ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ გაერთიანებული სამეფოს მიერ
მიღებულ
გადაწყვეტილებას კომუნიკაციების კომისია
ეხმაურება.
კომისიის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლოა მიმართული
იყოს როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის სამართლიანი
კონკურენციის შეზღუდვისკენ, ასევე ჟურნალისტების პროფესიული
საქმიანობის შეფერხებისკენ, რაც საფრთხეს უქმნის მედიაპლურალიზმსა და
სიტყვის თავისუფლებას.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ არსებული გარემოებებისა და
მედიაგარემოში არსებული გამოწვევების ანალიზის გათვალისწინებით,
აუცილებელია მომდევნო კვირიდან პრაქტიკაში ამოქმედდეს „მაუწყებლობის
შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი
ნორმები.
აღნიშნულ განცხადებას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
"კომუნიკაციების კომისია, როგორც მაუწყებლობის სფეროს მარეგულირებელი,
დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება, პასუხისმგებელია უზრუნველყოს
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება, გამოხატვის
თავისუფლება, მედიაპლურალიზმი და სტაბილური მედიაგარემო საქართველოში.
გაერთიანებული სამეფოს მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ
მიღებული გადაწყვეტილება, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოში ყველაზე
მაღალრეიტინგული მაუწყებელია, მიმართულია როგორც მასობრივი
ინფორმაციის საშუალებებს შორის სამართლიანი კონკურენციის
შეზღუდვისკენ, ისე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის
შეფერხებისკენ, რამაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას მედიაპლურალიზმსა და
სიტყვის თავისუფლებას ქვეყანაში.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ
მტკიცებულების მაღალი სტანდარტით, განსაკუთრებული საფუძვლითა და
საგანგებო კანონისმიერი პროცედურით არის დასაშვები. ამ ფონზე
აღსანიშნავია, რომ საკითხებზე, რომლებიც ზემოაღნიშნულ
გადაწყვეტილებებს დაედო საფუძვლად, კომისიაში საჩივარი არავის
შემოუტანია.
საქართველოში მოქმედებს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ და კომისიის
მიერ დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“, რომლებიც
პროგრამების შინაარსობრივი რეგულირების თვალსაზრისით გაერთიანებული
სამეფოს კანონმდებლობას ეფუძნება და მედიის თავისუფლების საერთაშორისო
სტანდარტებს შეესატყვისება. აღნიშნული აქტები კომუნიკაციების კომისიას
მედიაში ობიექტურობის სტანდარტების დაცვის ვალდებულებას ანიჭებს. რაც
შეეხება მედიის შინაარსობრივი რეგულირების საკითხს, მიუხედავად
კანონის არსებობისა, კომისია თითქმის ერთი წელია მხოლოდ საჩივრებზე
რეაგირებს და თავად მაუწყებლების მიმართ ამავე კანონით
ადმინისტრაციული წარმოება არ დაუწყია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითა და მედიაგარემოში არსებული
გამოწვევების ანალიზის საფუძველზე, აუცილებლად მიგვაჩნია, მომდევნო
კვირიდან კომისიამ პრაქტიკაში აამოქმედოს „მაუწყებლობის შესახებ“
კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები. რათა
მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი
სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს. აქვე ხაზგასასმელია, რომ ეს
გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიღებულიყო სწორი და
დაბალანსებული მედიაპრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, დღევანდელმა
მოცემულობამ კი საკითხი და მისი გადაწყვეტის აუცილებლობა კიდევ უფრო
აქტუალური გახადა.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოში მოქმედ ყველა
მაუწყებელს, შესაბამის საკანონმდებლო ნორმებს კიდევ ერთხელ ყურადღებით
გაეცნონ და ობიექტურობის სტანდარტების დაცვა უზრუნველყონ.
კომუნიკაციების კომისია იმოქმედებს მაღალი პასუხისმგებლობით, რათა
დაიცვას მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება, სამართლიანი
კონკურენცია, გამოხატვის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი
საქართველოში", - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის
მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ქართულმა ოცნებამ“ გასული წლის მარტში „მაუწყებლობის
შესახებ“ კანონში ცვლილებები განახორციელა, რომლის შედეგად, ტელე და
რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებით მთელი რიგი ახალი რეგულაციები,
მოთხოვნები და სტანდარტები დადგინდა.
კანონით წესრიგდება ფაქტის ჯეროვან სიზუსტესთან და პასუხის
უფლებასთან, სამართლიანობასა და მიუკერძოებლობასთან, პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობასთან, მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით
ინფორმაციის მოპოვებასთან და გადაცემასთან, შეიარაღებული
დაპირისპირების, უბედური შემთხვევის და სხვა საგანგებო ვითარების
გაშუქებასთან, ასევე არასრულწლოვანი პირის დაცვასთან დაკავშირებული
საკითხები.
მაუწყებლობის სტანდარტების დარღვევაზე რეაგირების უფლებამოსილება
სახელმწიფო ორგანოს - კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიენიჭა.
დარღვევის დადგენის შემთხვევაში, კომისიას გააჩნია უფლებამოსილება
მაუწყებელს მიმართ შემდეგი სანქციები - გაფრთხილება, ჯარიმა და
გარკვეულ შემთხვევებში - ლიცენზიის შეჩერება და გაუქმება
გამოიყენოს.
კანონით დადგენილი წესები და რეგულაციები მაუწყებელთა ონლაინ და
სოციალურ გვერდებზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზეც ვრცელდება.
მასალის გამოყენების პირობები