ახალი ამბები
მოსახლეობა ფიჭური ანტენების წინააღმდეგ
FaceBook
ქუთაისში ადგილობრივები დასახლებულ პუნქტებში განთავსებული კავშირგაბმულობის ანტენების მოხსნას ითხოვენ.
მაშინ, როდესაც გამოსხივების მქონე მოწყობილობის განთავსებისთვის ოფიციალურად საშიშ ზონად 30 მეტრი რადიუსი ითვლება, ქუთაისში მობილური ანტენა პირდაპირ საცხოვრებელი სახლის თავზეა დამონტაჟებული.

ქალაქში კაშირგაბმულობის ანძების დასახლებულ პუნქტებში მომატებასთან ერთად, მოსახლეობაში საპროტესტო განწყობაც მატულობს.

ადგილობრივები ქუთაისში, გელათის ქუჩაზე N 103 - ში ერთ-ერთი მოსახლის საცხოვრებელი სახლის სახურავზე მოწყობილი ფიჭური კავშირგაბმულობის ანძის დემონტაჟს ითხოვენ.

მოსახლეობა თვლის, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება.

"ირგვლივ მჭიდრო დასახლებაა, ყველა ოჯახშია მცირეწლოვნები და მოხუცები. ასე, რომ არავის არ სიამოვნებს ქუჩაში მისი არსებობა. ვფიქრობთ, ანძა მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე," - ამბობენ გელათის ქუჩაზე მცხოვრებლები.

მათივე ინფორმაციით, ოჯახს, სადაც ფიჭური გაბმულობის ანძაა განთავსებული, იჯარის სახით ყოველთვიურად 700 ლარს უხდიან.

გელათის ქუჩაზე მოწყობილი მობილური სატელეკომუნიკაციო მოდემი (ანტენა) "ჯეოსელს" ეკუთვნის.



ქუთაისში ბოლო 17 წლის განმავლობაში ფიჭური კავშირგაბმულობის 18 ანტენა დამონტაჟდა.

აქედან, 8 მათგანის დადგმაზე ნებართვა ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიმდინარე წელს გასცა.

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ მოწოდებული ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, ქალაქის მასშტაბით ანტენები "ჯეოსელის", "მაგთისა" და "მობიტელის" კომპანიებს აქვთ მოწყობილი.

რა ნორმების დაცვას ითვალისწინებს კავშირგაბმულობის ანძის დამონტაჟდებამდე კომპანია და რეალურად, რამდენად უქმნის ანტენა მოსახლეობას საფრთხეს - ამ კითხვებით "ქუთაისიპოსტმა" კომპანიას მიმართა.

მათი განმარტებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ანძების განთავსება დაფარვის ზონის ეფექტურად დაგეგმვის მიხედვით ხდება.

"ნებისმიერი ანძა დამონტაჟებულია ყველა ნორმის გათვალისწინებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანძის დამონტაჟება არ განიხილება," - ამბობენ "ჯეოსელის" ადმინისტრაციაში.

"ჯეოსელის" წარმომადგენლების ინფორმაციით, მოსახლეობის შიში ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენის თაობაზე, უსაფუძვლოა.

"აღნიშნული ანტენები წარმოებულია ევროკავშირის მიერ მიღებული კონვენციის მიხედვით გაცემული სპეციალური ლიცენზიით და მკაცრი ნორმების დაცვით, რომლებიც ითვალისწინებს ადამიანებზე და გარემოზე სრულ უსაფრთხოებას,"- განმარტავენ "ჯეოსელში".

მეცნიერული დასკვნები

განსხვავებული პოზიციები აქვთ ფიზიკოსებს.

დარგის სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ სატელეკომუნიკაციო ანძების მავნე ზემოქმედებისგან მოსახლეობა დაცული არ არის.

"ელ მაგნიტური გამოსხივება სერიოზულ პრობლემას უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას. მაღალი გამოსხივების ფონზე, დნმ-ის მოლეკულები იწყებენ ძალიან დიდი სიხშირით რხევებს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს უჯრედის დაშლა და კიბოს უჯრედის წარმოქნა," - ამბობს ფიზიკოსი გოგი ჩირაძე.

მისივე ინფორმაციით, დღეს ელექტრომაგნიტური გამოსხივების (ემგ) დასაშვები სიხშირე გაათმაგებულიაა, რაც ასევე ათმაგად უარყოფითად მოქმედებს გარემოსა და ადამიანზე.

"მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ემგ-ს გამოსხივების სიხშირის დასაშვები ზღვარი იყო 1 მიკროვატი სმ/კვადრატზე. დღეს დასაშვებია 10 მიკროვატი 1 სმ/კვადრატზე. ეს ყველაფერი, შესაძლოა კარგია კომპანიებისთვის, მაგრამ ცუდია ადამიანებისთვის. თუმცა, ჩვენთან არ არის ფიზიკა და ქიმია მოდაში. ასე, რომ ამის შესახებ ბევრმა არ იცის," - განმარტავს გოგი sexpromo ჩირაძე.

