ახალი ამბები
ქუთაისში, კოლია ქვარიანის ნეშტს აშშ-დან ივნისში გადმოასვენებენ
FaceBook
კოლია ქვარიანი მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, რეზო ჭეიშვილის გვერდით დაიკრძალება



ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე კოლია ქვარიანი სამშობლოში ბრუნდება!

"ბეჭდაუდებელი ფალავნის" ნეშტს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ლინდენის როუზჰილის სასაფლაოდან ივნისის დასაწყისში, სავარაუდოდ, 7 ივნისს გადმოასვენებენ ქუთაისში.

აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი ავრცელებს, რომელიც კოლია ქვარიანის ნეშტის გადმოსვენების საკითხზე მომუშავე საორგანიზაციო კომისიის წევრია.

"დღეს ქუთაისის მერიაში შევიკრიბეთ საორგანიზაციო კომისიის წევრები და მერის ხელმძღვანელობით არაერთი დეტალი დავამუშავეთ. წინ დიდი სამუშაოა, რათა ღირსეულად დავაბრუნოთ ქართული ჭიდაობის ლეგენდა, სამშობლოში თუ საზღვარგარეთ უამრავი სახელგანთქმული ფალავნის წამქცევი, ამერიკაში უძლეველი "ნიკ მოჭიდავის" სახელით ცნობილი, 50-იანი წლების მანჰეტენის გამორჩეული კოლორიტული ფიგურა, სტენლი კუბრიკის ფილმში "სასიკვდილო"- მაურის ობუხოვის როლის ბრწყინვალედ შემსრულებელი, მსოფლიოს უდიდესი ფალავნების აღმზრდელი და, ბოლოს და ბოლოს, ქუთაისზე დიდი ნოსტალგიის მატარებელი ულამაზესი კაცი - კოლია ქვარიანი", - აღნიშნავს ნანული ცხვედიანი.

ქუთაისელი ფალავანი კოლია ქვარიანი გარდაიცვალა 1980 წლის 17 თებერვალს 77 წლის ასაკში. ცნობილი იყო, რომ ქვარიანი ნიუ-ჯერსისა და ნიუ-იორკის საზღვარზე არსებულ საფლავზე იყო დაკრძალული, თუმცა მის საფლავს წლები ეძედნენ. მრავალწლიანი ძებნის შემდეგ ლეგენდარული ქართველი მოჭიდავის საფლავი 2007 წელს, ამერიკაში მცხოვრებმა ქუთაისელმა ჟურნალისტმა მანუჩარ კაჭახიძემ იპოვა.

ცნობილია, რომ ქვარიანი კიდევ 4 ადამიანთან ერთად არის დასაფლავებული.

კოლია ქვარიანი ქუთაისელი იყო, ის 1920-იან წლებში, თეთრ ხიდთან არსებულ ცირკის არენაზე გამოდიოდა. მისი სახელის საპატივცემულოდ ქუჩას, სადაც ის ცხოვრობდა, მისი სახელი დაერქვა.

ქვარიანს ერთი სურვილი ჰქონდა - გარდაცვალების შემდეგ მისი ცხედარი დაეწვათ, ხოლო ფერფლი ქუთაისში, მდინარე რიონში, ქვარიანის ჩქერებში მოეყარათ.

"მრავალი წლის შემდეგ ახდება დიდი ქართველი ემიგრანტის უკანასკნელი სურვილი - საბოლოოდ ჩამოვა მშობლიურ ქალაქში, რომლის ქუჩებში ფერფლად მიმოფანტვასღა ნატრობდა სიბერის ჟამს. იგი მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, რეზო ჭეიშვილის გვერდით დაიკრძალება," - აღნიშნავს ნანული ცხვედიანი.

რეზო ჭეიშვილის ცნობილი მოთხრობა "შალიკო ხვინგიაძის თავგადასავალი" სწორედ კოლია ქვარიანზე საუბრით იწყება.

გადმოსვენებამდე, სამოქალაქო პანაშვიდი იგეგმება ნიუ-იორკშიც, რომელსაც ქუთაისის მერი შოთა მურღულიაც დაესწრება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად,
11:31 / 02.05.2024
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულს აღნიშნავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.