"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძე განცხადებით,
2012 წლიდან დღემდე მოსახლეობის მიერ გადახდილი საშემოსავლო
გადასახადის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მისი თქმით, თუ 2012 წელს ეს მაჩვენებელი 1 მლრდ 764 მლნ ლარს
შეადგენდა, 2020 წელს 3 მლრდ 326 მლნ ლარამდე გაიზარდა, ხოლო 2025
წელს 8 მლრდ 261 მლნ ლარი იყო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა
პარლამენტში, მთავრობის პროგრამის შესრულების ყოველწლიური ანგარიშის
წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული მონაცემები ადასტურებს, რომ
ქვეყნის ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება მოსახლეობის
შემოსავლებზე.
„ასევე გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდის საშუალოვადიანი პროგნოზი,
რომლის თანახმადაც, 2026-2031 წლებში საქართველოს ექნება ზრდის
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, როგორც რეგიონში, ასევე მთლიანად ევროპის
მასშტაბით. ეს პროგნოზი ეფუძნება კონკრეტულ მაჩვენებლებს, იმ
ტენდენციებს, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას გასული ხუთი წლის
განმავლობაში.
ხშირად ისმება კითხვა, რამდენად აისახება მოსახლეობაზე სწრაფი
ეკონომიკური ზრდა. ამის ერთ-ერთი საუკეთესო ინდიკატორია გადახდილი
საშემოსავლო გადასახადები. საშემოსავლო გადასახადს იხდის დაახლოებით
ჩვენი მილიონი თანამოქალაქე, დაქირავებით დასაქმებული თითქმის ყველა
პირი.
2012 წელს ჩვენი მოსახლეობა საშემოსავლო გადასახადის სახით იხდიდა 1
მლრდ 764 მლნ ლარს. 2020 წელს ეს მაჩვენებელი გახდა 3 მლრდ 326 მლნ
ლარი, ხოლო შარშან – 8 მლრდ 261 მლნ ლარი. ეს ნიშნავს, რომ დაბეგვრის
შემდეგ ჩვენი მოსახლეობის შემოსავლები 33 მლრდ ლარს აღემატება, მაშინ
როდესაც 2020 წელს ეს მაჩვენებელი 13,3 მლრდ ლარი იყო, 2012 წელს კი –
7,1 მლრდ ლარი. ეს ნიშნავს, რომ ის ეკონომიკური ზრდა, რაც აქვს
ქვეყანას, პირდაპირ აისახება მოსახლეობაზე“, – განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები