პოლიტიკა
ქუთაისში, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეა დაკავებული, რომლებიც ბირთვული მასალის ურანისა და რადიოაქტიური ნივთიერების შეძენას გეგმავდნენ"
FaceBook
"ქუთაისში, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეა დაკავებული, რომლებიც გეგმავდნენ ბირთვული მასალა ურანისა და რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმ 137-ის უკანონო შეძენას
სამ მილიონ აშშ დოლარად და მის უკანონო ტრანსპორტირებას სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე" - ამის შესახებ სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება ე.წ. „შუა რგოლის კორუფცია“.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღე ნახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად 13 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 29 პირი.

პირველ რიგში, მოგიყვებით იმ ღონისძიების შესახებ, რომელიც კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა ერთობლივად ჩაატარეს. ოპერატიული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენის მცდელობისას, ქუთაისში, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეა დაკავებული, რომლებიც გეგმავდნენ ბირთვული მასალა ურანისა და რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმ 137-ის უკანონო შეძენას სამ მილიონ აშშ დოლარად და მის უკანონო ტრანსპორტირებას სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად უცხო ქვეყნის მოქალაქეები ბოლო კვირების განმავლობაში პერმანენტულად ჩამოდიოდნენ საქართველოში და აქტიურად იყვნენ დაკავებული ბირთვული მასალისა და რადიოაქტიური ნივთიერების შეძენა/ტრანსპორტირებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად. საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ, როგორც წესი, ზემოთ აღნიშნული ნივთიერებები გამოიყენება სხვადასხვა დანაშაულებრივი, მათ შორის, ტერორისტული მიზნებისთვის. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

პარალელურ რეჟიმში ჩატარებული რამდენიმე ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად: ხე-ტყის უკანონო მოპოვების, სამსახურებრივი გულგრილობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე პასუხისგებაში მიეცა 12 პირი. მათ შორისაა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს, იმერეთის სატყეო სამსახურის, ყოფილი თანამშრომლები. ასევე, მარტვილის სატყეო უბნის წარმომადგენელი, ამავე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ორი პირი და მსგავსი საქმე უკავშირდება ვანის მუნიციპალიტეტს, სადაც სამსახურებრივი სიყალბის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და მერქნიანი მცენარეების უკანონოდ გაჩეხის ფაქტებზე ბრალდება 3 პირს წარედგინა.

ასევე, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტებზე, ბათუმსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ორი პირი დააკავეს. ბათუმის შემთხვევა ეხება შპს „სანდასუფთავების“ ერთ-ერთი სამსახურის უფროსის მიერ აღნიშნული შპს-ს ბალანსზე რიცხული სატვირთო ავტომანქანებით სამშენებლო ნარჩენების გატანის სანაცვლოდ ქრთამის აღებას, ხოლო ლაგოდეხის შემთხვევაში მერის წარმომადგენელმა სოფელ კაბალში, ქრთამის სანაცვლოდ, მოქალაქეს თავიდან აარიდა სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. ხუთი ადამიანი მიეცა პასუხისგებაში მშენებლობის კოეფიციენტის უკანონოდ გაზრდის და უნებართვო მშენებლობის ფაქტებზე, ე.წ. K2 კოეფიციენტებთან დაკავშირებით. სახელმწიფოს კუთვნილი მიწების კერძო საკუთრებაში უკანონოდ რეგისტრაციის ფაქტებზე პასუხისგებაში მიეცა 6 პირი, ხოლო სატენდერო პირობების ხელოვნურად მორგების, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისგება ორ მოქალაქეს მოუწია.

როგორც ხედავთ, მიუხედავად ბოლო თვეების განმავლობაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უპრეცედენტო მასშტაბებისა, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება ეგრეთ წოდებული „შუა რგოლის კორუფცია“, რასთან შეგუებასაც, ბუნებრივია, არ ვაპირებთ. ამიტომ: 1.მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, ვისაც კი რაიმე შეხება ექნება მსგავს საკითხებთან, ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოებთან და მოგვაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია. 2. ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ უჩნდებათ სურვილი თავისი მდგომარეობა ბოროტად, მატერიალური უპირატესობისთვის გამოიყენონ, ვაფრთხილებთ, რომ კანონის დარღვევის ნებისმიერი ფაქტი იქნება გამოვლენილი და მას მოჰყვება შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება.

თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი რესურსი აბსოლუტურად განსხვავებულია. ბოლო თვეების განმავლობაში გატარებული შიდა რეფორმების, საკადრო ცვლილებების, მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გაუმჯობესების ხარჯზე, თვისებრივად გაძლიერდა უწყების შესაძლებლობები.

შემოსული, დამუშავებული და რეალიზებული ოპერატიული ინფორმაციის მოცულობა, მხოლოდ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში დაახლოებით 24-ჯერ არის გაზრდილი, რაც მიუთითებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური და ოპერატიული შესაძლებლობების იმგვარად გაძლიერებაზე, რომ ჩვენს სამსახურს, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე შეუძლია როგორც კორუფციასთან შეურიგებელი და შედეგიანი ბრძოლა, ასევე ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა პრევენციული ზომების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფა“,- განაცხადა მაღრაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
83 - მომხრე, 9 - წინააღმდეგი -  პარლამენტმა
მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა გრანტის მიღებასთან, პოლიტიკურ
საქმიანობასთან და აქტივობასთან დაკავშირებულ პაკეტს.
11:14 / 19.02.2026
83 - მომხრე, 9 - წინააღმდეგი -  პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა გრანტის მიღებასთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და აქტივობასთან დაკავშირებულ პაკეტს.
17:30 / 18.02.2026
"ხალხის ძალის“ დეპუტატი სოზარ სუბარი გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმების ინიციატივით გამოდის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.