რეგიონი
“ეკოლოგიური გენოციდი“ რგანსა და თაბაგრებში
FaceBook
ჭიათურის ორი სოფლის მოსახლეობა "ჯორჯიან მანგანეზს" პირობების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს.
CENN - ის ორგანიზებით 2016 წლის 28-29 ივლისს გაიმართა ტრეინინგ–ტური მედიის წარმომადგენლებისათვის. 25–მდე ჟურნალისტმა გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავებაში მასმედიის როლზე ჯერ ბულაჩაურის „მწვანე ცენტრში“ იმსჯელეს, ხოლო მომდევნო დღეს, ორ ჯგუფად, ჭიათურისა და ტყიბულის კარიერებს ესტუმრნენ.

ჟურნალისტებით დატვირთული სამარშუტო ტაქსი დღის პირველი საათისთვის ჭიათურას მიუახლოვდა, თითქმის კლდეში ნაკვეთი ქალაქი – ასეთი იყო ჟურნალისტთა ნაწილისთვის პირველი შთაბეჭდილება. გაფართოებული თვალებით გასცქეროდნენ "მარშუტკის“ფანჯრიდან მარგანეცით დატვირთული საბაგიროების, ქალაქის თავზე გადაადგილებას.

თვალები ორმაგად გაუფართოვდათ იმ ხიდზე გადავლისას, რომლის ქვეშაც მარგანეცისგან გაშავებული მდინარე მიედინებოდა. ნანახი რამდენიმე ამბად დავყავი:

ამბავი პირველი – გადაჩიჩქნილი, დაავადებული რგანი და ეკოლოგიური გენოციდი თაბაგრებში
ქალაქში ცხელოდა, არსებულ მარგანეცის სუნს, გაუსაძლისი სიცხე კიდევ უფრო ამძაფრებდა.

გეზი სოფელ რგანისკენ ავიღეთ. იქ, ჭიათურაში ერთ–ერთი ყველაზე დიდი მანგანუმის მომპოვებელი კარიერია, სოფელი ზღვის დონიდან 750–800 მეტრზე იმყოფება, თუმცა როგორც კი ქვედა რგანს აუყვები, ხეების რაოდენობა იკლებს და სწორი ჰორიზონტის დანახვა,
დაჯიჯგნილი ტერიტორიის გამო, პრაქტიკულად შეუძლებელია.

რგანში თითქმის ყველა სახლი ამორტიზებულია, თითქმის ყველა სახლის ქვეშ ძველი საბადო გადის ან ახალი, უვლის გვერდს. ახალი ანუ ე.წ. „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიანტი, მცირე კოოპერატივების მიერ ნაჩიჩქნი წიაღი. მიუხედავად იმისა, რომ „ჯორჯიან მარგანეცის“წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მის სამრეწველო ტერიტორიას ქვედა რგანი აღარ წამოადგენს, ღია კარიერული სამუშაოები დასახლებულ მიდამოსთან იმდენად ახლოს გადის, რომ ადგილობრივები ღობის გავლებას აღარც ცდილობენ.

დათიკო ბაბუა 77 წლისაა, ამბობს, რომ წლების წინ თავადაც მანგანუმის წარმოებაში მუშაობდა, მაგრამ რაც ახლა ხდება, ის „საზოგადოებისა და რგანელების აბუჩად აგდებაა“:  არავინ არაფერს გეკითხება, იყვირებ და არაფერი იცვლება, სასამართლოში უნდა ვიჩივლოთ. ამ ადგილას ადრე წაბლნარი, მუხნარი და ხე–ტყე იყო – აბა ნახეთ ახლა ჩიტი თუ დაჯდება სადმე,მთლიანად გადახსნეს, ამ პატარა შპს–ებმა სულ მოუღეს ბოლო აქაურობას, გადათხრიან და მიატოვებენ, ხან ძროხა ვარდება და ხან ადამიანი. – ამბობს რგანელი დათიკო მაჭარაშვილი.

