ახალი ამბები
"მაკდონალდსის" ცენტრალურ ოფისს ქუთაისიდან წერილი, შესაძლოა, აღარ გაუგზავნონ
FaceBook
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები, "მაკდონალდსის" ცენტრალურ ოფისს ერთობლივ მიმართვას, სავარაუდოდ, აღარ გაუგზავნიან. ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართული შეხვედრა, სადაც ქუთაისის ცენტრში "მაკდონალდსის" ახალი კვების ობიექტის არსებული პროექტი დოკუმენტურად უნდა გაეპროტესტებიათ, შედეგის გარეშე დასრულდა.

დისკუსიაზე კომპანიისთვის გასაგზავნი ტექსტის შინაარსზე მსჯელობაც არ ყოფილა.

დისკუსიის ორგანიზატორი "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელი, გია გოქაძე ამბობს, რომ შეხვედრის მიზანი მართალია ვერ შესრულდა, თუმცა, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო სექტორი ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობისთვის ერთ მაგიდასთან შეიკრიბა.

"გვინდოდა ერთად დავმჯდარიყავით და საერთო ძალისხმევით გვემოქმედა. მე მქონდა წერილის ჩემი ვარიანტი, მაგრამ აღარ გამივრცელებია, რადგან გვინდოდა ყველა მოსულიყო, ვინც მოვიწვიეთ. ამ რაოდენობითაც შეიძლებოდა დოკუმენტის მიღება, მაგრამ თუ უფრო მეტი ვიქნებოდით, უკეთესი იქნებოდა. შედეგის გარეშე დასრულდა, მაგრამ ვიმსჯელეთ იმაზე, რომ ყველასთვის მიუღებელია ასეთი ფორმით "მაკდონალდსი", ეს არის აქ მთავარი", – ამბობს გია გოქაძე.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ დისკუსიაზე, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ნაწილმა განაცხადა, რომ "მაკდონალდსის" არსებული პროექტის გაპროტესტება დაგვიანებულია, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ არის შესაძლებელი მისი არქიტექტურის შეცვლა, თუმცა, როგორი უნდა იყოს "მაკდონალდსის" ახალი კვების ობიექტი იმისთვის, რომ ქალაქის ცენტრალური ნაწილის საერთო იერსახეში ჩაჯდეს, ამის შესახებ შეხვედრაზე არც ერთ მათგანს არ უსაუბრია.


ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიამ "მაკდონალდსის" შესწორებული ესკიზი უკან დააბრუნა

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე არსებულ საათს სხვა ადგილზე გადაიტანენ


ქუთაისში სასულიერო პირები "მაკდონალდსის" მშენებლობას აპროტესტებენ

გია თევდორაძე ქუთაისში "მაკდონალდსის" მშენებლობაზე – ეს არის უზნეობის გამოვლენა

გოგი წულაია: "მაკდონალდსის" სახით ქუთაისში კიდევ ერთი სიმახინჯე გვექნება

ქუთაისში "მაკდონალდსის" მშენებლობის გამო 112 გამოიძახეს

ქუთაისელები ცენტრალური მოედნიდან ე.წ ქუჩის საათის გადატანაზე – გამოკითხვა (ვიდეო)

Print