ფიზიკოსების თქმით, ქუთაისში ქალაქის რელიეფური მდებარეობის გამო, ელმაგნიტური გამოსხივების დალექვა ადვილად ხდება და აუცილებელია მისი ხშირი კონტროლი.

"ელ მაგნიტური გამოსხივების რაოდენობა, შესაძლოა, თავდაპირველად დასაშვებ ნორმაზე იყოს, თუმცა დროთა განმავლობაში იცვლებოდეს რადიაციის დონე," - განმარტავენ ფიზიკოსები "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

როგორ უნდა რეგულირდებოდეს ელექტრო მაგნიტური გამოსხივების ინტენსივობა და რა ზღვარს აწესებს კანონი, ამაზე ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ 2001 წელს გაომოცემულ ბრძანებაშია მითითებული.

"ელექტრომაგნიტური გამოსხივების ინტენსივობა ზემოქმედების ინტენსივობა არ უნდა არემატებოდეს 3000 მგჰც 300გჰც სიხშირის დიაპაზონს.
ხოლო რადიოსიხშირის დიაპაზონის ემგ-ის ინტენსივობა საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე და ასობრივი დასვენების ადგილებში, აგრეთვე საცხოვრებელ, საწარმოო და საზოგადოებრივ შენობებში (გარე რსდ ემგ, მეორადი გამოსხივების ჩათვლით), 18 წლამდე ასაკის პირთა და ორსული ქალების სამუშაო ადგილზე არ უნდა აღემატებოდეს ცხრილში მითითებულ მნიშვნელობებს," - ნათქვამია ბრძანებაში.


სპეციალისტების ინფორმაციით, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ყურადღება არამხოლოდ ელ-მაგნიტური ტალღების ინტენსივობას ექცევა, არამედ იმასაც, თუ რა რადიუსის ფარგლებში ვრცელდება გამოსხივება.

"ოფიციალურად ითვლება, რომ საშიში ზონაა დაახლოებით 30 მეტრი რადიუსი ანძიდან. ეს არის მანძილი, სადაც გამოსხივების დონე ყველაზე მაღალია და აღემატება ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციას,"- აცხადებენ ფიზიკოსები.

რამდენია გელათის ქუჩაზე განთავსებულ ანძაზე ემგ-ს დონე და რა რადიუსის ფარგლებში ვრცელდება გამოსხივება - ამ კითხვებზე "ჯეოსელის" კომპანიამ "ქუთაისიპოსტს" არ უპასუხა.

ასევე, რა მასშტაბით იფარება ქალაქი ელექტრომაგნიტური ტალღებით და სულ რამდენი ფიჭური კავშირგაბმულობის ანძაა დამონტაჟებული - მონაცემებს ადგილობრივი თვითმმართველობიდან რედაქცია ამ დრომდე ელოდება.

"ქუთაისიპოსტმა" საკითხის გარკვევის მიზნით ასევე საქართველოს გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართა.

მათი ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ გელათის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები წერილობით მიმართავენ, ფაქტზე მოკვლევას დაიწყებენ.


მედიკოსები ფიჭური გაბმულობის ზეგავლენაზე

უკანასკნელმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ემგ (ელმაგნიტური ტალღები) იწვევს აუტოიმუნურ დაავადებებს: ფსორიაზი, ვიტილიგო, გაფანტული სკლეროზი და სხვა.

ასევე, შესაძლებელია გაჩნდეს სიმსივნური წარმონაქმნები. ამასთან, ყველაზე დიდ საშიშროებას ამგვარი გამოსხივება წარმოადგენს ბავშვებისათვის, რომელთაც არ აქვთ ჩამოყალიბებული ნერვული სისტემა.

"ვთანხმდებით იმაზე, რომ გამოსხივება არ არის კარგი ჯენმრთელობისთვის, მაგრამ თუ კი ანძები არ მოეწყობა, ჩვენ ვერ შევძლებთ სატელეფონო კონტაქტს.
მეორეს მხრივ, პროგრესმა არ უნდა შექმნას დილემა, აუცილებელია ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებასთან ერთად, მაქსიმალურად დაცული იყოს ადამიანების ჯანმრთელობის უსაფრთხოება," - ამბობენ მედიკოსები.

უცხოური პრაქტიკა

რუსეთში გადამცემი ანტენების დადგმა იკრძალება დასახლებული პუნქტებისა და საცხოვრებელი სახლების თავზე.

ამერიკაში კავშირგაბმულობის კომპანიებს დანადგარების დანადგარების მოწყობის უფლება სკოლებთან, ბაღებთან და საცხოვრბელ სახლებთან 450 მეტრის მოშორებით აქვთ.

ისრაელში, მოსახლეობის არაერთი საპროტესტო აქციის შემდეგ, ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც საცხოვრებელ სახლების თავზე დამონტაჟებული ანძები დემონტაჟს ექვემდებარება.






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.