ახალი ამბები
პროკურატურამ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყვიტა
FaceBook

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.


ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.


საგამოძიებო უწყების ცნობით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დაწესებულების დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის შემოწმების პროცესში, მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.


„საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ 2025 წლის 29 დეკემბერს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების სავარაუდო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

გამოძიების მსვლელობისას საქმეზე გამოიკითხა ათეულობით მოწმე, მათ შორის ამავე დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები; ჩატარებული იქნა საექსპერტო კვლევები; დამუშავდა და გაანალიზდა ათეულობით საათის ვიდეოჩანაწერი; ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.


საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით გიორგი დავითაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3, 4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის (დამამძიმებელ გარემოებაში განხორციელებული მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება). მას სასჯელის სახით განესაზღვრა 17 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, იგი 2025 წლის 10 ოქტომბერს პენიტენციური სამსახურის №8 დაწესებულებიდან გადაყვანილი იქნა პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის №6 დაწესებულებაში. 2025 წლის 21 დეკემბერს, დაახლოებით 10:30 საათზე, გიორგი დავითაძის საკნის გეგმიური შემოწმების დროს, მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს, ამავე დროს იმუქრებოდა თვითდაზიანებითა და მორიგე განწესის წევრების ფიზიკური შეურაცხყოფით.


აღნიშნულის გამო, იგი გადაყვანილი იქნა №6 დეესკალაციის ოთახში, სადაც კვლავ აგრძელებდა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების სიტყვიერ შეურაცხყოფას და იყო აგრესიული. დეესკალაციის ოთახში გადაყვანის შემდეგ, გიორგი დავითაძის პირადი შემოწმების მიზნით, კანონის მოთხოვნების დაცვით მის მიმართ გამოყენებული იქნა იძულების პროპორციული ზომა. კერძოდ, დაწესებულების სამმა თანამშრომელმა განახორციელა მსჯავრდებულის გაკავება, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა გ.ვ.-მ გიორგი დავითაძეს ჩაუტარა პირადი შემოწმება, სხეულზე გარედან ზედაპირული შეხების გზით. შემოწმების პროცესში, ასევე გამოყენებული იქნა მეტალო-დეტექტორიც. შემოწმების პროცესში, გიორგი დავითაძის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

2025 წლის 26 დეკემბერს, გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანისა და მისი პირადი შემოწმებიდან 5 დღის შემდეგ, №6 პენიტენციურ დაწესებულებაში შესულ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან გასაუბრებისას გიორგი დავითაძეს მისი გაუპატიურების ფაქტი არ უხსენებია, განმარტა, რომ დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელი, ვინმე ,,კვარა” მას გაუპატიურებით დაემუქრა და სამედიცინო ხელთათმანით ხელი შარვალში ჩაუცურა. ასევე განმარტა, რომ დაწესებულების თანამშრომლები სისტემატიურად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.

სახალხო დამცველის აპარატიდან პროკურატურაში გადმოგზავნილი ინფორმაციის საფუძველზე, გიორგი დავითაძემ, მასთან შესულ გამომძიებელს, უარი განუცხადა ადვოკატის გარეშე რაიმე სახის ინფორმაციის მიწოდებაზე. თავის მხრივ გიორგი დავითაძის ადვოკატმა, 2025 წლის 29 დეკემბერს გამომძიებელთან კომუნიკაციის დროს, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით, უარი განაცხადა საპატიმრო დაწესებულებაში შესვლაზე. ასევე, 2026 წლის 9 იანვრის კომუნიკაციის დროს განმარტა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კვლავ ვერ შეძლებდა პენიტენციურ დაწესებულებაში გამოცხადებას და მსჯავრდებულის ოჯახის წევრებთან შეთანხმებით, გიორგი დავითაძის ინტერესებს დაიცავდა სხვა ადვოკატი.

გიორგი დავითაძე გამოიკითხვა 2026 წლის 12 იანვარს ადვოკატის მონაწილეობით. მხოლოდ გამოძიების ამ ეტაპზე დააფიქსირა მან, მის მიმართ სავარაუდო სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედების განხორციელების შესახებ. ამავე დროს, გიორგი დავითაძემ ადვოკატის თანდასწრებით უარი განაცხადა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე და მიუთითა, რომ მომხდარი ფაქტის დროს არანაირი ფიზიკური დაზიანება არ მიუღია. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გიორგი დავითაძის მიერ გამოკითხვისას დასახელებული თითქოსდა მასზე მოძალადე ვინმე ,,კვარა”, როგორც შემდეგ განმარტეს - გიორგი კვარაცხელია საერთოდ არ მუშაობს აღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებაში.

2026 წლის 3 ივლისს გიორგი დავითაძის ადვოკატმა, პროკურატურას მომართა შუამდგომლობით გიორგი დავითაძის დაზარალებულად ცნობის შესახებ. პროკურორის მიერ იმავე დღეს გამოტანილი იქნა დასაბუთებული დადგენილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გიორგი დავითაძის მხარეს არ გაუსაჩივრებია, არც ზემდგომ პროკურორთან და არც სასამართლოში, როგორც ამას ითვალისწინებს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.

გამოძიების ფარგლებში ასევე ჩატარდა ფონოვიდეოსკოპური და ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზა, რა დროსაც ექსპერტმა წამობრივი სიზუსტით გაშიფრა დეესკალაციის №6 საკანში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები და სრულად აღადგინა გიორგი დავითაძის პირადი შემოწმების პროცესში განხორციელებული მოქმედებები.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ვიდეოჩანაწერებზე გიორგი დავითაძის ძალადობისკენ მიმართული ქმედება არ ფიქსირდება. ამასთან, ამავე ვიდეოჩანაწერებს მონტაჟის კვალი არ აღენიშნება. შესაბამისად, განსახილველი დასკვნით ცალსახად გამოირიცხა გიორგი დავითაძის მიმართ დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელების ფაქტი.

ამდენად, საქმეზე მოპოვებული და განხილული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ გიორგი დავითაძის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. იგი არსებით წინააღმდეგობაში მოდის საქმეზე შეკრებილ უტყუარ მტკიცებულებებთან. რის გამოც, 2026 წლის 9 ოქტომბერს, დანაშაულის არ არსებობის გამო მოცემულ საქმეზე შეწყდა გამოძიება“- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოს №2 საჯარო სკოლის შენობიდან სწავლის დაწყებიდან სამ
დღეში უსაფრთხოების გამო გაყვანილი მოსწავლეები იმავე სკოლაში
დააბრუნეს.
12:51 / 05.10.2026

წყალტუბოს №2 საჯარო სკოლის შენობიდან სწავლის დაწყებიდან სამ დღეში უსაფრთხოების გამო გაყვანილი მოსწავლეები იმავე სკოლაში დააბრუნეს.

იმერეთში ნარკოდანაშაულის ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინეს და 40
კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია აღკვეთეს.
12:28 / 05.10.2026
იმერეთში ნარკოდანაშაულის ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინეს და 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია აღკვეთეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.