ახალი ამბები
30 წლით გაიჯარებული ნაკვეთი კორპუსის წინ - ვინ დგას მშენებლობის უკან
FaceBook
ქუთაისის მერიამ საკუთარ მოსახლეობას დავა მეორედ მოუგო. ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლებმა ისევ ვერ აიძულეს ქალაქის ხელისუფლება უარი ეთქვა სკვერში მშენებლობაზე.

მერიამ ბუხაიძის #24-ში, სამწლიანი ინტერვალით, მეორე შენობის მშენებლობაზე გასცა ნებართვა. ჯამში, ადგილობრივებმა კორპუსის წინ არსებული მიწის 963 კვ.მ დაკარგეს.

ქალაქის ცენტრალურ უბანში, ერთ ჰექტრამდე მიწა ქუთაისის მერიამ 30 წლიანი იჯარითა და აღნაგობის უფლებით გასცა. ადგილზე პირველი შენობა მოსახლეობის პროტესტის ფონზე, 2018 წელს აშენდა. მაშინ მშენებლობას მრავალწლოვანი ნაძვები შეეწირა, თუმცა, მერიას ამაზე რეაგირება არ მოუხდენია. სამი წლის შემდეგ კი, ადგილობრივებისთვის ცნობილი გახდა, რომ მათი კორპუსის წინ კიდევ ერთი მშენებლობა იწყება. ბუხაიძის #24-ში სამშენებლო ადგილი უკვე შემოღობილია და მიმდინარეობს ბეტონის კონსტრუქციის ჩასხმა.

ადგილობრივები, რომლებმაც დასასვენებელი და გასართობის სივრცის წართმევა არაერთხელ, მათ შორის წერილობითაც გააპროტესტეს, ამბობენ, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს, რადგან დარწმუნდნენ, რომ მერიას საკუთარი მოსახლეობის არ ესმის.

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, გიგა შუშანია ამბობს, რომ მშენებლობის უკან იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი გოჩა თევდორაძე და ქონების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი ბესიკ ცქიფურიშვილი დგანან. ამჟამად ორივე მათგანი "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები არიან, მანამდე კი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იყვნენ. გოჩა თევდორაძე ახლა "პატრიოტთა ალიანსის" აღმასრულებელი მდივანია, ბესიკ ცქიფურიშვილი კი, ამავე პარტიის ქუთაისის საარჩევნო შტაბის უფროსი.

გიგა შუშანია ამბობს, რომ ეს ტერიტორია მათ "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლის სანაცვლოდ მისცა.

"ეს მიწა "ოცნებამ" სწორედ "ნაციონალური მოძრაობიდან"  "ოცნების" ბანაკში გადაბარგების სანაცვლოდ მისცა მათ, მაგრამ მოსახლეობის პროტესტის ფონზე ყველა წინამორბედმა მერმა უარი უთხრა ამ სკვერში მშენებლობაზე. მხოლოდ ახლა, როდესაც გააქტიურდა "პატრიოტთა ალიანსი" იმ მოღალატეობრივი მიმართვის ფონზე, საეჭვოდ დაემთხვა ამ საკითხის შემოტანა საკრებულოს სხდომაზე", - ამბობს გიგა შუშანია.

ბუხაიძის #24-ში ახალი მშენებლობით დაინტერესებული პირების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ბესიკ ცქიფურიშვილმა საკრებულოს განცხადებით მიმართა და ამ მისამართზე არსებული მიწის ნაკვეთის, 454 კვ.მ ტერიტორიის კონფიგურაციის შეცვლა მოითხოვა. მერიამ წერილი მიიღო და საკრებულოს დასამტკიცებლად დღევანდელ სხდომაზე წარუდგენს.

მშენებლობასთან კავშირს უარყოფენ გოჩა თევდორაძე და ბესო ცქიფურიშვილი. "ქუთაისიპოსტი" ორივე მათგანს დაუკავშირდა. გოჩა თევდორაძე ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს, ჩვენ კი,  საკითხით დაინტერესების გამო "შუშანიას სააგენტოს".

"თქვენ უფროსს, შუშანიას გადაეცით, რომ არაფერს ქუთაისში არ ვაშენებ, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს. 10 წელია თბილისში ვცხოვრობ, ქუთაისში ჩამოვდივარ ერთი დღით, ტყუილია ეს ყველაფერი", - განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

"შუშანიას გადაეცით, რომ მატყუარაა", - თქვა ბესიკ ცქიფურიშვილმა.

რა წერია დოკუმენტებში?

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ერთი და იგივე მისამართზე (ბუხაიძის #24) ორი მიწის ნაკვეთი, (509 კვ.მ და 454 კვ.მ) 2013 წელს ერთ პირზე, ქუთაისის კერძო სატრანსპორტო კომპანია "იმერტრანსი-XXI"-ის მეწილეზე, ვარლამ დარსაველიძეზე 30 წლიანი იჯარით გაიცა. მოგვიანებით ვითარება იცვლება და ტერიტორიებზე მშენებლობის უფლების მქონე პირებად ბესიკ ცქიფურიშვილისა და გოჩა თევდორაძის შვილები - ლევან ცქიფურიშვილი და გიორგი თევდორაძე მესამე პირთან ერთად ხდებიან.

საჯარო რეესტრის 2020 წლის ამონაწერით, ნაკვეთი #2-ზე, სადაც მრავალფუნქციური შენობა 2018 წელს აშენდა, მოაღნაგე პირები ლევან ცქიფურიშვილი და გიორგი თევდორაძე იყვნენ. ნაკვეთი #1-ზე კი, სადაც მშენებლობა ახლა დაიწყო, მათ ტერიტორიის 33%-33%-იანი წილი ეკუთვნით.

ლევან ცქიფურიშვილთან და გიორგი თევდორაძესთან დაკავშირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, თუმცა, "ქუთაისიპოსტი" საკითხზე მოკვლევას აგრძელებს. 

რატომ გასცა მერიამ კორპუსის წინ ერთ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი 30 წლიანი იჯარით, ამაზე ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტება არ გაუკეთებიათ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ევროპის სახელმწიფო საფოსტო
ოპერატორების ასოციაციამ PostEurop-მა რუსეთის ფედერაციის „რუსეთის
ფოსტასა“ და ბელორუსის „ბელპოჩტას“ წევრობის უფლებები
შეუჩერა.
17:21 / 02.07.2022
ევროპის სახელმწიფო საფოსტო ოპერატორების ასოციაციამ PostEurop-მა რუსეთის ფედერაციის „რუსეთის ფოსტასა“ და ბელორუსის „ბელპოჩტას“ წევრობის უფლებები შეუჩერა.
ზესტაფონში უხვი ნალექის გამო,
ჩხეიძის ქუჩაზე, ხიდის მიმდებარედ არსებული გზა ჩაინგრა.
14:37 / 02.07.2022
ზესტაფონში უხვი ნალექის გამო, ჩხეიძის ქუჩაზე, ხიდის მიმდებარედ არსებული გზა ჩაინგრა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.