ინტერვიუ
ნინო მოზესი - ეკლესიაში რიტუალური კერპთაყვანისმცემლობაა
FaceBook
რელიგიის თემაზე საუბრის ეკსკლუზივი უმეტეს შემთხვევაში ასე ვთქვათ ოფიციალურ სასულიერო პირებს ეძლევათ,

თუმცა საინტერესოა ეკლესიის რიგითი წევრის ე.წ. მწევლის წარმომადგენლის მოსაზრება. რას ფიქრობს რიგითი მოქალაქე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დღევანდელ მდგომარეობაზე.
„ქუთაისიპოსტის" სტუმარია ნინო მოზესი

- რიგ მიმდინარეობაში მიუთითებენ ადგილს სახარებიდან, სადაც აღნიშნულია, რომ ყველა მორწმუნე მღვდელია ("თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრილი ხალხი" .. პეტრეს 1 წერილი), შესაბამისად ყველა მორწმუნეს თანასწორი პასუხიხმგებლობა აქვს ღმერთთან, სინდისთან. თქვენ როგორ უყურებთ საყოველთაო მღვდლობის საკითხს?
- ამ საკითხში მე სრულიად ვეთანხმები პეტრე მოციქულს. იდეალურ ვარიანტში ეს ასე უნდა იყოს. თუმცა თანაბარ პასუხისმგებლობაზე ვერ ვისაუბრებდი უფლის წინაშე. თუ ადამიანი სინდისის წინაშე მართალია, ის ავტომატურად უფლის წინაშეც მართალია. პასუხისმგებლობა კი განსხვავებული შეიძლება იყოს. ვისაც მეტი მიეცა, მისგან მეტი მოითხოვება, თქვენ იცით ეს.
- ჰო, ყოველ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ ეს... და რამდენადვიცით, უფრო ზუსტად რამდენად შეგნებულია მორწმუნე მარლმადიდებლების არჩევანი საკუთარ რწმენაზე. რამდენად შეუძლია პასუხი გაგვცენ დღეს მორწმუნეებმა კითხვებზე რა სწამთ, რატომ სწამთ?
- სამწუხაროდ დღეს ამ მხრივ ვითარება კატასტროფულია. შეიძლება ითქვას, რომ არანაირ არჩევანზე არ შეიძლება იყოს საუბარი. ადამიანების უმეტესობა ყველაფრის გამო დადის ეკლესიაში, გარდა გააზრებული არჩევანისა. ამიტომაც ეკლესიაში რიტუალური და მექანიკური კერპთაყვანისმცემლობაა და არანაირ ქრისტიანობაზე არაა საუბარი, თუ არ ჩავთვლით, რომ გუმბათზე ჯვარია. ეს ერთადერთი მიმანიშნებელია იმისა, რომ ეკლესიაა და არა საკერპო. ცხადია რა სწამს და რატომ სწამს, ამ კითხვაზე რაღაც პასუხს მოისმენს მკითხველი, მაგრამ რა პასუხს, ესაა საქმე. შეგიძლიათ კითხოთ მათ, რატომ არიან ეკლესიაში, რას აკეთებენ, რა მიზნით იკრიბებიან და უმეტეს შემთხვევაში დაინახავთ, რომ ეკლესია არის საშუალება ტრადიციების ლეგიტიმაციის. თავის მხრივ ტრადიციებიც ძალზე ბუნდოვანი ცნებაა და საბოლოოდ ვიღებთ, მეზღაპრეობისა და ქიმერული წარმოდგენების ნაზავს, რომელიც ნარკოტიკის ფუნქციას უფრო ასრულებს და არავითარი კავშირი ქრისტესთან და მის სწავლებასთან არა აქვს.
- როგორია ტიპიური სტანდარტული 21-ე საუკუნის ქართველი მართლმადიდებელი მორწმუნე?
- რბილად რომ ვთქვათ ის სულელია, რადგან როგორი კარგი ნარკოტიკიც არ უნდა იყოს რელიგია, ის დროის გაყვანის და რეალობიდან გაქცევის გარდა არაფერს ემსახურება.
- რამდენად არსებობს მორწმუნე საზოგადეობაში ასე ვთქვათ რელიგიური კრიტიკა?
- მორწმუნე საზოგადოება ფართე არეალს მოიცავს და როგორც გითხარით ეკლესიის გარდა ყველგან ველოდები მათ არსებობას. თუ ასეთებზეა საუბარი, გეტყოდით რომ ეკლესია კრიტიკას არ ექვემდებარება, რადგან კრიტიკა შეიძლება იმისა, რაც განსჯასა და საღ აზრს შეიცავს. როგორ შეიძლება კრიტიკა ისტერიკის ზღვარზე მისული აგრესიული წარმონაქმნის. ის შეიძლება მხოლოდ ქრისტესავით მათრახით გაყარო ეკლესიიდან. კრიტიკა ისმის ძირითადად მათი მისამართით, ვინც პასუხისმგებელია ფინანსებზე, ვინც არაგამჭვირვალედ მოიხმარს სახელმწიფოს მიერ გადაცემულ უზარმაზარ თანხებს და სოციალურ მსახურებაზე კი შეურაცხმყოფელად მცირეს ხარჯავს.
- საჭიროებს თუ არა რეფორმებს მართლმადიდებელი ეკელსია და რამდენადაა ეს შესაძლებელი, რეალური?
- მე რეალისტი ვარ და მგონია, რომ რა სახითაც ეხლაა წარმოდგენილი ეკლესია, რეფორმაცია ბევრს ვერაფერს არგებს. ეკლესია მკვდარია და რასაც თქვენ აკვირდებით და ხედავთ, სამარედან გამოწვეულ აჩრდილს წარმოადგენს და არა ცოცხალ და ქმედით ორგანიზმს. როგორც არ უნდა ალამაზო მკვდარი, მას ვერ გააცოცხლებ. საჭიროა ბოლო აგურამდე დანგრევა და ახლიდან დაფუძნება. ეს საკმაოდ რთული და მტკივნეული პროცესია და მე უფრო ღვთის იმედი მაქვს ამ საკითხში, ვიდრე ადამიანის.
- თქვენი აზრით, რატომ დომინირებს წარმართული, ან ძველი აღთქმისეული წეს-ჩვეულებები ეკლესიებში. სულ ახლახანს ეკლესიის პირველმა პირმა მოზვერის და ცხვრების შეწირვისკენაც მოუწოდა მრევლს. როგორ შეხვდნენ ამ მოწოდებას მორწმუნეები?
- გასაკვირი ის იქნებოდა, რომ არ დომინირებდეს. ეს ძალზე ლოგიკურია. მოსალოდნელი იყო მსგავსი მოვლენები. როგორც გითხარით, მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში ტრადიციების ლეგიტიმაციას ემსახურება. მას არაფერი აქვს სათქმელი საკუთარი მრევლისთვის, ის მას ვერაფერს შესთავაზებს, რადგან არც არაფერი იცის თავად. ამიტომ სიცარიელეს ავსებს ამგვარი მრევლის გულისთვის საამებელი წარმართული ტაშ- ფანდურით. მე არ გამიკვირდება, თუ მალე ეკლესია ქართული სუფრისთვის დამახასიათებელი სადღეგრძელოების დაკანონებით გააგრძელებს არსებობას. ვთქვათ დედმამიშვილების პატივსაცემად შობა გადაფაროს და ასე შემდეგ. სინამდვილეში ეკლესია უნდა არსებობდეს სამყაროში როგორც კომპრომისი დაშვებული ქრისტეს ძლიერების გამო. ეს სოფელი რეალურად ბოროტებაში იხარშება და სინათლე, რომელიც უნდა იყოს ტაძარი, თვალს უნდა სჭრიდეს თავისი შეურიგებლობით ბნელთან. ის უნდა იყოს ძალზე მოქნილი ორგანიზმი, მეომარი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, შეურიგებელი ნებისმიერ მცდელობასთან გაიმარჯვოს ქრისტეს სწავლების საწინააღმდეგო სწავლებამ. ის უნდა მარად იდგეს ბარიკადებზე. ეკლესიას არ სჭირდება წევრთა სიმრავლე, მას სჭირდება თავად იყოს ცოცხალი სიტყვა, მცირე მარილი საკმარისია მრავალთა დასაკმაყოფილებლად. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეკლესიას უნდა გააჩნდეს ცოდნა, რომელიც ან პირადი გამოცდილებითა და ზეგარდმო სიბრძნით ექნება მონიჭებული, ან სხვათა სწავლების გათვალისწინებით. ნებისმიერ შემთხვევაში ის, რაც დღეს გვაქვს არცერთ პირობას არ აკმაყოფილებს. მეტიც. ეკლესია ვერ გუობს იმათ, ვინც სწორედ სინათლისა და ცოდნის მატარებელია და იშორებს, როგორც ხორცმეტს.
ეკა კუხალაშვილი
Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
მიჩნეულია, რომ
საქართველოში ძლიერია ე.წ. დედის კულტი. ამის მტკიცებულებად მოჰყავთ
ენობრივი ფაქტორი - დედაბოძი, დედამიწა, დედააზრი, დედა
ენა.
15:21 / 13.03.2021
მიჩნეულია, რომ საქართველოში ძლიერია ე.წ. დედის კულტი. ამის მტკიცებულებად მოჰყავთ ენობრივი ფაქტორი - დედაბოძი, დედამიწა, დედააზრი, დედა ენა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.