პოლიტიკა
მუსლიმი მესხი გოგოების თავსაფარში გახვეული ოცნება (ვიდეო)
FaceBook

მარიამი ყოველ დილას მაგარძირიან ფეხსაცმელს იცვამს.

დილაობით შავით იმოსება თამარი.

მარიამი 8 წლის არის.

თამარი 40-ის.

მარიამი დანგრეულ გზას ფეხით მიუყვება.

თამარი 25 კილომეტრს ტრანსპორტით გადის, მტვრიან და ტალახიან 2 კილომეტრს, ფეხით.

მარიამი თავისივე სოფლის ცენტრში მიდის.

თამარი დაფნარიდან იანეთში.

მარიამი მესამე კლასის მოსწავლეა.

თამარი მასწავლებელი.

მეცხრე უბნის არასრულის საშუალო განათლების სკოლა კი ერთადერთი ადგილია იმერეთის სოფელ იანეთში, სადაც სიცოცხლე იგრძნობა.

გაცრეცილი აბრით დამშვენებული ძველი ხის კარის იქით 15 საკლასო ოთახია, რომელთაგან ათი ავარიულ მდგომარეობაშია და გაკვეთილები მხოლოდ ხუთში მიმდინარეობს. ოთახში შესასვლელი კარი ჭრიალით იღება. დაფა იმდენად ფერდაკარგულია, ზედ ნაწერის წაკითხვა ჭირს. სკოლა 20 წელს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში იქ ფარდაც კი არ შეუცვლიათ. სკოლის რეაბილიტაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არც წელს გეგმავს.

მარიამი და თამარი

ზარი 30 მოსწავლისთვის ირეკება. ოცდაათივე რეპატრირებული მესხია. გოგოები უმცირესობაში არიან. რვიდან ერთი, მესამეკლასელი მარიამია. ის ათბავშვიან კლას-კომპლექტში სწავლობს. ვიდრე მარიამი ქართულის გაკვეთილზე "დინოზავრის ნაკვალევს" კითხულობს, პირველკლასელები ასოების მოხაზვას მასწავლებლის დახმარებით ცდილობენ.
თამარ ქორიძე მარიამის მასწავლებელია. სკოლის დაარსების დღიდან მათემატიკას ასწავლის. ის დრო ახსოვს, როცა რეპატრირებულმა მესხებმა ქართული არ იცოდნენ და ფორმულებსა და განტოლებებს ჟესტების ენაზე ხსნიდა.

"სოფლისთვის ეს არის ერთადერთი დამაკავშირებელი ცენტრი, როგორ ვთქვა საარსებო წყარო, რაც ამ სოფელს გააჩნია. ესაა ამათთვის ერთ-ერთი ფუნქცია, აქ ქართულად მიმდინარეობს სწავლება. კომუნიკაცია აქვთ სხვა ქართველებთან, თორემ, ეს რომ არ იყოს, ესენი მთლიანად მოწყვეტილები იქნებიან გარესამყაროს",- თამარი ფიქრობს, რომ პედაგოგებთან ურთიერთობა ამ ბავშვების სამყაროს სრულიად ცვლის, უღვივებს ინტერესს სწავლის, განსაკუთრებით კი ქართული ენის მიმართ.



სკოლა


მაია გიორგობიანი მე-9 უბნის სკოლაში დაარსების დღიდან ასწავლის. პედაგოგი იმ დროს იხსენებს, როდესაც მამები გოგოებს უბნის სკოლაშიც არ უშვებნენ.

"თავიდან აქ გოგონების სწავლებაზე იყო პრობლემა. იმიტომ რომ ტრადიციებით გოგონას, ქალს უნდა ემუშავა ოჯახში და არ მიეღო განათლება, ხოლო კაცს უნდა ერჩინა ოჯახი. მე როგორც პადაგოგი მივდიოდი, აგიტაციას ვუტარებდი მშობლებს, რომ გოგონები სახლში არ დაეტოვებინათ და მიეღოთ განათლება. საერთოდ ადამიანი დაჩაგრულია. არ აქვს მნიშვნელობა ის გოგონაა თუ კაცი, როდესაც ის განათლებას არ მიიღებს, თავისთავად გაუნათლებელი ადამიანი ცხოვრებაში იჩაგრება. ის თავის ოჯახშიც ვერ წარმართავს საქმეებს დადებითად. შემდეგ ამ მშობლემა დაიჯერეს, რომ მათმა შვილებმა უნდა მიიღონ
განათლება და გამოუშვეს სკოლაში", - მაია ყვება, რომ ტრადიციებთან და სტერეოტიპებთან ბრძოლა რთული და ხანგრძლივი პროცესი იყო. დღეს ბევრად უკეთესი ვითარებაა, თუმცა სრული საშუალო განათლების მიღება პრობლემად რჩება.

