ზვიად რატიანი - მწერალთა სახლისა და წიგნის ცენტრის მიჯირყვნის შესახებ
FaceBook

პოეტი ზვიად რატიანი განათლებისა და კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, „მწერალთა სახლისა“ და „წიგნის ეროვნული ცენტრის“ შეერთებისა და მათ ბაზაზე „ლიტერატურის ეროვნული ფონდის“ შექმნის ფაქტს ეხმიანება.

 

პოეტი სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას  „მწერალთა სახლისა“ და „წიგნის ეროვნული ცენტრის“ „მიჯირყვნას“ უწოდებს

ქუთაისიპოსტი ზვიად რატიანის წერილს უცვლელად გთავაზობთ.

„დღეს კულტურის და ა.შ მინისტრის მოადგილე, მიხეილ გიორგაძე, წაუბრძანებიათ თანამდებობიდან. დიდი ალბათობით, მეტის გაფუჭება აღარ ანდეს ან, უბრალოდ, ჩათვალეს, რომ კაცმა, რომელმაც თავისი სამარცხვინო საქმიანობა საყდრისის საბადოს აფეთქებით დაიწყო და მწერალთა სახლისა და წიგნის ცენტრის დაწიოკებით დაასრულა, ამოწურა მავნებლობის რესურსი. თუმცა ბ-ნი გიორგაძე არც მინისტრობისა და არც მინისტრის მოადგილეობის პერიოდში ყოფილა ანგარიშგასაწევი ფიგურა, განსხვავებით მანანა ბერიკაშვილისგან, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა „განაბად“ გაამწესა კულტურის სფეროში, რაც ძალიან სახასიათოა მისი მმართველობის სტილისთვის: სხვადასხვა საზოგადოებრივი სეგმენტების მართვა-დატერორება გახარიებით, ბერიკაშვილებით, ფარცხალაძეებით და მსგავსი ყურმოჭრილი შემსრულებლებით. მან სხვანაირი მართვა არ იცის; ან საიდან ეცოდინება, როცა ქონება 90-ანი წლების განგსტერულ რუსეთში დააგროვა, სადაც შეუძლებელი იყო თუნდაც მოკრძალებული ფინანსური წარმატების მიღწევა სახელისუფლებო მაფიასთან და კრიმინალთან თანამშრომლობის გარეშე.

 

 

მწერალთა სახლისა და წიგნის ცენტრის წარმატებებზე ბევრი ითქვა და კიდევ ითქმება. რა თქმა უნდა, ამ ორი გუნდის შედეგიანი საქმიანობა მხოლოდ თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალითა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს შთამბეჭდავი წარდგინების ორგანიზებით არ შემოიფარგლება, თუმცა ეს ორი ურთულესი პროექტი მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს საგარეო იმიჯისათვის. პირველის წყალობით, თბილისმა ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიოს ლიტერატურულ რუკაზე, მეორემ კი გადაწონა და გაარღვია ის ნეგატიური საინფორმაციო ველი, რომელიც ასე თვალშისაცემი იყო ევროპასა და, განსაკუთრებით, გერმანულენოვან ქვეყნებში. ერთიც და მეორეც სცდება მხოლოდ ლიტერატურისა და, გნებავთ, კულტურის ფარგლებს, და სწორედაც რომ ქვეყნის პოლიტიკურ წარმატებად აღიქმება ცივილიზებულ სამყაროში (რისი მოწმეც თავად ვარ, რადგან, ფრანკფურტის ბაზრობის შემდეგ, მუდმივად ვცხოვრობ გერმანულენოვან ქვეყნებში, ჯერ გერმანიაში, შემდეგ ავსტრიაში, და დღემდე ვისმენ და ვკითხულობ არათუ უბრალოდ პოზიტიურ, აღტაცებულ შეფასებებს); მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას გაუჭირდა ამ აქსიომის გააზრება, რადგან ბიძინას წვრილმანი კომპლექსები და ანგარიშწორების მდაბიური წყურვილი მათთვის ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნის წარმატება, მისი პოზიტიური იმიჯი საერთაშორისო სივრცეში.

 

