საქართველოში დემოგრაფიული კრიზისია.
ამაზე სტატისტიკა მიუთითებს.
გასულ წელს 1994 წლიდან მოყოლებული დაბადებულთა რაოდენობა 40 ათასიან
ნიშნულს ჩამოსცდა.
ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში 39 483 ბავშვი დაიბადა,
43 971 ადამიანი კი გარდაიცვალა. შესაბამისად, საქართველოში უარყოფითი
ბუნებრივი მატება 4 488 ერთეულით განისაზღვრა.
2014 წლიდან მკვეთრად არის შემცირებული როგორც პირველი, ასევე მეორე
შვილის გაჩენის შემთხვევები. 2023 წელს 11 194-ით ნაკლები პირველი და
9 647-ით ნაკლები მეორე შვილი გაჩნდა საქართველოში.
შობადობის შემცირება თვალშისაცემია მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა,
არსებობს რეგიონები, სადაც არა მხოლოდ ახალშობილების, მთელი
მოსახლეობის რიცხვიც დრამატულად იკლებს. ამ მხრივ ყველაზე მძიმე
მდგომარეობა იმერეთშია.
2015-დან 2023 წლამდე თითქმის 68 000-ით შემცირდა იმერეთში მცხოვრებთა
რაოდენობა; ეს უფრო მეტია, ვიდრე მთელი ზეს/ტაფონის მუნიციპალიტეტის
მოსახლეობა.
"თუ შობადობა არ გაიზარდა, შედეგი იქნება ნეგატიური. საქართველოში
უკვე ფაქტობრივად, დეპოპულაცია დაწყებულია. ბოლო რამდენიმე წელია მეტი
ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. თუ დეპოპულაციური პროცესები
გაგრძელდა, ისევ უფრო მეტი გადაიცვლება, ვიდრე დაიბადება, ეს
გამოიწვევს იმას, რომ მოსახლეობა შემცირდება. ამ დროს, ნებისმიერი
ქვეყნისთვის თავისი მოსახლეობა არის ყველაზე დიდი სიმდიდრე. თუ
მოსახლეობა არ იქნება, რად გვინდა რაიმე?!
პლუს ამას, შეიძლება, ძალიან ნეგატიური პროცესები განვითარდეს, სხვა
ერების შემოსვლაა მოსალოდნელი. ცარიელი ადგილი არსად რჩება, ამიტომ,
შესაძლოა, ჩვენი მოსახლეობა მომავალში სხვა ეროვნების მოქალაქეებმა
ჩაანაცვლონ. ეს ნამდვილად საფიქრალი და გასათვალისწინებელია", -
აღნიშნავს „ბიზნესპრესნიუსთან“ გიორგი მელაძე.
მოსახლეობის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ემიგრაციაა - მხოლოდ
2022 წელს საქართველოდან 15-დან 64 წლამდე ასაკის ასი ათასზე მეტი
ადამიანი წავიდა. ამ წელს 13 ათასი იყო ემიგრანტი ბავშვების
რიცხვი.
საქართველომ მოსახლეობის დაბერება 2016 წელს აღიარა პრობლემად. ამ
ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში მოსალოდნელია, 2030 წლისთვის 65
წელს გადაცილებული ადამიანების წილი საერთო მოსახლეობაში 21%-მდე
გაიზარდოს.
მასალის გამოყენების პირობები