რეგიონი
სკოლის შენობა, რომელიც, შესაძლოა, სასტუმრომ ჩაანაცვლოს
FaceBook
71 წლის საგანმანათლებლო ისტორიის მქონე ტყიბულის მეორე საჯარო სკოლის შენობის ადგილზე, შესაძლოა, სასტუმრო აშენდეს.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტის სასტუმროთი ჩანაცვლების ინტერესი, როგორც ტყიბულში ამბობენ, ტურისტების მომრავლების შემდეგ გაჩნდა.  სჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია 12 წლის წინ "ვისოლმა" შეიძინა.

ამ თემაზე მუნიციპალიტეტში მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, მეორე  სჯარო სკოლის 119 მოსწავლე სხვა შენობასა და სწავლების მეორე ცვლაში გადაიყვანეს, რასაც მშობლების პროტესტი მოჰყვა.

ტყიბულის საგანმანათლებლო რესურცენტრში სკოლის შენობის დანგრევის საჭიროებას ობიექტის ავარიულობიდან გამომდინარე  ხსნიან. სამაგიეროდ, მშობლების ნაწილი, საგანმანათლებლო ობიექტის გაუქმების საკითხს კომერციულ დაინტერესებას უკავშირებს.



ტყიბულის N 1 საჯარო სკოლა

სკოლის შენობის სასტუმროთი ჩანაცვლების ინტერესი, როგორც ტყიბულში ამბობენ, ტურისტების მომრავლების შემდეგ გაჩნდა. ტყიბულში მცხოვრებლების თქმით, ტურისტული სეზონი მიმდინარე წლის ზაფხულში ძალიან აქტიური გახდა, რადგან ტურისტების რიცხვმა იმატა. მუნიციპალიტეტში სულ 4 სასტუმრო, აქედან 2 ჰოსტელის ტიპის ობიექტი ფუნქციონირებს.


"ჩვენც მოვკარით ყური ამ სასტუმროს მშენებლობის იდეას, თუმცა ოფიციალურად ამასთან დაკავშირებით გამგეობისთვის არავის მოუმართავს,"- ამბობს ტყიბულის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ალეკო ფანჩულიძე.

რატომ გახდა საჭირო ტყიბულის მეორე საჯარო სკოლის შენობის დემონტაჟი და რა წერია დასკვნაში, რომელიც დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტმა შეადგინა, ამ ინფორმაციის მისაღებად "ქუთაისიპოსტმა" განათლების სამინისტროს ადგილობრივ წარმომადგენლობას მიმართა.

მათ მიერ მოწოდებულ ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ ტყიბულის მეორე საჯარო სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და შემდგომი ექსპლუატაციისათვის საფრთხის შემცველია. დოკუმენტში ასევე წერია, რომ შენობას ესაჭიროება აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება წინასწარ შედგენილი პროექტის მიხედვით, თუმცა, ექსპერტიზა მიიჩნევს, რომ ასეთი სამუშაოების ჩატარება არარენტაბელურია.

"ყველამ იცის, რომ სკოლის ადგილზე სასტუმროს აშენება სურთ. თორემ რა პრობლემა უნდა იყოს მისი რეაბილიტაცია",  - ამბობს ტყიბულის მეორე საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.  

ადგილობრივებისთვის სკოლის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის ეჭვს ის გარემოებაც ამყარებს, რომ მიმდებარედ მიწის ნაკვეთი კომპანია "ვისოლის" საკუთრებაშია.

ტყიბულში, მეორე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 400 კვ.მ. ნაკვეთი 2005 წელს ადგილობრივმა თვითმმართველობამ "ვისოლს" მიყიდა.  იმდროისთვის კომპანიას სუპემარკეტი უნდა გაეკეთებინა. თუმცა, ტერიტორია ამ დრომდე უფუნქციოდაა დატოვებული.

"ჭორის დონეზე ვიცი, რომ იმ ტერიტორიაზე მარკეტის მშენებლობა იგეგმებოდა, თუმცა, ამ დრომდე არაფერი არ აშენებულა", -  ამბობს ტყიბულის იმდროინდელი გამგებელი და ახლა საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, კოტე ბოჭორიშვილი.

ჩვენ შევეცადეთ დავკავშირებოდით "ვისოლის" ადმინისტრაციას თუ რა გეგმები ქონდა თავის საკუთრებასთან დაკავშირებით ან  საჯარო სკოლის შენობის შესყიდვას ხომ არ აპირებს, მაგრამ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.



ტყიბულის N 2 საჯარო სკოლის ამორტიზებული შენობა

ტყიბულის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, მეგი ქათამაძე აცხადებს, რომ მეორე საჯარო სკოლის 71 წლიან შენობას სრული რეაბილიტაცია მისი დაარსების დღიდან არ ჩატარებია. ის ამბობს, რომ საუკეთესო ვარიანტად სკოლისთვის ახალი ობიექტის აშენებას განიხილავს, ხოლო მის ადგილზე სასტუმროს მშენებლობის შესაძლო ფაქტს დარწმუნებით გამორიცხავს.

"ეს როგორ შეიძლება, მე არ მჯერა რომ  სასტუმრო აშენდება და დიდი იმედი მაქვს რომ იქ მეორე საჯარო სკოლისთვის ახალი შენობა აშენდება, თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი," - ამბობს მეგი ქათამაძე.

ის ასევე დარწმუნებულია, რომ  საქართველოს მასშტაბით მომდევნო წლისთვის დაგეგმილ 270 ახალი სკოლის მშენებლობის პროგრამაში  ერთ-ერთი ტყიბულის მეორე საჯარო სკოლა იქნება.


შენობა, სადაც N 2 სკოლის მოსწავლეები სწავლას გააგრძელებენ

ტყიბულის მუნიციპალიტეტში სულ 26, ხოლო თავად ტყიბულში  6 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.