წიგნის ეროვნული ცენტრისა და მისი გუნდის მიჯირყვნის პირველი და, საბედნიეროდ, წარუმატებელი მცდელობა ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბერში გვახსოვს, როცა ფრანკფურტის ბაზრობამდე ათიოდ თვე იყო დარჩენილი. პირველად სწორედ მაშინ დაევალა მინისტრ გიორგაძეს, პროექტზე წლობით მომუშავე გუნდი განზე გადაეჩოჩებინა და ფრანკფურტისათვის მზადების სადავეები მანანა ბერიკაშვილისა და, რატომღაც, სალომე ზურაბიშვილისათვის გადაებარებინა (საგულისხმოა, რომ ზურაბიშვილის დასაქმების პრობლემა, თუნდაც ქვეყნის შერცხვენის ფასად, ჯერ კიდევ მაშინ იყო აქტუალური). საბედნიეროდ, სამინისტროს ეს „პატარა ტრიუკი“ 2017 წლის მიწურულს არ გაუვიდა: ძალიან ძლიერი იყო მწერლებისა და გამომცემლების პროტესტი. შედგა შეხვედრა კულტურის სამინისტროში, სადაც მინისტრმა და მისმა პატრონმა თვალნათლივ დაინახეს, რომ ამჯერად უკან დახევა ერჩივნათ. სხვათა შორის, მეც ვიყავი მათ შორის, ვინც ამ შეხვედრაზე, რბილად რომ ვთქვათ, მკაცრად გააკრიტიკა  მინისტრი და მისი გადაწყვეტილება, მინისტრი, რომელმაც თავისი ჩინოვნიკური კარიერა დანაშაულებრივი დავალების შესრულებით, კერძოდ, საყდრისის აფეთქებით დაიწყო და, შესაბამისად, რეპუტაციულად პირველივე დღიდან იყო გაკოტრებული მეტ-ნაკლებად კულტურული საზოგადოების თვალში. მახსოვს, იმ შეხვედრაზე ვცადე ამეხსნა, რომ მანანა ბერიკაშვილისა და მსგავსი „ქელეხის თავიქალების“ პროექტში ჩართვით საქართველოს გვარიანად მოეჭრებოდა თავი ფრანკფურტის ბაზრობაზე. ჩავიდოდით ჩურჩხელებით, ბოხოხებითა და ასაწყობი ეკლესიებით და კიდევ ერთ უსახურ აგურს შევმატებდით საქართველოს ეკზოტიზაციის კედელს, რომელსაც ჯერ კიდევ საბჭოთა წარსულში ჩაეყარა საძირკველი და რომლის სიმყარეზეც დღემდე რუდუნებით ზრუნავს ერთმორწმუნე „მოძმე“ რუსეთი. თუ არ ჩავთვლით ბაზრობის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრ ბახტაძის კომიკურ სიტყვა-სადღეგრძელოს, სხვა მხრივ საქართველო მართლაც წელში გამართული წარსდგა ფრანკფურტში.

 

მოხდა ისე, რომ კულტურის სამინისტროში შეხვედრის მომდევნო დღეს რამდენიმესაათიანი ძალალობის მსხვერპლი გავხდი პოლიციელების მხრიდან, და რაც მათ დამაკლეს, მინისტრმა გახარიამ გააგრძელა მომდევნო თვეებში - ყველაზე ბინძური, ჩეკისტური, გულისამრევი მეთოდებით. საჯაროდ არასდროს დამიკავშირებია ჩემი ცემის ამბავი წინა დღეს კულტურის  სამინისტროში ნათქვამ სიტყვებთან, რადგან ამის არანაირი მტკიცებულება არ გამაჩნდა. ვერც ახლა დავიჟინებ, რომ ეს ორი ამბავი უსათუოდ კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ ამ კავშირს - განსაკუთრებით, მოვლენათა შემდგომი განვითარების გათვალისწინებით - არასდროს გამოვრიცხავდი. სულაც არ გამიკვირდება, თუ ივანიშვილის მიერ სხვადასხვა სფეროს სამართავად კურთხეული „განაბები“ ერთმანეთს ასეთ კოლეგიალურ სერვისებსაც სთავაზობდნენ.

 

ახლა რაც შეეხება ლიტერატურის ეროვნულ ფონდს, ამ ახალშობილ ჯიბის მონსტრს, რომელსაც პირველ ულუფად მწერალთა სახლი და წიგნის ცენტრი გადააყლაპეს. ჯერ მხოლოდ სახელწოდება მეტყველებს კულტურის სამონისტროში ჩაბუდებული შემთხვევითი ადამიანების უნიჭობაზე: იმდენიც ვერ შეძლეს, რომ თუნდაც მხოლოდ სახელწოდებით - რომელიც, თავისთავად, ბევრს არაფერს ნიშნავს, - საბჭოთა ლიტფონდის ასოციაცია არ გაგვჩენოდა. ვერც შეძლებდნენ - საბჭოურ მზამზარეულ აზროვნებასა და მეთოდებს როგორ გაცდებიან ივანიშვილის ყურმოჭრილი შემსრულებლები, როცა მონობის უკეთესი მოდელი, ობიექტურად, არც ეგულებათ?

