გოგონას დედა ქუთაისიპოსტთან საუბარში ყვება, რომ მამაკაცი მცირეწლოვანს აიძულებდა მის გენიტალიებს ხელით შეხებოდა. შემთხვევა რამდენჯერმე განმეორდა.


გოგონას უკვე ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა. მის სხეულზე სექსუალური ძალადობის კვალი არ აღმოჩნდა. მცირეწლოვანს ესაუბრა ფსიქოლოგიც.


მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. მამაკაცი, რომელსაც გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება ბრალდება, უკვე დაკავებულია.  იგი წარსულში ორჯერ არის ნასამართლევი, დაკავებამდე კი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.


ხუთი წლის გოგონას და ბრალდებულის ოჯახი გვერდიგვერდ ცხოვრობენ. მათ ერთი ღობე ჰყოფთ. ბრალდებულს ნათესავებთან ხშირი ურთიერთობა ჰქონდა. ერთად იზრდებოდნენ  მათი ბავშვებიც.


ხუთი წლის გოგონას მონათხრობის მიხედვით, მსგავსი შემთხვევები მაშინ ხდებოდა, როცა ბრალდებულის ეზოში მოზარდებთან ერთად თამაშობდა. როგორც მცირეწლოვანმა დედას უამბო, მამაკაცმა ასეთი  ქმედება რამდენჯერმე გაიმეორა.


„სათქმელადაც რთულია ის, რაც ბავშვმა მოყვა. პირველად ჩემი ბიჭისთვის უთქვამს, თენგო ბიძიამ (სახელი შეცვლილია) ასე გამაკეთებიაო.  მულტფილმები ჩაურთავს თურმე სახლში ჩემი შვილისთვის და მისი შვილიშვილისთვის. მისი შვილიშვილი რომ გართულა მულტფილმის ყურებაში, მაშინ გაუკეთებია ეს. თან  ეუბნებოდა თურმე,   მარტო მე და შენ უნდა ვიცოდეთ, არავის  უნდა უთხრაო“,–ამბობს გოგონას დედა.


ინგას (სახელი შეცვლილია) თქმით, მომხდარს წინ მასსა და ბრალდებულს შორის კამათი უძღოდა.


„ვიდრე ეს ამბავი მოხდებოდა, რამდენიმე დღით ადრე მის შვილიშვილს ხელი უჯიკა ჩემმა შვილმა.  ამის გამო თენგოს მხარში ჩაუვლია  ხელი და უყვირია. სახლში რომ შემოვიდა ბავშვი, თითების კვალი ეტყობოდა, ისე მაგრად მოუჭერია ხელი. ამაზე გავბრაზდი და ვუსაყვედურე თენგოს. მაშინ მითხრა, უარესს ვუზამო. ამ ფაქტის გამო  ბავშვი ცოტა შეშინებული იყო. შემდეგ, ჩემმა ბიჭმა რომ  მითხრა ტასომ (სახელი შეცვლილია) ასე მომიყვა თენგო ბიძიაზეო, არ ვიცოდი რა გამეკეთებია, ბავშვის კიდევ უფრო შეშინება არ მინდოდა. ვუთხარი, რომ არ გავუბრაზდებოდი, ოღონდ სიმართლე ეთქვა. ინერვიულა ბავშვმა, დაითრგუნა, მიხვდა რომ რაღაც არასწორი ხდებოდა. შემდეგ ყველაფერი მომიყვა.  რთული იყო ამის დაჯერება, მაგრამ ისეთი დეტალები მითხრა, შეუძლებელია ამ ასაკის ბავშვს ამდენი ინფორმაცია ჰქონოდა და ეს მოეგონებია“,–ამბობს ინგა.


მისი თქმით, იმ მოტივით რომ მოზარდები გარკვეულ შემთხვევებში მავნე ზეგავლენის ქვეშ არ მოექცნენ, ბავშვებს ინტერნეტისგან და ხშირად ტელევიზორისგან დისტანცირებულად ზრდის. გოგონას დედა ამბობს, რომ  ამავე მიზეზით ნათესაური კავშირის მიუხედავად, ცდილობდა ბავშვები ბრალდებულისთვის მოერიდებინა.


„სულ ბილწსიტყვაობს და არ მომწონდა, როცა ეს ჩემს შვილებს ესმოდათ. ამიტომ, სულ ვეუბნებოდი ბავშვებს, როცა ის არის ეზოში და მის შვილიშვილს ეთამაშება, არ გადახვიდეთთქო“,–ამბობს გოგონას დედა.


მომხდარის შემდეგ ინგა სხვა ფაქტსაც იხსენებს, რისთვისაც, მისი თქმით, მანამდე ყურადღება არ მიუქცევია.


„ამ შემთხვევამდე ცოტა ხნის ადრე, მათ ეზოში თამაშობდა ბავშვი. დავუძახე და დავინახე, რომ მაგათი აბანოდან გამოვიდა. იქ რას აკეთებდითქო რომ ვკითხე,   ბრალდებულის შვილიშვილზე მითხრა,   ვეძებდიო. ცოტა ხანში დავინახე, რომ თენგოც გამოვიდა აბანოდან. მაშინ ამ ფაქტისთვის ყურადღება არ მიმიქცევია“,–ამბობს გოგონას დედა.


მისი თქმით, მოზარდი ახლა  შეშინებულია. ემოციები განსაკუთრებით მას შემდეგ გაუმძაფრდა, რაც მომხდარის რამდენჯერმე მოყოლა მოუწია.


„ხან გამომძიებელს მოუყვა, ხან ფსიქოლოგს და ვერ გაიგო ბავშვმა რატომ ითხოვენ მისგან ერთი და იგივე ამბის მოყოლას. ჩემ გარეშე არსად აღარ ჩერდება. თუ ვერ მხედავს, ტირილს იწყებს“,–ამბობს ინგა.


მომხდარის შესახებ სოფელში ყველამ იცის, თუმცა, მეზობლებს ამაზე საუბარი არ სურთ. ბრალდებულს დადებითად არ ახასიათებენ, თუმცა,   ამბობენ, რომ ამის მიუხედავად დარწმუნებით ვერაფერს იტყვიან. მომხდარზე საუბარი არ სურს არც ბრალდებულის  შვილს.


„არ ვაპირებ ამაზე ლაპარაკს. მეტჯერ აღარ დამირეკოთ“,–გვითხრა ბრალდებულის შვილმა.


მომხდარის შემდეგ ინგამ  სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად სახლი დატოვა და დროებით საცხოვრებლად მშობლებთან გადავიდა. ამბობს, რომ მისი მეუღლის ოჯახს არ მიატოვებს, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება. თუმცა, არ იცის როდის შეძლებს იქ დაბრუნებას, რადგან მომხდარი მისთვისაც ფსიქლოგიურად რთული გადასატანი აღმოჩნდა.


მასალაში მოყვანილი ყველა სახელი შეცვლილია


მსგავსი სიახლეები
მოძრაობა
14:22 / 13.12.2019
მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებს 14 დეკემბერს "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილ აქციაში სტუდენტების მოტყუებით წაყვანაში ადანაშაულებენ.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და
ქვემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებმა, ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის
ფაქტი გახსნეს.
12:25 / 13.12.2019

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებმა, ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.