ახალი ამბები
"ეზოებში აგვიშენეს ფაქტობრივად კორპუსები" - ქუთაისში მრავალასართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებენ
FaceBook
ქუთაისში, შმიდტის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა, მათ საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, დევნილებისთვის განკუთვნილი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებს.
მათი თქმით, კომპანია "დიზაინკომპლექსმა", რომელიც აღნიშნულ შენობებს აშენებს, ისინი მოატყუა, რადგან, თავდაპირველად მხოლოდ 8 სართულიან შენობებზე ჰქონდათ ინფორმაცია, ახლა კი შენობაზე დამატებითი სართულების მშენებლობა მიმდინარეობს.

ადგილობრივთა თქმით, ვინაიდან ისინი კერძო სახლებში ცხოვრობენ, მაღალი კორპუსები მათთვის განსაკუთრებით პრობლემურია.

"ის არ ეყოთ, რომ ეზოებში აგვიშენეს ფაქტობრივად კორპუსები, ახლა სუქნთვის უფლებასაც გვართმევენ. ცხოვრება აღარ შეიძლება აქ. ფანჯრებს ვერ ვაღებთ, სამშენებლო ნაგავი რაც კი შენობებიდან ცვივა, პირდაპირ ეზოებში იყრება. დღე და ღამე მაგათთვის არ არსებობს. გაუჩერებლად მუშაობენ. დაბზარულია კედლები ამდენი ვიბრაციისგან" ,– ამბობს შმიდტის ქუჩის მცხოვრები, ნინო კუხიანიძე.

ამ ქუჩაზე კიდევ ერთი მცხოვრების,  გოჩა კუპრაშვილის თქმით, ადგილზე მშენებლობა 2008 წელს დაიწყო და პროექტის მიხედვით 2012 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სხვადასხვა დროს კომპანიას მშენებლობის ნებართვა სამჯერ გაუხანგრძლივა, რასაც ეტაპობრივად სართულების დამატება მოჰყვა.

"თავიდან გვითხრეს 8 სართულიანი იქნებაო, მერე 13 სართული გახდა, ახლა კიდევ ამატებენ და როგორც ამბობენ 16 სართულიანი უნდა იყოს. დევნილების წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ჩვენი შეურაცხყოფის და აბუჩად აგდების ხარჯზე" , – ამბობს გოჩა კუპრაშვილი.

ქუთაისის მერიამ რომ კომპანიას მშენებლობის ნებართვა რამდენჯერმე გაუხანგრძლივა, ამას შპს "დიზაინკომპლექსის" დირექტორი, ზურაბ გუბელაძეც ადასტურებს. მისი თქმით, გადავადების მიზეზი 2008 წლის აგვისტოს ომი იყო და არა სართულების დამატება.

"დიახ, ადგილობრივმა თვითმმართველობამ რამდენჯერმე გაგვიგრძელა მშენებლობის ნებართვის ვადა, მაგრამ ჩვენ უკანონოს არაფერს ვაკეთებთ. ხან ომი იყო, ხან ეკონომიკური პრობლემები და გაჩერდა ამის გამო მშენებლობა. სხვა მიზეზი არ ყოფილა" ,– ამბობს შპს "დიზაინკომპლექსის" დირექტორი, ზურაბ გუბელაძე.

ზურაბ გუბელაძე უარყოფს ადგილობრივთა ინფორმაციას დამატებითი სართულების მშენებლობაზე და ამბობს, რომ თავიდანვე 13 სართულის მანსარდით აშენება იყო განსაზღვრული, 16 სართულის აშენებას კი არ გეგმავს.

შპს "დიზაინკომპლექსს" ქუთაისში, შმიდტის ქუჩაზე დევნილებისთვის 4 კორპუსის მშენებლობის ნებართვა აქვს. მათგან ერთი კორპუსი დასრულებულია და იქ დევნილები უკვე ცხოვრობენ. ორ 12 სართულიან კორპუსს კი რამდენიმე დღის წინ ხარაჩოები დაადგეს და მშენებლობა გრძელდება.

ზურაბ გუბელაძის თქმით, ჯერ კიდევ ხარაჩოებში ჩასმული კორპუსების მშენებლობა ორ თვეში დასრულდება, კიდევ ერთი კორპუსი კი 2018 წლამდე უნდა აშენდეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც უკვე მეშვიდე დღეა,
22:15 / 04.12.2024
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც უკვე მეშვიდე დღეა, "ქართული ოცნების" მიერ საგარეო კურსის ცვლილებას აპროტესტებენ, აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს.
15:16 / 04.12.2024
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, კომპანია "ენკას" მიერ საარბიტრაჟო დავის მოგების შემდეგ აცხადებს, რომ რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობა უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაშალეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.