ახალი ამბები
ავტოავარიაში გარდაცვლილი ქალის ოჯახი დამნაშავის სასჯელის შეცვლას აპროტესტებს
FaceBook

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილის საქმის განხილვა მიმდინარეობს.


ხონის მუნიციპალიტეტის, სოფელ კუხში მცხოვრები ჯიშკარიანების ოჯახი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს.

2016 წლის 2 ივნისს, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 44 წლის შორენა ჯიშკარიანის გარდაცვალებაში ბრალდებულს, 4 წლიანი სასჯელი პირობითი მსჯავრით შეეცვალა.

"საოცრება ის არის, რომ პირველად მოხდა, ალბათ, ქუთაისის ისტორიაში, 2016 წლის 2 ივნისის განაჩენით სასამართლომ დამნაშავედ ცნო პირი, მაგრამ ვინაიდან გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული იყო, 4 წელი შეუფარდეს და შემდეგ სასჯელი, 63-64-ე მუხლების საფუძველზე, შეეცვალა პირობითად," – ამბობს დაზარალებული ოჯახის უფლებადამცველი ავთანდილ ჯანელიძე.

2016 წლის 2 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს 2 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, რამაც ნათესავების უკმაყოფილება გამოიწვია. მათ გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრეს.

"ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საპროცესო შეთანხმების გარეშე, ანუ დაზარალებულის პოზიციის არ დაფიქსირების გარეშე, პირობითი სასჯელი შეუფარდა. რაც მერე ჩვენ მიერ გასაჩივრდა. ჩვენ განცხადებითაც და საჩივრითაც მივმართეთ. გვინდა კანონის შესაბამისობით დაისაჯოს დამნაშავე. საფუძველი ამისა ის არის, რომ მოინანიაო, არ მიიმალაო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მოსალოდნელი სასჯელის თავიდან აცილების მიზნით მოინანია ვითომ მისი საქციელი. დღემდე დაზარალებულის განგრეული ღობეც არაა გაკეთებული. ოჯახთან მისვლა და რაღაცის გაკეთებაზე საუბარი ზედმეტია. ჯერ არც უთხოვია ოჯახს დახმარება, მაგრამ ხომ შეიძლებოდა სამძიმარი მაინც ეთქვა ოჯახისთვის. ადამიანური პოზიციიდან მეცოდება, მაგრამ დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა დამკვიდრდეს. ადამიანი თუკი რამეს დააშავებს, გარკვეულწილად პასუხისმგებლობა უნდა იყო მის თავზე", -აცხადებს ადვოკატი, ავთანდილ ჯანელიძე.

ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლიც შორენა ჯიშკარიანის გარდაცვალებით დასრულდა, 2015 წლის 26 აგვისტოს მოხდა.

"სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. ჩამოვიდა გაჩერებაზე ჩანთებით, პროდუქტები ჰქონდა ნაყიდი, ძმა საავადმყოფოში იწვა. ქუჩის მეორე მხარეს იდგა, სახლის წინ და მომავალ მანქანას ელოდებოდა როდის გაივლიდა. ის მანქანა მარჯვენა მხრიდან გადავიდა მარცხენა მხარეს დაეტაკა და შევარდა მეზობლის ეზოში", - ამბობს ოჯახის ნათესავი, გოგი კეზევაძე.

ბრალდებულის ადვოკატის თქმით, პირველმა ინსტანციამ 4 წლიანი პირობითი სასჯელი იმ მიზეზით შეუფარდა, რომ ბრალდებული მანამდე ნასამართლევი არ იყო.

"ეს არის გაუფრხილებლად ჩადენილი დანაშაული. მოხდა უბედური შემთხვევა, რის შემდეგაც მძღოლი ნებაყოფლობით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში და დეტალურად მისცა აღიარებითი ჩვენება. ეს იყო, შემდგომ უკვე, საფუძველი გამოძიების სწორად წარმართვის. იგი თავიდან ბოლომდე თანამშრომლობდა გამოძიებასთან. არ უარყოფდა, რომ მოხდა უბედური შემთხვევა. მისი ოჯახი, მომხდარიდან დღემდე, შეეცადა ურთიერთობები მოეგვარებინა დაზარალებულთან, დაენახებინათ, რომ ეს ბიჭი კრიმინალი არაა და მზად იყვნენ ყველანაირად ნებისმიერი ზიანი და ხარჯები აენაზღაურებინათ, თუმცა ამას ოჯახი არ დათანხმდა," - განმარტავს ადვოკატი, გიორგი დვალიშვილი.

შორენა ჯიშკარიანი ადგილზე გარდაიცვალა. საქმე კი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აღიძრა, რაც ავტოსანტრასპორტო საშუალების არასწორ მართვას გულისხმობს.

გარდაცვლილის ოჯახის უფლებადამცველის განცხადებით, მძღოლი ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შორენა ჯიშკარიანის სამქეში ბრალდებული მძღოლისთვის 4 წლიანი სასჯელის პირობითი მსჯავრით შეცვლის მიზეზებს არ განმარტავენ.

უწყების კანცელარიისა და მისაღები განყოფილების უფროსის განცხადებით, აღნიშნული შემთხვევა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემია, რადგან მსჯავრდებულს ეხება და ამ ინფორმაციის გაცემა დაშვებული არაა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.