
ახლა, როდესაც ზურაბ გამსახურდიასა და ირაკლი აბაშიძის გამზირებს
შორის მდებარე, ე.წ. კიკვიძის სკვერის რეაბილიტაცია იწყება, ვასილ
კიკვიძის ძეგლის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დადგა.
ქუთაისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ძეგლის აღება სკვერის რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდება, თუმცა ამ ეტაპზე ზუსტი პასუხი არ აქვთ — დაბრუნდება თუ არა ვასილ კიკვიძის ძეგლი განახლებულ სივრცეში.
სატენდერო დოკუმენტაციის განმარტებით ბარათში
აღნიშნულია, რომ პროექტი ითვალისწინებს „არსებული ძეგლის ადგილის
შეცვლას შესაბამის ტერიტორიაზე“.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, სკვერის განახლების ფარგლებში დაგეგმილია
არსებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი, ახალი ქვაფენილის მოწყობა,
გამწვანება, განათების სისტემის განახლება, ფანტანის რეაბილიტაცია,
საბავშვო და მინი სპორტული მოედნების მოწყობა.
ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნა განსაკუთრებით აქტუალური 2014 წლიდან გახდა. მისი აღების ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ მხრიდან გაჟღერდა.
ორგანიზაცია აცხადებდა, რომ კიკვიძის ძეგლი საბჭოთა იდეოლოგიასთან დაკავშირებული სიმბოლო იყო და მისი არსებობა ქალაქის ცენტრალურ სივრცეში მიუღებელი იყო.
2015 წელს აღნიშნულ მოთხოვნას ქუთაისის მაშინდელმა მერმა შოთა მურღულიამ უპასუხა. მისი პოზიცია იყო, რომ ძეგლის ადგილზე ყოფნა ქალაქისთვის გადამწყვეტ პრობლემას არ წარმოადგენდა.
„ის ძეგლი ადგილზე რომ იყოს, ქვეყანა არ ინგრევა. სახელს არ ვიტყვი, მაგრამ თუკი ცხრა წელი იმ ძეგლს უყურებდა, ეს ერთი წელიც მოითმინოს“, — განაცხადა მაშინ შოთა მურღულიამ.
კიკვიძის ძეგლის დემონტაჟის საკითხზე სხვადასხვა ინიციატივა წლების
განმავლობაში არაერთხელ გაჩნდა.
„ახალგაზრდა გიდების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ლაშა ბერეკაშვილმა განაცხადა, რომ თუ მუნიციპალიტეტს ძეგლის აღებისთვის საკმარისი თანხა არ ექნებოდა, მზად იყო, თავად გაეღო 1000 ლარი დემონტაჟის ხარჯებისთვის.
ძეგლის აღების მოთხოვნით ქუთაისის მერიას წერილობითაც მიმართავდნენ. საკითხზე იმსჯელა ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომაც, რომელმაც რეკომენდაციათა პაკეტში კიკვიძის ძეგლის დემონტაჟის საკითხი შეიტანა.
ამ რეკომენდაციას მხარი დაუჭირა ქუთაისის საკრებულოს კულტურის, ახალგაზრდობისა და ძეგლთა დაცვის კომისიამაც, რის შემდეგაც საკითხი აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაეგზავნა.
იმ პერიოდში ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია აცხადებდა, რომ კიკვიძის ძეგლის არსებობა თავისუფალ და დემოკრატიულ პრინციპებთან შეუთავსებელი იყო.
იმავე წელს ქუთაისის საკრებულომ ონლაინ გამოკითხვაც ჩაატარა. მოქალაქეებს ეკითხებოდნენ, უნდა მომხდარიყო თუ არა ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟი და მის ადგილზე ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ძეგლების განთავსება.
გამოკითხულ მოქალაქეთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა იდეას, თუმცა საბოლოოდ ეს ინიციატივა არ განხორციელდა და კიკვიძის ძეგლი ადგილზე დარჩა.
ამ პერიოდში ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნით აქტიურობდნენ სამოქალაქო
აქტივისტებიც, მათ შორის აკაკი საღინაძე. მისი და სხვა აქტივისტების
პოზიციით, საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებული მონუმენტი ქალაქის საჯარო
სივრცეში აღარ უნდა ყოფილიყო.
2022 წელს ქუთაისის მერმა განაცხადა, რომ ძეგლის დემონტაჟი კიკვიძის სკვერის რეკონსტრუქციის ფარგლებში უნდა მომხდარიყო. მისი თქმით, საკითხი არ გულისხმობდა ძეგლის განადგურებას და განიხილებოდა მისი სხვა სივრცეში გადატანაც.
თუმცა, მომდევნო პერიოდში ძეგლის დემონტაჟი არ განხორციელებულა.
პროექტით გათვალისწინებულია ძეგლის ადგილმონაცვლეობა, თუმცა უცნობია, სად გადაიტანენ ვასილ კიკვიძის მონუმენტს და დაბრუნდება თუ არა ის განახლებულ სკვერში.
ვასილ კიკვიძე 1895 წელს დაიბადა ქუთაისში. იგი
ახალგაზრდა ასაკიდანვე ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში. მონაწილეობდა
პირველ მსოფლიო ომში. იყო მემარცხენე ესერი.
1917 წელს მეომარ-რევოლუციონერთა სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის
თავმჯდომარედ აირჩიეს. 1917-1918 წლებში მონაწილეობდა უკრაინის
განმათავისუფლებელი ბრძოლის წინააღმდეგ წარმოებულ შეტაკებებში.
ისტორიული წყაროების მიხედვით, იგი უშუალოდ იყო ჩართული უკრაინის
ქალაქ ჟიტომირის აღებაში, რომელიც ქუთაისის დაძმობილებული ქალაქია.
იბრძოდა თეთრგვარდიელების წინააღმდეგ. დაიღუპა 24 წლის ასაკში, 1919
წლის იანვარში.
წითელარმიელი ვასილ კიკვიძის ძეგლი ქუთაისში გასული საუკუნის 60-იანი წლებში განთავსდა, რომელიც მოქანდაკე ვალერიან მიზანდარმა შექმნა.




მასალის გამოყენების პირობები