ანალოგიური ვითარებაა სოფელ თაბაგრებში. სოფლის ერთ მონაკვეთში ჟურნალისტებმა ექვსამდე ღია კარიერი დათვალეს, "ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელის თქმით არც თაბაგრებია მათი სამრეწველო ტერიტორია, თუმცა დანგრეული სახლები და ეზოებამდე მიუვალი გზა აქ ჩვეულებრივი ამბავია, უფრო მეტიც ერთ–ერთმა კონტრაქტორმა ისიც კი განუცხადა ადგილობრივებს, რომ სოფელი ტალახიანი და მიუვალი უნდა იყოსო.

ნორა ცუცქირიძე სოფელ თაბაგრებში 40 წელზე მეტია ცხოვრობს. მისი თქმით არავინ ითხოვს მანგანუმის მოპოვების შეჩერებას, მაგრამ მოპოვება კანონის ფარგლებში უნდა მიმდინარეობდესო, ამოღების შემდეგ, ჰუმუსის მოყრა და ნიადაგის განაყოფიერება უნდა ხორციელდებოდეს, დღეს კი თაბაგრებში მსგავსი არაფერია ხდებაო.

„ჩვენ ყოფნას ქვია თაბაგრების გენოციდი, ეკოციდური გენოციდი, ცოცხლად უნდათ, რომ დაგვმარხონ. ასე, რომ გაგრძელდეს 10 წელიწადში ეს სოფელი აღარ იარსებებს. გადათხრილია ყველაფერი, საქონლის საძოვარი აღარ არის, ტყე ხმება, ჰაერი დაბინძურებულია, წყალი მოწამლული, გზები კიდე დაზიანებული. გააქვთ ეს მარგანეცი და ტოვებენ ორმოებს, ადამიანს სახლამდე მისასვლელი გზა აქვს დაკეტილი, პატრონი და მშველელი კი არ ჩანს,
ერთხელ იყო გიგლა აგულაშვილი და მის მერე აღარ უკითხავს მოკვდნენ თუ დარჩნენ ჭიათურელები“, – ამბობს ნორა ცუცქირიძე.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალ შემოქმედებით სამმართველოს უფროსი ნინო თანდილაშვილი ამბობს, რომ წიაღისეულის მოპოვების შემდეგ, მისი აღდგენა იმ კომპანიის პასუხისმგებლობა და მოვალეობაა,რომელმაც ამა თუ იმ შპს–ზე გასცა ნებართვა თუ ლიცენზია ანუ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა წიაღისეულის აღდგენაზე მთლიანად „ჯორჯიან მანგანეზს“ ეკისრება.

თავად კომპანია პასუხისმგებლობას არ გაურბის, პირიქით ჩვენთან საუბარში „ჯორჯიან მანგანეზის“ პიარის დირექტორი ზაქარია ზალიკაშვილი აცხადებს, რომ კომპანია სრულ პასუხისმგებლობას იღებს რეკულტივაციაზე, უფრო მეტიც, ზალიკაშვილი ამბობს, რომ 2012 წლიდან „ჯორჯიან მანგანეზმა“ განაშენიანების სისტემა დაიწყო, რომლის რეკულტივაციის გეგმაც 90 ჰექტარს მოიცავს და 10 წელიწადზეა გათვლილი.

„კომპანიას ოფიციალურად 3 კონტრაქტორი ჰყავს, სხვა დანარჩენი 40 ლიცენზიანტი ქვეკონტრაქტორია, მათ გარდა კიდევ უამრავი შპს მუშაობს წიაღისეულის მოპოვებაზე, რომელთაც წინასწარ უდგინდებათ რა არეალში უნდა იმოქმედონ, შესაძლოა სალიცენზიო არეალი კონკრეტული მოსახლის ეზო აღმოჩნდეს,ვისთანაც ქვეკონტრაქტორი თავად, ინდივიდუალურად დებს ხელშეკრულებას. 2012 წლის შემდეგ, უამრავმა შპს–მ დაიწყო მანგანუმის მოპოვებითი სამუშაო, მანამდე არ არსებობდა მსგავსი სახით სახელმწიფო ნებართვა,“ – აცხადებს ზალიკაშვილი.

