ქუთაისის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი და ქუთაისის საკრებულოს
წევრი დიმიტრი მხეიძე "ქართულმა ოცნებამ" საკრებულოს
დეპუტატობის კანდიდატად
კიდევ ერთხელ
დაასახელა.
დიმიტრი მხეიძე 2016-2020 წლებში
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო,
ახლა ქუთაისის საკრებულოს დეპუტატობისთვის მეორედ იყრის კენჭს.
დიმიტრი მხეიძე თვლის, რომ ორივეს რანგში შეძლო ქალაქისთვის
მნიშვნელოვანი საქმეების კეთება.
როგორც ის "ქუთაისიპოსტთან" განმატავს, პარლამენტში,
უმეტესად, იმ კანონპროექტებზე მუშაობდა, რომელიც ზოგადად
ქვეყანას წაადგება. საკრებულოში კი, უკვე ქალაქის რეალობაში
მუშაობს.
"სხვათაშორის, საკანონმდებლო დონეზე როდესაც უკვე ნამუშევარი ხარ
ადამიანი და მერე მუშაობ ადგილობრივში, იმ პრაქტიკიდან გამომდინარე აქ
ცოტა სხვანაირად აზროვნებ, კომუნიკაციაც გიიოლდება თბილისთან. ახლა
ბატონი ზაზაა პარლამენტში ჩვენი ხმის მიმტანი და მასთან ერთად საკმაოდ
ბევრ საინტერესო პროექტებზე ვიმუშავეთ, რომელმაც ვაგვიიოლა
თვითმმართველობაში თუნდაც სოციალური საკითხების, თანადაფინანსებების
მიმართულებით მუშაობა და ა.შ",- განმარტავს დიმიტრი მხეიძე.
ის "ქუთაისიპოსტთან" იმ სამ ძირითად პროექტს იხსენებს, რომლითაც
მოსახლეობას მისი პარლამენტარობა დაეხმარა.
"მაგალითად შევიმუშავე ასეთი პროექტი: თავდაცვის უნარ-ჩვევების და
პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება ახალგაზრდებში, სკოლებში. ერთ-ერთი
თანაავტორი მე ვარ და ძალიან მახარებს. გაკვეთილები შემოვიდა
სკოლებში, კლასგარეშეა ჯერ, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობენ.
მეორე არის ბავშვთა კოდექსი, რომლითაც ასევე ვამაყობ. ამასთან
დაკავშირებით არგენტინაშიც ვიყავი მიწვეული, საერთაშორისო
კონფერენციაზე და ბევრი ვიმუშავე. ასევე მრავალშვილიანი ოჯახების
მიმართულება მქონდა აღებული და ბევრი საინტერესო პროექტი შევიმუშავეთ.
იდეის დონეზე საუბარია იმაზე, რომ დეველოპერებმა პროცენტულად
გადმოსცენ ბინები თვითმმართველობას, რომ შემდეგ საბინაო ფონდი
შეიქმნას და სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს დავეხმაროთ.
მთელი სულით და გულით მინდა მივაღწიოთ ამას ქუთაისში. ირლანდიიდან
ჩამოვიტანე ეს პროექტი. პოლონეთშიცაა მსგავსი და საფრანგეთშიც.
ბატონმა კახიმ (კალაძემ) უკვე დანერგა და გადმოიტანა თბილისში",-
განმარტავს დიმიტრი მხეიძე.
ის საუბრობს იმ პროექტების შესახებაც, რომელიც როგორც საკრებულოს
დეპუტატმა, განახორციელა.
კერძოდ, ამბობს, რომ ჯანდაცვის და იურიდიულ საკითხთა კომისიაში
აქტიურად მუშაობდა ეს ოთხი წელი, სადაც არაერთი საკვანძო საკითხი
გავიდა.
"რაც კი პროექტები იყო, ყველგან მაქვს მიღებული მონაწილეობა, როგორც
საკრებულოს წევრს. რომ ჩამოვთვალო ძალიან შორს წაგვიყვანს",- ამბობს
დიმიტრი მხეიძე.
დიმიტრი მხეიძის თქმით, თვითმმართველობაში მისთვის უცხო არ არის, მით
უფრო რომ პროფესიით ექიმია და სულ ცდილობს, ხალხს დაეხმაროს.
"ჩემი ექიმობით, რაც შემიძლია, ხალხს ვეხმარები, ამიტომ ჩემთვის
დეპუტატობა უცხო არ არის. უცხო არ არის დახმარება, გენეტიკის დონეზე
მაქვს ლამის. ალბათ ღმერთმა გამომიჩინა ეს ადგილი, პარალელურად,
მედიცინის გარდა. ახლა, მით უმეტეს, ისეთი პოლიტიკური გუნდის წევრი
ვარ, მაქსიმალურად ხელს მიწყობენ, რომ ხალხს გვერდში დავუდგე. აქედან
გამომდინარე, თუ ადამიანს მოსწონს ჩვენი გუნდი, იცის, რომ მე, ისევე
როგორც გუნდის დანარჩენი წევრები, გავაკეთებთ იმას, რაც ჩვენი
ქვეყნისთვის უკეთესი იქნება",- ამბობს დიმიტრი მხეიძე.
დიმიტრი მხეიძე, 2016-2020 წლებში, საქართველოს მე-9 მოწვევის
პარლამენტის წევრი იყო. ის ამასთან, 2017-2020 წლებში, მე-9 მოწვევის
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის და ასევე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტის წევრი გახლდათ.
დიმიტრი მხეიძე ერთ-ერთი იყო იმ 35 დეპუტატს
შორის, რომელმაც 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე
გადასვლის კანონპროექტის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
აღნიშნულის გამო, 2019 წლის ნოემბერში " გაერთიანებული ოპოზიციის"
წარმომადგენლებმა მისი ბიუროს კარის "დაბოქლომა"
სცადეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება
მოჰყვა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
ოპოზიციური პარტიების ნაწილი 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის
არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
მასალის გამოყენების პირობები