 

არაფერი ვიცი იმ სადესანტო გუნდის შესახებ, რომელიც ლიტერატურის ინსტიტუტიდან პორტირდება ფონდად წოდებულ გაურკვევლობაში. ჯერჯერობით მხოლოდ ორი მათგანის, გაგა ლომიძისა და ირმა რატიანის კომენტარებს ვკითხულობ და ვისმენ, ბრტყელ-ბრტყელ, არაფრისმთქმელ და სამარცხვინო კომენტარებს! თავად ფაქტი, რომ ისინი ამ ბინძურ თამაშში შევიდნენ, და ის ფორმები, როგორც იწყებენ, სრულიად მათავისუფლებს კოლეგიალობის თუნდაც მოჩვენებითი წესების დაცვისაგან, ამიტომაც გულწრფელად ვიტყვი, რომ არასდროს ვყოფილვარ მაღალი აზრის ამ ორი კონკრეტული ლიტერატორის პროფესიონალიზმზე, თუმცა ვაღიარებ, რომ ერთსაც და მეორესაც კულტურული და წესიერი ადამიანების რიცხვს მივათვლიდი. გამოდის, ვცდებოდი. არ ვიცი, რად უღირთ ეს უსირცხვილო და, ვარწმუნებ, ძალიან ხანმოკლე ბოგინი მწერალთა სახლის ძლივს გაცოცხლებულ და გაკეთილშობილებულ შენობაში, რომელშიც მართლა სისხლი და ოფლი ჩაანთხია ნატა ლომოურმა და მისმა გუნდმა, ან როგორ უნდა იჯახირონ ქართული ლიტერატურის საერთაშორისო პოპულარიზაციისათვის, როცა იმ მწერლების მნიშვნელოვანი ნაწილი, ვისაც მეტ-ნაკლებად უკვე იცნობს და კითხულობს დასავლელი მკითხველი, უარს ამბობს მათთან თანამშრომლობაზე, - რადგან არცერთ თავმოყვარე, თავისუფალ მწერალს არ ჭირდება მათთან თანამშრომლობის ფასად მოპოვებული შემოქმედებითი წარმატება თუ პირადი სიამოვნება (გვახსოვს, როგორ უწოდა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ფრანკფურტის წარმატებას „მწერლების გასეირნება“). წარმოუდგენელია, როგორ უნდა გადაიბარონ, გინდაც ტექნიკურად, დეა მეტრეველისა და მისი ფუტკრებივით მშრომელი გუნდის მრავალწლიანი ნამოღვაწარი, როცა, სხვას რომ თავი დავანებოთ, თუნდაც მხოლოდ საერთაშორისო კავშირებზე გასვლას უზარმაზარი შრომა და წლები ჭირდება.

 

დღეს ირმა რატიანი და გაგა ლომიძე, რომლებმაც პირნათლად შეასრულეს პირველი პარტიული დავალება და წიგნის ცენტრისა და მწერალთა სახლის ხელმძღვანელები, დეა მეტრეველი და ნატა ლომოური, თანამშრომლების ნაწილთან ერთად, სამსახურიდან დაითხოვეს, დანარჩენებს გამოცდებსა და გასაუბრებებს სთავაზობენ, იქნებ რამეში გამოგიყენოთო. არადა, სამართალი რომ იყოს, ორივე იფისის ნებისმიერი თანამშრომელი, თუნდაც ყველაზე ახალბედა და ნაკლებად გამოცდილი, იქით უნდა უწყობდეს გამოცდებს ირმა რატიანსა და გაგა ლომიძეს, და დიდი ეჭვი მაქვს, ისინი ამ გამოცდას ვერ ჩააბარებდნენ.

 

აი, დღეს მიხეილ გიორგაძე მოისროლეს, კაცი, რომელმაც ყველაფერი გააფუჭა, რასაც გაეკარა, და რომელმაც, დიდი ალბათობით, დაითანხმა ირმა რატიანი, ჩართულიყო ამ სიბინძურეში. ნურავის შეეპარება ეჭვი, რომ მალე არათუ მანანა ბერიკაშვილი და მისთანები, თავად ბიძინა ივანიშვილიც ჩაგვიტარებს ბოლო „პატარა ტრიუკს“ და დაახვევს ამ ქვეყნიდან მისაბმელიანი ჰელოკოპტერით - ზებრებისა და პინგვინებისთვის. მის მიერ გასვრილი ადამიანების ადგილი მისაბმელში აღარ დარჩება,  და ყველამ, ვინც სხვადასხვა დროს მის საკენკს დახარბდა, მთელი ცხოვრება უნდა ზიდოს სირცხვილის ტვირთი“, - აღნიშნავს ზვიად რატიანი.





საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  გადაწყვეტილებით უწყების დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ები წიგნის ეროვნული ცენტრი და მწერალთა სახლი  ერთიანდება და მათ ბაზაზე შეიქმნება „ლიტერატურის ეროვნული ფონდი“. სამინისტრო ამას "მართვის გაუმჯობესებით“ხსნის. აღნიშნული გადააწყვეტილება მწერლებმა გააპროტესტეს და მასში რეორგანიზაციაზე მეტად „მწერლების მოთვინიერების“ სურვილი დაინახეს. შეიქმნა პეტიციაც რომელსაც ათასობით ხელმომწერი ყავს.




ფოტო: Dirk Skiba

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.