მეცხრე უბნის სკოლის დამთავრების შემდეგ, ბავშვებს სწავლის გაგრძელება ყველაზე ახლოს მდებარე, სამტრედიის სკოლაში უწევთ. ამისთვის 2 კილომეტრი ფეხით უნდა იარონ და შემდეგ, 20 წუთი, საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრონ. სკოლის ავტობუსი იანეთს არ ემსახურება. ერთ-ერთი პრობლემა ესეც არის, რის გამოც მაღალ კლასებში სწავლას მხოლოდ 5 ბავშვი აგრძელებს. მათგან ორი გოგოა, წარმატებულ მომავალზე მეოცნებე გოგო.

მშობლების თაობა

ოცნება ლეიდა კამილოვასაც ჰქონდა. უნდოდა ექიმი გამხდარიყო. მეხუთე კლასის შემდეგ სკოლაში აღარ უვლია. ეს მისი მშობლების არჩევანი იყო. 16 წლის ასაკში გათხოვების შემდეგ, თეთრხალათიანი მომავალი ჭრელ თავსაფარებში გაეხვია. ესეც ტრადიციის ნაწილია. ოთხი შვილის დედა ახლა ყოველდღიურად იბრძვის, საკუთარი ოცნება შვილებს რომ აუხდინოს. ებრძვის ტრადიციას, სწავლის გაგრძელებას რომ კრძალავს, ებრძვის გაჭირვებას, შვილების სწავლისთვის   აუცილებელ პირობად რომ იქცა.



ლეიდა 12 წლის იყო, როცა მისი ოჯახი ქალაქ ნალჩიკიდან სოფელ იანეთში დაბრუნდა. საქართველოში აღარ უსწავლია. მაშინ სოფელში სკოლა არ იყო. 80-იანი წლებში სასწავლებელი ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში გაუხსნიათ. მესხები მას დიდების სკოლას ეძახდნენ.

"ყაზახეთში და ნალჩიკში სახლი, მიწა, საქონელი დავტოვეთ და საცხოვრებლად სრულიად უცხო სამშობლოში- საქართველოში დავბრუნდით, გვიჭირდა, რადგან ქართული ენა არც ვიცოდით. მაშინ სოფელში ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი საშუალო სკოლა," - იხსენებს მალხაზ ბაგბანოვი. როცა მისი ოჯახი იანეთში დასახლდა, სოფელში მხოლოდ ოთხი ფინური სახლი და მეცხოველეობის დიდი ფერმა იყო.



როცა სამშობლოში დაბრუნდა მალხაზ ბაგბანოვი 19-ის იყო. ქართულს ფერმაში მუშაობის შემდეგ ეუფლებოდა. გაკვეთილი საღამოობით 2 საათს გრძელდებოდა. თავიდან მხოლოდ კაცები სწავლობდნენ. შემდეგ მეცადინეობა ქალებმაც დაიწყეს, თუმცა კლასში კაცებთან ერთად არ ისხდნენ. მალხაზმა მაშინ 17 წლის სურია ფერმაში გაიცნო და მასზე იქორწინა. სურიას აღარ უსწავლია, მაგრამ ახლა უკვე იანეთის გამგეობის მთავარმა სპეციალისტმა, მალხაზ ბაგბანოვმა ისურვა, ქალიშვილებისთვის საშუალო განათლება მიეცა. სოფლიდან ქალაქში ტარება მოახერხა, უმაღლეს სასწავლებელში სწავლა კი ვეღარ გააგრძელებინა, ეკონომიკურმა მდგომარეობამ ხელი არ შეუწყო.
უნივერსიტეტში სწავლა რეპატრირებული მესხების თემიდან, 20 წლის განმავლობაში, სულ 15-მა ახალგაზრდამ შესძლო, მათი უმრავლესობა ბიჭია. 4+1 პროგრამას სახელმწიფო რეპატრირებული მესხებისთვისაც ახორციელებს, რაც სწავლის სრულ დაფინანსებას გულიხმობს. თუმცა, სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთში მცხოვრებ მესხებს დაფინანსების მისაღებად მიმდინარე წელს არ მიუმართავთ.

სამშობლოში დაბრუნება

საქართველოს ხელისუფლებამ მეცხრე უბანში სასწავლებელი 1998 წელს, სპეციალურად რეპატრირებული მესხებისთვის გახსნა. 2000 წელს დაწყებითი სკოლა იანეთის არასრულ საშუალო სკოლად გარდაქმნეს. მოგივანებით, მეცხრე უბნის სკოლისა და იანეთის საშუალო სკოლის გაერთიანების პროცესი დაიწყეს, რათა ბავშვებს, სოფელში არსებულ სხვა სასწავლებელში, სრული საშუალო განათლება მიეღოთ. 2013 წელს N1 საშუალო სკოლაში მოსწავლეების სატარებლად ავტობუსიც დაინიშნა, მაგრამ ტრანსპორტი ერთი თვის განმავლობაში ცარიელი დადიოდა. რეპატრირებულ მესხებს საკუთარ უბანში ცხრა კლასის დამთავრება ერჩივნათ, სხვაგან სრული საშუალო განთლების მიღებას. მშობლებს ბავშვების იანეთში გაშვების შიშიც ჰქონდათ და თან იანეთის N1 საშუალო სკოლა მეცხრე უბნის დასახლებიდან უფრო შორსაც იყო, ვიდრე სამტრედიის. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სკოლების გაერთიანების მცდელობა ჩავარდა. N1 საშუალო სკოლაში მხოლოდ მეცხრე უბნის სკოლის მოსწავლეთა საბუთები დარჩა, ავტობუსი კი სამინისტრომ სხვა სასწავლებელს გადასცა.



კედელზე გაკრული "უსამშობლობის 60 წელი" გახუნებულია, თუმცა გადასახლების ისტორიას სიმძაფრე არც ახალი თაობისთვის დაუკარგავს. წარსულზე საუბარი არ უყვართ. აწმყოში კი ის სტკივათ, საზოგადოება ქართველებად რომ არ აღიქვამს.



მუსლიმმა მესხებმა იანეთში დასახლება 1980 წელს დაიწყეს. დღეს იქ 35 ოჯახი ცხოვრობს. 1944 წელს, სტალინის ბრძანებით, ყაზახეთში, ყირგიზეთში და უზბეკეთში გადასახლებულები და სამშობლოში დაბრუნებულები ქართულად არ საუბრობდნენ, ამიტომ ინტეგრაცია გაუჭირდათ. ქართულად გამართულად ლაპარაკი უფროს თაობას დღესაც უჭირს. ბავშვები კი მეცხრე უბნის საბაზისო სკოლის დამთავრების შემდეგ, მშობლიურ ენას სრულყოფილად ფლობენ.



მომავალი ექიმი მარიამი ყოველ დილით მაგარძირიან ფეხსაცმელს იცვამს და სოფლის დანგრეულ გზას ოცნებისკენ მიუყვება.

დილაობით თამარი შავით იმოსება, ათწლეულების შეუკეთებელ გზაზე მტვერი რომ აიტანოს და მარიამის ოცნებას მეცხრე უბნის სკოლაში შეეგებოს.


ავტორი: ბაია მიქაბერიძე. ანა ჯანაშია

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2 ნოემბერს, ქუთაისში, ფოლკლორული მუსიკისა და ფოლკ-როკის ერთ-ერთი
პიონერის, ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფი 33ა-ს კონცერტი გაიმართება.
11:26 / 31.10.2024
2 ნოემბერს, ქუთაისში, ფოლკლორული მუსიკისა და ფოლკ-როკის ერთ-ერთი პიონერის, ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფი 33ა-ს კონცერტი გაიმართება.
ქუთაისის საკრებულოს რიგით 36-ე სხდომა, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ
15:59 / 30.10.2024
ქუთაისის საკრებულოს რიგით 36-ე სხდომა, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ "ოცნების" დეპუტატებისთვის 26 ოქტომბრის არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვების მილოცვით დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.