ახალი ამბები
გადავადებულია წლის ბოლომდე - საგამოფენო სივრცის მოწყობის პროექტში ცვლილებები შევიდა
FaceBook
ქუთაისის მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცე ერთ-ერთია იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის, რომლის სამუშაოებიც მერიის მიერ დამკვიდრებული ტრადიციით, თავის დროზე არ დასრულდება.

საუბარია ცენტრალურ მოედანზე მდებარე, მუზეუმის ნაცვლად, საგამოფენო სივრცის მოწყობაზე, რომლის სამუშაოების დამთავრების თარიღმა წლის ბოლომდე, 31 დეკემბრამდე გადაიწია. არადა, სამუშაოები, თავდაპირველი ხელშეკრულებით, ჯერ, მიმდინარე წლის 15 თებერვალს, შემდეგ კი - 16 აპრილს უნდა დასრულებულიყო. 

მიზეზი პროექტში შესული ცვლილებებია, რაც ობიექტის მდგრადობის თავიდანვე არ შესწავლით, შემდეგ კი საგამოფენო სივრცისთვის გამოსაყენებელი მუზეუმის შენობის სამივე ფასადის დაშლით არის გამოწვეული.

იმის გამო, რომ შენობის მდგრადობაზე ექსპერტიზის ჩატარება, მერიაში, გვიან, სარეაბილიტაციო სამუშაოების შუა პროცესში პროტეტსის შემდეგ მოაფიქრდათ, შპს „ნს-სტუდიას“ როგორც კონსტრუქციულ, ასევე არქიტექტურულ ნაწილში, პროექტის შეცვლა მოუწია.

„ნს-სტუდიოს“ წარმომადგენელი ლუკა ჩაგანავა განმარტავს, რომ პროექტში შესული ცვლილებებით, ობიექტის არქიტექტურული იერსახე არ იცვლება და კორექტირება მხოლოდ ტექნიკურ ნაწილს შეეხო.

კომპანია „ართვინ ჯორჯია“ ამჟამად ახალ კედლებს აშენებს, რომელშიც მუზეუმის შენობის დაშლილი ფასადების შემონახულ დეტალებსა და ორნამენტებს იყენებს.



არადა, თავდაპირველი პროექტის მიხედვით, მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცე, მუზეუმის ყოფილი შენობის სამივე კედლის გამოყენებით უნდა აშენებულიყო, ვინაიდან ობიექტის მთავარ არქიტექტურულ ღირებულებას სწორედ ეს ფასადები (დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის) წარმოადგენდა.

თუმცა, როგორც მაშინ მერიაში განმარტეს, სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში გაირკვა, რომ შენობა არ იძლეოდა სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლების შენარჩუნების საშუალებას, ამიტომ, ორივე კედელი დაშალეს. მესამე კედლის მდგრადობის შესწავლა კი, მხოლოდ მას შემდეგ "მოაფიქრდათ", რაც სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით არქიტექტორი გამოვიდა, შემდეგ კი კედლის მცირე ნაწილიც ჩამოიშალა.

როგორი უნდა ყოფილიყო ქალაქის ცენტრში მულტიფუნქციური სივრცე ნახეთ აქ.

ქუთაისში, მუზეუმის ყოფილ შენობაში საგამოფენო სივრცის მოწყობითი სამუშაოები გასული წლის ზაფხულში დაიწყო. კომპანია "ართვინ ჯორჯია" ტერიტორიაზე ღია ტიპის საგამოფენო სივრცის მოწყობას 4 მილიონ 999 227 ლარის სანაცვლოდ ახორციელებს.

ახალი სივრცის პროექტი შპს "ნს სტუდიომ" მოამზადა, რომლის მიხედვითაც შენობას ძველი იერსახე შეუნარჩუნდება და ახალ არქიტექტურასთან სინთეზი მოხდება.

ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობა 1860 წელს აშენდა. 2013 წლამდე აქ მუზეუმი ფუნქციონირებდა. 2012 წლის 9 იანვარს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მაშინდელი მინისტრის ბრძანებით, ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მოეხსნა. 2017 წელს, ფუნქციის გარეშე დარჩენილ შენობაში ბიზნესმენი თემურ ჭყონია სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, თუმცა, საბოლოოდ, შეთანხმება არ შედგა.

წლების განმავლობაში მერიამ შენობას ფუნქცია ვერ მოუძებნა. ისტორიულ ნაგებობას ერთადერთი დატვირთვა ჰქონდა - ადგილობრივი ხელისუფლება მის ფასადს ქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ამსახველი ბანერების გამოსაფენად იყენებდა.


ამავე თემაზე:


მუზეუმის ყოფილი შენობის დანგრევის შემდეგ, საგამოფენო სივრცისთვის საჭირო კედლებს თავიდან ააშენებენ

ქუთაისში, მუზეუმის ყოფილი შენობის ერთადერთი კედელიც დაშალეს

მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცე - სამუშაო ვადებსა და იერსახეში აბნეული პროექტი

მერია მუზეუმის შენობის ფასადის მდგრადობას სამუშაოების დაწყებიდან 6 თვის შემდეგ შეისწავლის

ქუთაისის მუზეუმის ყოფილი შენობის ფასადის ნაწილი ჩამოიშალა

"დროებით შეჩერდეს სარეკონსტრუქციო სამუშაოები"- არქიტექტორი ხელისუფლებას მიმართავს

ცენტრალურ მოედანზე საგამოფენო სივრცის მოწყობითი სამუშაოები დაიწყო

რა ისტორია უკავშირდება მუზეუმის ყოფილ შენობას, სადაც ახალი სივრცე უნდა მოეწყოს


Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #მუზეუმი
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.