენობაში პრობლემები არაკეთილსინდისიერად ჩატარებული სამუშაოების შედეგად წარმოიქმნა.

უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, კედლის ბზარები საძირკველში გრუნტის წყლების დაგროვებამ გამოიწვია.

გიორგი სანთელაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ირწმუნება, რომ საძირკველისა და პირველ სართულზე ავარიული ორი ბინის რეაბილიტაციისთვის ახალი ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება და სამუშაოები თავიდან დაიწყება.

"საძირკველი უნდა გაიჭრას, გრუნტისგან უნდა გაიწმინდოს, ნაპრალი უნდა გაკეთდეს, სადაც წყალი გადინებას დაიწყებს. რა თქმა უნდა, გარემონტდება ის ოთახები, რომელიც დაზიანდა და ნორმალური საცხოვრებელი პირობები შეექმნებათ იმ დევნილებს, ვინც იქ არიან", – აცხადებს იმერეთის, გურიის, რაჭა – ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, გიორგი სანთელაძე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ქუთაისში, ჭავჭავაძის #58–ში მდებარე შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი 2013 წლის 28 ივნისს გამოაცხადა. მისი საერთო ღირებულება 1 732 356 ლარი გახლდათ.

ტენდერში მონაწილეობა ექვსმა კომპანიამ მიიღო, რომელთაგან გამარჯვებულად შპს "NBG" გამოცხადდა. კომპანიამ სამუშაოების შესრულებაში 1 158 000 ლარი მოითხოვა.

სამინისტროსა და "NBG"–ის შორის ხელშეკრულება 2013 წლის 19 აგვისტოს გაფორმდა.

რეაბილიტირებულ შენობას ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ საინჟინრო ექსპერტიზა ჩაუტარა. თუმცა, 2014 წლის 17 თებერვალს გაცემულ საექსპერტო დასკვნაში მითითებულია მხოლოდ ის, რომ კორპუსის რეაბილიტაციაზე დახარჯული თანხის საერთო ღირებულება 1 145 985,12 ლარს შეადგენს.

ეს კი კომპანია "NBG"–ის მიერ ტენდერით მოთხოვნილ თანხაზე 12 014,88 ლარით ნაკლებია.

სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას დაეყრდნო ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.

2014 წლის 19 თებერვალს უწყების ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოსა და სამშენებლო შპს "NBG"–ის შორის გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტიდან (#5085/45–5) ირკვევა, რომ კომპანიამ სამუშაო ნაწილობრივ შეასრულა და მასში 1 145 985 ლარი დაიხარჯა.

2014 წლის 26 თებერვალს ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველომ მინისტრის მოადგილეს, გოგი ფაცაციას, სამშენებლო ფირმისთვის ამ თანხის გადახდის მოთხოვნით მიმართა.

დევნილთა და განსახლების სამინისტროს ადგილობრივ წარმომადგენლობაში განმარტავენ, რომ ქუთაისში, ჭავჭავაძის #58–ში ყოფილი მუსიკალური სკოლა–ინტერნატის შენობის ჩაბარების დროს, საცხოვრებელ კორპუსში ხარვეზები არ შეიმჩნეოდა.

გიორგი სანთელაძის ცნობით, შენობის საძირკველს გრუნტის წყლების პრობლემა რეაბილიტაციამდეც ჰქონდა, რაც კომპანია "NBG"–ისთვის ცნობილი იყო.
"მათ უნდა გაეყვანათ ღარი, რომ წყალს მიცემოდა გასვლის საშუალება. ჩათვალეს, რომ ეს შესრულებულია და შემდეგ იჩინა თავი ამ პრობლემებმა. მაშინვე მიმართეს კომპანიას, რომელმაც ამას ვერ გაართვა თავი. შესაბამისმა ორგანოებმა გამოითხოვეს ამ კომპანიის დოკუმენტაცია და როგორც ვიცი, საქმეა აღძრული მის მიმართ," – განმარტავს გიორგი სანთელაძე.

შპს "NBG"–ის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს საქართველოს მთავარი პროკურატურა 2015 წლიდან იკვლევს.

რაც შეეხება კომპანიის ხელძღვანელს ნუგზარ ენდელაძეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვეგ–გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ის საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ ძებნილთა სიაშია მოხსენიებული.

ნუგზარ ენდელაძეზე ძებნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, მე–3 ნაწილისა და "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას გულისხმობს.

მის მიმართ, ასევე, საქმე სსკ 362–მე მუხლის მე–2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტითაა აღძრული, რაც ყალბი დოკუმენტების, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებას, გასაღება ან გამოყენებას გულისხმობს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ჭიათურის მუნიციპალიტეტ სოფელ შუქრუთში მიმდინარე პროტესტს, რომელიც
45-ე დღეა გრძელდება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ეხმიანება.
11:30 / 26.04.2024
ჭიათურის მუნიციპალიტეტ სოფელ შუქრუთში მიმდინარე პროტესტს, რომელიც 45-ე დღეა გრძელდება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება.
საქართველოს პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების
ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
11:02 / 26.04.2024
საქართველოს პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.