დღეს, 26 მარტს, 13 საათზე, თბილისში
საქართველოს პროკურატურასთან, ჭიათურელი
მაღაროელები საპროტესტო აქციას გამართავენ.
პროტესტის მთავარი თემაა ოთხი მაღაროელის უკანონო დაპატიმრება,
რომლებიც უკვე თითქმის ერთი წელია ქუთაისის ციხეში უსამართლოდ
იმყოფებიან. მაღაროელები ამ აქციით კიდევ ერთხელ მოითხოვენ მათი
თანამებრძოლების, მერაბ სარალიძის, არჩილ ჭუმბურიძის, თენგიზ
გველესიანისა და გიორგი ნეფარიძის გათავისუფლებას.
მთავარი მოთხოვნა – პატიმრების
გათავისუფლება
როგორც ტარიელ ჩხარტიშვილი, ერთ-ერთი მაღაროელი აქტივისტი
აღნიშნავს:
„ჩვენი პროტესტის მთავარი თემა არის ოთხი უკანონოდ დაპატიმრებული
ჭიათურელი, რომლეებიც თითქმის ერთი წელია, რაც უსამართლოდ იხდიან
სასჯელს ქუთაისის ციხეში. ვისაუბრებთ იმ უკანონობაზე და იმ
უსამართლობაზე, რომელიც ამ ერთი წლის განმავლობაში ერთობლივი ძალებით
მათ მიმართ განხორციელდა".
მისი თქმით, ვინც სისტემის წინააღმდეგ იბრძოდნენ და საკუთარი
უფლებების დასაცავად მოითხოვდნენ ცვლილებებს, ახლა ციხეში აღმოჩნდნენ,
რაც კიდევ უფრო აძლიერებს მათ მიერ გაჟღერებულ მოთხოვნებს.
სამართლისა და სოციალური უსამართლობის
საკითხი
პროტესტი არ ეხება მხოლოდ ამ კონკრეტულ პატიმრებს, არამედ უფრო ფართო
პრობლემას, რომელიც ჭიათურაში წლების განმავლობაში გრძელდება.
მაღაროელებმა მრავალჯერ გააპროტესტეს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ
დადებული პირობების შეუსრულებლობა, ხელფასების დაგვიანება და სამუშაო
პირობების გაუმჯობესების მოთხოვნა. 2023 წლის 20 იანვარს, მერაბ
სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს 6 წელი და 3 თვე მიესაჯათ, ხოლო არჩილ
ჭუმბურიძეს და თენგიზ გველესიანს 4 წელი და 3 თვე. ამ საქმეში
სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაინტერესდა, რომლის ინიციატივით
უკვე გასაჩივრებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს უსამართლო
გადაწყვეტილება.
მაღაროელების მძიმე პირობები და სოციალური
კრიზისი
მაღაროელების პროტესტი კიდევ უფრო მწვავე გახდა მას შემდეგ, რაც 2022
წლის თებერვალში „ჯორჯიან მანგანეზმა“ არ შეასრულა შესაბამისი
ვალდებულებები. დაახლოებით 3 500 მაღაროელი და მათი ოჯახები
ხელფასების გარეშე დარჩნენ, რამაც მუნიციპალიტეტში უმწვავესი
სოციალური კრიზისი გამოიწვია. მშრომელები, რომლებიც მთლიანად „ჯორჯიან
მანგანეზიდან“ მიღებულ ანაზღაურებაზე იყვნენ დამოკიდებულნი,
მოულოდნელად საარსებო წყაროს გარეშე აღმოჩნდნენ.
გარდა ამისა, აპრილში გამოცხადებული უკანონო რეორგანიზაციის შედეგად
ასობით მაღაროელი სამსახურიდან გათავისუფლდა, რაც კიდევ უფრო
გააღრმავა ადგილობრივი ეკონომიკური კრიზისი. რეგიონში, სადაც
ეკონომიკა მთლიანად „ჯორჯიან მანგანეზზეა“ დამოკიდებული, დაახლოებით 1
500-2 000 ადამიანი უმუშევარი დარჩა.
ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ სასწრაფო
ზომების საჭიროება
მაღაროელების პროტესტი ასევე უკავშირდება ჭიათურაში არსებულ სოციალურ
და ეკონომიკურ მდგომარეობას. მათი განცხადებით, მანგანუმის
მომპოვებელი კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობამ,
მათ შორის ხელფასების დაგვიანებამ და სამუშაო პროცესის შეფერხებამ,
მნიშვნელოვნად იმოქმედა ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლებზე.
მათივე ინფორმაციით, ბოლო პერიოდში წარმოების შემცირებისა და
რეორგანიზაციის პროცესის შედეგად, დასაქმებულთა ნაწილი სამსახურის
გარეშე დარჩა. სხვადასხვა შეფასებით, ადრე დასაქმებული დაახლოებით 3
500 ადამიანიდან 1 500-დან 2 000-მდე ამ დროისთვის აღარ არის
დასაქმებული, თუმცა ზუსტი მონაცემები ოფიციალურად გამოქვეყნებული არ
არის.
მაღაროელები ასევე მიუთითებენ გარემოსდაცვით საკითხებზე და აცხადებენ,
რომ სამთო სამუშაოები გავლენას ახდენს ადგილობრივ გარემოზე. მათი
თქმით, აღნიშნული საკითხებიწლების განმავლობაში პრობლემურად რჩება და
საჭიროებს დამატებით ყურადღებას.
პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ შესაბამისი უწყებებისგან რეაგირებას
როგორც დასაქმების, ისე შრომითი პირობებისა და გარემოსდაცვითი
მიმართულებით.
მასალის გამოყენების პირობები