„ჯორჯიან მანგანეზს“ ამჟამად 7 მოქმედი დახურული და ღია მაღარო აქვს, აქედან მანგანუმის სრული წარმადობის 65% ღია მაღაროებიდან გამოაქვთ, დანარჩენი კი დახურულიდან იმ 40– მდე ლიცენზირებული კონტრაქტორების საშუალებით, რომლებიც ცალკეულად მუშაობენ ჭიათურის სოფლების სხვადასხვა არეალზე. ისმის კითხვა: როგორ უნდა მიხვდეს სოფლის მოსახლეობა, რომელია შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ქვეკონტრაქტორი და რომელი არა? ვის უნდა მოსთხოვონ რეკულტივაციაზე პასუხისმგებლობა და უნდა ეწეროს თუ არა ინდივიდუალურად დადებულ ხელშეკრულებებში პირობები?

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ნელი კორკოტაძე ამბობს, რომ არა მხოლოდ ინდივიდუალურად დადებულ ხელშეკრულებაში უნდა ეწეროს პირობები, არამედ ლიცენზიაში, რომელსაც კომპანია ქვეკონტრაქტორებზე
გასცემს.

„2012 წლამდე იყო ცენზურა და მაკონტროლებელი იყო დაშტამპული, ამიტომაც ხშირ შემთხვევაში გაიცემოდა უპირობო ლიცენზიები, დღეს ვითარება სხვაგვარია, იმის გამო, რომ ჭიათურის სოფლების უმრავლესობა ქვეკონტრაქტორების მუშაობის შედეგად, დაჩიჩქნილია,
ჩვენ „ჯორჯიან მანგანეზს“ 70 ლოკალურ ადგილზე შევამუშავებინეთ რეკულტივაციის პროექტი, რომელიც 2 წელიწადში უნდა გააკეთონ. გარდა ამისა, კომპანია უკვე დაჯარიმებულია 355 მილიონი ლარით ნიადაგზე მიყენებული ზარალის გამო, სხვა საქმეა ის ეთანხმება თუ არა ამ ჯარიმას. რაც შეეხება ჯარიმების აღსრულებას, დაჯარიმებულის გადახდების კონტროლს ჩვენ აღარ ვახორციელებთ“, – განმარტავს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი.

რგანელი დათიკო ბაბუას ეზოდან კი მანგანუმის კარიერი, რამდენიმე მეტრშია, თუმცა კარიერისკენ იშვიათად მიდის და იხედება, დარწმუნებით ვერავის და ვერაფერს აბრალებს, თუმცა როცა დაავადებებზე საუბრობენ უკან არც ის იხევს. რამდენიმე თვის წინ მას შვილიშვილი ლეიკემიით გარდაეცვალა.
სოფლის ცენტრში, ნაძვნარში შეკრებილები ამბობენ, რომ მსგავსი დიაგნოზით რგანში კიდევ 4 ბავშვია დაავადებული. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ სოფელში სხვადასხვა დაავადებებს: ბრონქიტს, სასუნთქი გზებისა და მუცლის ტკივილს, პირღებინებას და სხეულზე ლაქებს ხშირად უჩივიან ბავშვებში, რასაც დაბინძურებულ ჰაერსა და სასმელ წყალს აბრალებენ.

ადგილობრივი ექიმები, მიუხედავად ჩვენი არაერთგზის დაკავშირების მცდელობისა, კომენტარისგან, სხვადასხვა მიზეზების გამო თავს იკავებენ, თუმცა ხმამაღლა საუბრობს დაბინძურებულ წყალზე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის „ჭიათურელთა კავშირის“ ხელმძღვანელი შოთა გაფრინდაშვილი.

