მშრომელების კარავი - ბრძოლა, რომელიც არ დასრულებულა
11:40 / 14.05.2026
„კარავი ჩვენთვის სახლად იქცა.
ეს ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი, თუნდაც ამას შევეწიროთ", -
გვიყვება ჭიათურელი მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე და თან იმ პატარა
ქარავანს გვათვალიერებინებს, რომელიც უკვე 430 დღეზე მეტია მისი
ყოველდღიურობა, თავშესაფარი და ერთადერთი იმედია.
ჭიათურის შუაგულში მდგარი ეს კარავი მხოლოდ პროტესტის ადგილი აღარ
არის.
აქ იძინებენ, აქ ამხნევებენ ერთმანეთს და აქ ელოდებიან პასუხს,
რომელიც ამ დრომდე არავის გაუცია.
ეს ისტორია პროტესტზეა.
მაგრამ ყველაზე მეტად — ადამიანებზე, რომლებსაც საკუთარი შრომისა და
ღირსების დაცვა მოუწიათ.
კარავი, რომელიც სახლად იქცა
კარავი და ქარავანი 2025 წლის მარტში
დაიდგა.
ქარავანი პროფკავშირმა „ლაბორმა“ გადასცა.მანამდე სხვა საპროტესტო აქციაზე იდგა, დღეს კი
ჭიათურელი მაღაროელების დროებით სახლადაა ქცეული.
მაშინ ვერავინ იფიქრებნენ, რომ აქ ღამეების
თენება 430 დღეზე მეტხანს მოუწევდათ.
„ზოგჯერ აქ უფრო მეტ დროს ვატარებთ, ვიდრე საკუთარ ოჯახებში,“ —
ამბობს ტარიელი.
ვიწრო სივრცეში რვა ადამიანი ეტევა, მაგრამ ამ კედლებში გაცილებით
მეტი რამ არის მოქცეული — შიში, გაბრაზება, დაღლა და მაინც,
იმედი.
კარავი ქალაქის ცენტრში, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ოფისის
გვერდით და "ქართული ოცნების" ჭიათურის მერიის წინ დგას.
სიმბოლურიცაა ეს ადგილი.
ერთ მხარეს — ადამიანები, რომლებმაც სამსახური და სტაბილურობა
დაკარგეს.
მეორე მხარეს — ძალაუფლება, რომლის მიმართაც ისინი პასუხებს
ითხოვენ.
ღამით, როცა ქალაქი ჩუმდება, აქ ისევ ანთია შუქი — იმ ადამიანების,
ვინც ჯერ კიდევ ელოდება სამართლიანობას.
„არის მომენტები, როცა რომელიმე ჩვენგანს უიმედობა შეგვიპყრობს,
მაგრამ გუნდში ყოველთვის მოიძებნება ის ერთი, რომელიც თუნდაც წამიერად
დანებების საშუალებას არ გაძლევს,“ — ამბობს ტარიელ მიქაცაძე.
ტარიელი
ტარიელ მიქაცაძე ჭიათურაში ცხოვრობს.
ამბობს, რომ საკუთარი ქალაქის დატოვებაზე არასოდეს უფიქრია.
სწორედ ამიტომ გაატარა 15 წელი მაღაროში — ქალაქში, სადაც ბევრი
ადამიანისთვის მიწისქვეშ მუშაობა ერთადერთი გზაა, ოჯახი არჩინოს.
დღეს ტარიელი უმუშევარია.
ახლა მისი მთავარი საქმე პროტესტში ყოფნაა.
კარავში დგომა, დარჩენილი თანამებრძოლების გამხნევება და იმის
შეხსენება, რომ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.
ამბობს, რომ მისი ოჯახი დღეს მეუღლის — პედაგოგის ხელფასით და კეთილი
ადამიანების დახმარებით ცხოვრობს.
„ძნელია, მაგრამ ვუძლებთ,“ — ამბობს ის.
ყველაზე მძიმე წუთებშიც კი სჯერა, რომ საბოლოოდ გამარჯვება მათ მხარეს
იქნება.
შიში და დუმილი
ჭიათურაში ყველამ იცის.
ყველა ხედავს კარავს და იმ ადამიანების ისტორიას, ვინც აქ უკვე 430
დღეზე მეტია დგას.
ქუჩაში თითქმის ყველა ჩერდება, უყურებს, ზოგჯერ გვესალმება კიდეც,
მაგრამ კამერის წინ საუბარი არ უნდათ.
გვეუბნებიან, რომ „სხვის საქმეში არ ერევიან.“
მხოლოდ მორიდებით, თითქმის დარცხვენით ამბობენ, რომ მშრომელებს უნდა
მოუსმინონ.
პროტესტის მონაწილეები კი ამბობენ, რომ ყველაზე მძიმე არა მხოლოდ
სამსახურის დაკარგვა, არამედ სწორედ ეს შიში და დუმილია.
„ვერავის ვამტყუნებ,“ — ამბობს ტარიელ მიქაცაძე.
„ადამიანებს აშინებენ. ვისაც მაღაზია აქვს — ეუბნებიან, ფართიდან
გაგაგდებთო. ვისაც ფართი საკუთრებაში აქვს — შემოწმებებით და
ჯარიმებით ავიწროებენ.“
მის ხმაში წყენა ნაკლებად იგრძნობა. უფრო — გულისტკივილი.
ამბობს, რომ ბევრმა მეგობარმა იმედი გაუცრუა.
ყველაზე მეტად კი მათ, ვისთან ერთადაც ოდესღაც ეს კარავი დადგა და
ბრძოლა დაიწყო.
თუმცა მათზე არ ბრაზდება.
„მეცოდებიან,“ — ამბობს ტარიელი.
„უბრალოდ იძულებული გახდნენ, რეჟიმს დამორჩილებოდნენ.“
მათ გვერდით და მათ წინააღმდეგ
„2025 წელი არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა
პროტესტი გვქონია. წინა წლებში სულ რაღაცას ვითხოვდით. მაგრამ მაშინ
გულუბრყვილოდ გვეგონა, რომ მხოლოდ კომპანია გვიპირისპირდებოდა —
სინამდვილეში ასე არ ყოფილა. ჩვენ გვებრძვის სისტემა,“ — ამბობს
ტარიელ მიქაცაძე.
მაღაროელები ამბობენ, რომ ამ თვეების განმავლობაში მათ წინააღმდეგ
მთელი სისტემა მუშაობდა.
„ჩვენ წინააღმდეგ იყვნენ ბანკები, სხვადასხვა სტრუქტურები, ზოგი
პროფკავშირიც კი,“ — ჰყვებიან ისინი.
„ყველა ცდილობდა, ხალხი დაეშინებინა და პროტესტი დაშლილიყო.“
თუმცა, მათი თქმით, პარალელურად გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც
ბრძოლაში მარტო არ დაატოვეს — მოქალაქეები, რომლებიც მცირე თანხებს
რიცხავენ, საჭმელი მიაქვთ ან უბრალოდ მიდიან და ეუბნებიან, რომ მათი
ესმით.
დაკავებები
2025 წლის 28 აპრილს ჭიათურაში, პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის
მაღაროს დირექტორს შორის ინციდენტი მოხდა.
პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, არჩილ
ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი შუქრუთის მაღაროს დირექტორს თენგიზ
კობერიძე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში
დაზიანება მიაყენეს.
პროკურატურის პოზიციით, მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ბრალად
ედებოდათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა (სისხლის
სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები), ხოლო არჩილ
ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს — ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში
მონაწილეობა (225-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
ტარიელ მიქაცაძე კი ამბობს, რომ ინციდენტი ნამდვილად მოხდა, თუმცა
მისი მონაწილეები, მისი თქმით, არ არიან ციხეში მყოფი პირები — არამედ
ადამიანები, რომლებიც კვლავ მაღაროში არიან დასაქმებული.
მისი განმარტებით, საქმე პროვოკაციას უკავშირდებოდა და მიზანი იყო იმ
ადამიანების განრიდება პროტესტიდან, რომლებიც, მისი თქმით, აქტიურად
იყვნენ ჩართული პროცესში და ყოველდღიურად ჭიათურის პრობლემების
მოგვარებაზე მუშაობდნენ.
„ისინი იყვნენ ადამიანები, ვისაც სიტყვას ფასი ჰქონდა
თანაქალაქელებისთვის,“ — ამბობს ტარიელი.
