ახალი ამბები
სამუშაო ჩაფხუტები, მასალები და შეჩერებული რეაბილიტაცია — რა ხდება №26 საბავშვო ბაღში
FaceBook

„ქუთაისიპოსტი“ კიდევ ერთ მიტოვებულ საბავშვო ბაღს გიჩვენებთ, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი წელია მიტოვებულია.


ადგილობრივებმა დახმარებისთვის „ქუთაისიპოსტს“ მიმართეს. მათი თქმით, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, პასუხი ვერ მიიღეს კითხვაზე, რა ბედი ელის მათ უბანში მდებარე საბავშვო ბაღს და როდის განახლდება სამუშაოები.

საქმე გორაზე, კოღუაშვილის ქუჩაზე მდებარე №26 საბავშვო ბაღს ეხება, რომლის რეაბილიტაცია 2025 წლის დასაწყიში დაიწყო. თუმცა, სამუშაოები რამდენიმე თვეში შეჩერდა და მას შემდეგ აღარ განახლებულა.


დღესაც შენობაში მიმოფანტულია სამუშაო ჩაფხუტები, ხელთათმანები და სამშენებლო მასალები, რაც ცხადყოფს, რომ სამშენებლო პროცესი დიდი ხნის წინ შეჩერდა.



„სამუშაოები როცა დაიწყო, მაშინაც დღეგამოშვებით მოდიოდნენ. თავიდანვე ეტყობოდათ, რომ საქმეს ზერელედ ეკიდებოდნენ. არადა ძალიან გვიხაროდა ბაღის რეაბილიტაცია, რადგან ამ უბანში თითქმის ყველას პატარა ბავშვები გვყავს. დღემდე პასუხი არ მიგვიღია, რას აპირებენ და როდის განახლდება სამუშაოები,“ — ამბობს კოღუაშვილის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები.


ადგილობრივების ინფორმაციით, სამუშაოების შემსრულებელი კომპანია დასაქმებულებს ხელფასებს არ უხდიდა.


მოსახლეობის ნაწილი ასევე ამბობს, რომ  თითქოს შენობით გარკვეული ჯგუფები სასტუმროს მოწყობის მიზნით არიან დაინტერესებულნი.

„ეს მხოლოდ ჭორის დონეზე ვიცით, ოფიციალურად არავინ არაფერს გვეუბნება. მაინც ვიმსახურებთ, ვიცოდეთ, რას უპირებენ ჩვენი უბნის საბავშვო ბაღის შენობას,“ — აცხადებენ ადგილობრივები.


კოღუაშვილის ქუჩაზე მდებარე №26 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების დამკვეთი მუნიციპალური განვითარების ფონდია. ობიექტზე განთავსებული საინფორმაციო დაფის მიხედვით, სამუშაოებს Construction Company ასრულებდა.



კოღუაშვილის ქუჩის უბნის მაჟორიტარი დეპუტატი ქუთაისის საკრებულოში  ამირან კოპალეიშვილი ამბობს, რომ კომპანიამ სამუშაოები არაკეთილსინდისიერად შეასრულა, რის გამოც მუნიციპალური განვითარების ფონდმა მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა.


„ახლა მიმდინარეობს შესრულებული სამუშაოების შეფასება, რათა დადგინდეს, რა მოცულობის სამუშაოებია რეალურად შესრულებული და შესაბამისი თანხა გამოაკლდეს ხელშეკრულების საერთო ღირებულებას. ამის შემდეგ დარჩენილ სამუშაოებზე ახალი ტენდერი უნდა გამოცხადდეს. როგორც ვიცი, კომპანია სამუშაოებს არაკეთილსინდისიერად ასრულებდა. გეგმაშია, რომ ახალი ტენდერი წლის ბოლომდე გამოცხადდეს,“ — განუცხადა „ქუთაისიპოსტს“ ამირან კოპალეიშვილმა.


რაც შეეხება ადგილობრივებში გავრცელებულ ინფორმაციას შენობის შესაძლო გასხვისების შესახებ, კოპალეიშვილის თქმით, ეს გამორიცხულია და რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ შენობაში მხოლოდ საბავშვო ბაღი განთავსდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, სამი წლის წინ აშენებული საბავშვო ბაღი
დღემდე არ ფუნქციონირებს.
12:38 / 04.08.2026

ქუთაისში, სამი წლის წინ აშენებული საბავშვო ბაღი დღემდე არ ფუნქციონირებს.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების
მშობლების, პაციენტთა მხარდამჭერი ჯგუფებისა და საზოგადოების ორწლიანი
აქტიურობის შემდეგ, საქართველოს მთავრობა დაავადების სამკურნალო
მედიკამენტის — „ჯივინოსტატის“ — შეძენას უზრუნველყოფს.
16:29 / 31.07.2026

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების, პაციენტთა მხარდამჭერი ჯგუფებისა და საზოგადოების ორწლიანი აქტიურობის შემდეგ, საქართველოს მთავრობა დაავადების სამკურნალო მედიკამენტის — „ჯივინოსტატის“ — შეძენას უზრუნველყოფს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.