„ჩვენ დავუკვეთეთ კვლევები სასმელ წყალზე სანიტარიისა და ჰიგიენის ინსტიტუტს, ავიღეთ სინჯები მთელ ჭიათურაში, რგანის ბაღში და ყველა სასმელი წყლის წყაროზე. რგანში კვლევამ აჩვენა, რომ სასმელი წყალი დაბინძურებულია ფეკალიებით, მეზოფირული ბაქტერიებით,
კოლიბაქტერიებით. ეს იმის ბრალია, რომ სათაო ნაგებობები დიდი ხანია არავის დაუსუფთავებია, მილებიც კი საკმაოდ მოძველებული და ავარიულია“,– აცხადებს, გაფრინდაშვილი.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან 2015 წლის დეკემბერში, CENN - მა ჭიათურელთა დაავადებების დინამიკის ბოლო 10 წლის მონაცემები გამოითხოვა.

სიმსივნით დაავადებულთა ბოლო 10 წლის სტატისტიკური მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე ასეთია: 2010 წელს – 237, 7 მხოლოდ ჭიათურაში, 2015 წლის ბოლო რვა თვის მონაცემებით –87, ხოლო მთელს იმერეთში 1151, 8 მხოლოდ ახალად დაფიქსირებული შემთხვევაა, წინა შვიდი წლის მაჩვენებელის გრაფა კი ცარიელია.

ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში ჰიპერტენზიულ დაავადებებს – 3838,7 და გულის იშემიურ დაავადებებს აქვს – 1078,0, ესეც 100 ათას მოსახლეზე და ისიც პრევენცირებული. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი,
ბრონქიალური და სასუნთქი გზების დაავადებების დინამიკაზე. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ჭიათურელთა უმრავლესობა საჩხერისა და ზესტაფონის კლინიკებს მიმართავს, რადგან ნაწილი საჩხერეშია ჩაწერილი, ნაწილი კი კომპანიის სადაზღვევო სისტემით, ზესტაფონის კლინიკაში სარგებლობს.

ამბავი მეორე – ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებები და მკვეთრად გაწერილი ვადები. რას შეცვლის ჭიათურელებისთვის სრულიად ახალი კანონმდებლობა?

ჭიათურის ორი სოფლის დათვალიერების მაგალითზე თვალსაჩინოა კანონდარღვევების მთელი ნუსხა: ის, რომ მადანის გადაადგილება უნდა ხდებოდეს დახურული სამანქანო სისტემით; ის, რომ მადნის ამოღების შემდეგ, უნდა ხდებოდეს ტერიტორიის რეკულტივაცია;
ის, რომ კომპანიას უნდა ჰქონდეს კონტრაქტორებზე და ქვეკონტრაქტორებზე კონტროლის მექანიზმი; ის, რომ საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული და ყველა პროექტის განხორციელების პროცესში ჩართული.

სად არის აქ კანონის მოქმედების შედეგი? – ერთი შეხედვით არსად, იმიტომ რომ დღეს ამ მიმართულებით არსებობს 1. სუსტი საკანონმდებლო ბაზა, 2. ლიცენზიების გაცემის მოუქნელი სისტემა, რომელიც 2005 წლის შემდეგ, იცვლება მხოლოდ კონკრეტული საინვესტიციო კომპანიების მოთხოვნების მიხედვით და 3. მართალია კანონში განსაზღვრულია მოსახლეობის ჩართულობა, მაგრამ ეს პუნქტი უბრალოდ უუნაროა.

შესაბამისად, ასეთი შედეგი გვაქვს სახეზე: 1. კომპანიების უპასუხისმგებლო მუშაობის პრაქტიკა – გადათხრილი და ორმოებად მიტოვებული სოფლები, 2. აღუდგენელი წიაღისეული და 3. უპასუხისმგებლობა კონკრეტულ ველზე ლიცენზიების გაცემის მიმართულებით.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალ შემოქმედებით სამმართველოს უფროსი ნინო თანდილაშვილი ამბობს, რომ „ჯორჯიან მანგანეზსაც“ და ყველა სხვა კომპანიას, რომელიც წიაღისეულის მოპოვებაზე მუშაობს საქართველოში, სექტემბრიდან ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, სხვა რელსებზე მოუწევთ გადასვლა.

„გარემოსდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებულია სრულიად ახალი კანონპროექტი, რომელზეც უკვე ორი წელია უცხოელ ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ. ეს არის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი. ის სრულიად ახლებურად დაარეგულირებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურას. დღეს არსებული კანონმდებლობით საქმიანობების ჩამონათვალი არასრულყოფილია. პროცედურულად მართალია გვაქვს მოსახლეობის ჩართულობის მექანიზმი,მაგრამ არა იმდენად ადრეულ ეტაპზე, როგორც ეს მოთხოვნილია საერთაშორისო სტანდარტებით.კანონის დახვეწის აუცილებლობა მოვიდა იმ საერთაშორისო ვალდებულებებიდან, რომელიც ქვეყანამ ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ იკისრა. 2017 წლის სექტემბრამდე ჩვენ უნდა შევძლოთ ამ კანონპროექტის იმპლემენტირება“, – ამბობს თანდილაშვილი და ხაზს, რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს უსვამს:

პირველი: გადაწყვეტილებას, რომელსაც გასცემს სამინისტრო, ექნება წინაპირობა ყველა სხვა ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის ანუ იქამდე არ დაიწყება ნებართვის გაცემა, ვიდრე სამინისტროსგან არ იქნება თანხმობა, რომ კონკრეტულ ადგილზე შესაძლებელია პროექტის
განხორციელება.
მეორე: სამინისტრო ჩაატარებს წინასწარ კვლევებს ინვესტორისათვის და ადრეულ ეტაპზევე ეტყვის იმ რისკებს, რაც შესაძლოა განხორციელების პერიოდში მოხდეს. ცხადია, ინვესტორის ფინანსურ დანახარჯებსაც დააზღვევს. ეს სამინისტროსაც მისცემს საშუალებას დეტალურად შეისწავლოს ამა თუ იმ რეგიონში, ინვესტორის მიერ მოთხოვნილი სამუშაოები და ისე მიიღოს კონკრეტული ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილება.
მესამე: მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოების ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი გადაწყვეტილების მიღების ადრეულ ეტაპზე. მას შემდეგ, რაც სამინისტროსთვის ცნობილი გახდება, რომ ესა თუ ის პროექტი ხორციელდება ამა თუ იმ რეგიონში, ის ვალდებული იქნება ამის თაობაზე შეატყობინოს ადგილობრივ მოსახელობას, დაინტერესებულ პირებს და ინფორმაცია განათავსოს არა მხოლოდ ადგილობრივ გაზეთში, არამედ განსაკუთრებით თავშეყრის ადგილებშიც.
მეოთხე: კანონმდებლობით შემოდის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემა, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეული სექტორის, იქნება ეს ქვეყნის სივრცითი დაგეგმარების, სოფლის მეურნეობისა თუ სამელიორაციო სისტემების განვითარების გეგმა და პროგრამა, რომელსაც შეიმუშავებს სახელმწიფო, დაექვემდებარება შეფასებას გარემოსდაცვის და ჯანდაცვის მიმართულებით.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალ შემოქმედებით სამმართველოს უფროსი აქვე დასძენს, რომ აღნიშნული კანონპროექტი საქმიანობას გაუადვილებს არა მხოლოდ სამინისტროს, არამედ თავად ინვესტორებსაც, რადგან ახალი კანონი აბსოლუტურ შესაბამისობაშია იმ საერთაშორისო კანონმდებლობასთან, რასაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები სთხოვენ პროექტების განმახორციელებელ კომპანიებს.
გამოდის, რომ ნაცვლად ორი გზშ–ს დოკუმენტისა ინვესტორს მოუწევს ერთი დოკუმენტის განხილვა, ამით დაკმაყოფილებული იქნება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მოთხოვნებიც და ეროვნული კანონმდებლობის ნორმებიც. კანონი მაქსიმალურად ითვალისწინებს გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების დადებით კონტექსტში გადაჭრას, თუმცა ვნახოთ მიიღებს თუ არა მას პარლამენტი და რამდენ ხანში აისახება მისი „სიკეთე“ჭიათურელებზე.

ამბავი მესამე – CENN - ის რეკომენდაციები და მედია ტური

CENN - მა ბულაჩაურის „მწვანე ცენტრში“ 25 – მდე ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენელი ტრეინინგ–ტურში მონაწილეობის მისაღებად შეკრიბა.

სატრენინგო თემა საქართველოში სამთო-მოპოვებით მრეწველობას ეხებოდა. იმერეთის რეგიონში მომუშავე ონლაინ გამოცემის , „ქუთაისიპოსტის“ ჟურნალისტი დეა მანაგაძე ამბობს, რომ მსგავსი მედია ტურების მოწყობა ჟურნალისტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელიცაა, რადგან გარდა იმისა, რომ ინფორმაციას უშუალოდ პროცესში ჩართული მხარეებისგან იღებენ, მედია ტური საშუალებას გაძლევს ადგილზე გაეცნო პრობლემას.

„ინფორმაციის ხელმისაწვდომობაა სირთულე. კომპანია ყოველთვის ცდილობს ინფორმაცია იმ სახით მოგვაწოდოს, როგორც თავად სურს. ვინ არიან კომპანიის მფლობელები, რა ოდენობის და ღირებულების მადანი გადის რეგიონიდან, ვინ დგანან კონტრაქტორი კომპანიების უკან და რატომ მრავლდება მათი რიცხვი ყოველწლიურად? – ეს მხოლოდ ნაწილია იმ პასუხგაუცემელი კითხვების, რაც ამ თემის ირგვლივ არსებობს. ასევე,
ადგილობრივებს არ აქვთ ინფორმაცია მათი უფლებების შესახებაც. ეს კი არც თუ ისე პატარა პრობლემაა“, – ამბობს „ქუთაისიპოსტის“ ჟურნალისტი.

დეას სიტყვებს ეთანხმება სენის წარმომადგენელი ანა ინასარიძე. ანა განმარტავს, რომ მედიის როლი მნიშვნელოვანია, როგორც გარემოსდაცითი საკითხების პოპულარიზაციისა და საზოგადობის ინფორმირებულობისათვის, ასავე კერძო სექტორისა და სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდაში. გარემოსდაცვის სამინისტროსა და კონკრეტული კომპანიების მიმართ საკუთარი რეკომენდაციები აქვს:

„მიუხედავად იმისა რომ სამთო-მოპოვებითი მრეწველობა საქართვლოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, საკმაოდ დიდია სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სამომავლო ეკონომიკური ზემოქმედების რისკი ბუნებრივ, სოციალურ და კულტურულ გარემოზე. ამჟამად სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული დარგის რეგულირების საკანონმდებლო ბაზა სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს სექტორის პასუხისმგებლიან ფუნქციონირებას. კერძო,
სექტორის მხრიდან არ ხდება სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინება, ბიზნესს საქმიანობის განხორციელების პროცესში. მათი მხრიდან დარღვევები მხოლოდ ჯარიმების სახით კომპენსირდება, თუმცა გადახდილი თანხების ოდენობა ბევრად მცირეა, ვიდრე გარემოს დაზიანებასთან დაკავშირებული გრძელვადიანი სოციალური რისკები,“ – განაცხადა ანა ინასარიძემ.

ტრენინგ – ტური CENN – ის რეგიონალური პროექტის „გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა სასარგებლო წიაღისეულის მართვის სექტორში კავკასიაში“ ფარგლებში მოეწყო, რომელიც გერმანული ფონდის Bread for the World - ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

მარიკო წიქორიძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.