რა ქნა პროტესტმა
პროტესტში მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ მათი ბრძოლის შედეგად
კომპანიამ მაღაროში მუშაობის ნაწილი აღადგინა და 3600
გათავისუფლებულიდან დაახლოებით 1600 ადამიანი უკან დააბრუნა
სამუშაოზე.
საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც „სიემსი ჯგუფმა“ 2025 წლის 7
მარტს სატელეფონო შეტყობინებით აცნობა, რომ მიწისქვეშა სამუშაოები
ჩერდებოდა.
მათი თქმით, ასევე გაიცა ორი თვის განმავლობაში დაგვიანებული
ხელფასებიც — რაც პროტესტის ერთ-ერთ კონკრეტულ შედეგად მიიჩნევა
ტარიელ მიქაცაძე ამბობს, რომ სწორედ ამ პროცესების შემდეგ გაჩნდა
უნდობლობა არსებულ პროფკავშირთან და დაიწყო ახალი ორგანიზების
იდეა.
მაღაროელები საუბრობენ ახალი, დამოუკიდებელი პროფკავშირის შექმნაზე —
სტრუქტურის, რომელიც მათი თქმით, იქნება პირდაპირ მშრომელების
ინტერესებზე ორიენტირებული და არ იქნება გარე გავლენებზე
დამოკიდებული.
მათი შეფასებით, ეს მხოლოდ კონკრეტული პროტესტი არ არის —
ეს შეიძლება გახდეს პროფკავშირული ბრძოლის ახალი დასაწყისი
ჭიათურაში.
„ყველაფერი ვერ შევცვალეთ,“ — ამბობს ტარიელი,
„მაგრამ დავინახეთ, რომ ბრძოლას აზრი აქვს.“
ბოლომდე
ტარიელ მიქაცაძე ამბობს, რომ ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.
მისი თქმით, ყველაფერი რაც აქამდე მოხდა — აღდგენილი სამუშაოები ,
სამსახურში დაბრუნებული ადამიანები, გადახდილი ხელფასები, ქუჩაში
დგომის 430-ზე მეტი დღე — მხოლოდ დასაწყისია.
თუმცა ეს 430 დღე მარტივი არ ყოფილა.
პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ამ პერიოდში იყო შიმშილობაც —
ზოგმა მშრალი შიმშილობაც დაიწყო.
მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, იძულებულნი
გახდნენ შეეწყვიტათ.
„ეს არ არის გამარჯვება,“ — ამბობენ პროტესტის მონაწილეები.
„ეს არის ბრძოლა, რომელიც უბრალოდ არ გაჩერდა.“
ერთ დროს აქ 300-მდე ადამიანი იდგა.
დღეს ნაკლებია.
მაგრამ კარავი ისევ დგას.
ღამით, როცა ჭიათურა ჩუმდება, ამ პატარა სივრცეში ისევ ისმის საუბარი,
დაღლა და იმედი ერთად.
გარეთ — ქალაქია, სადაც ყველა ყველაფერს ხედავს, მაგრამ ცოტას
ამბობს.
შიგნით — ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ელოდებიან პასუხს.
„ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი,“ — ამბობს ტარიელი.
„თუნდაც მარტო დავრჩეთ.“
***
2025 წლის მარტში „CMC ჯგუფმა“ დასაქმებულებს SMS შეტყობინებით
აცნობა, რომ მიწისქვეშა სამუშაოებს წყვეტდა, რასაც მუშების პროტესტი
მოჰყვა.
შემდგომში მუშებმა დაიწყეს გაფიცვა და აქციები უკეთესი სამუშაო
პირობებისა და სამართლიანი ანაზღაურების მოთხოვნით. პროცესის
განმავლობაში რამდენიმე მაღაროელი დააკავეს, რამაც კონფლიქტი კიდევ
უფრო გაამწვავა.
პროტესტი ეტაპობრივად გადაიზარდა უფრო ფართო მოძრაობაში, რომელიც
უკვე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნასაც მოიცავს და პერიოდულად
თბილისში, პროკურატურასთან გამართული აქციებითაც გრძელდება.
"მინდოდა გვირილობის რეალური ტრადიცია აღმედგინა,“ — ამბობს
სამოქალაქო აქტივისტი გვანცა თოთაძე, რომელმაც სწორედ ამ დღეს დაიწყო
კამპანია „1 ლარი სოლიდარობისთვის“.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები