ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის გათავისუფლებული პედაგოგის, ნატალია
თურქაძის, მხარდასაჭერად პედაგოგებმა და საზოგადოების
წარმომადგენლებმა ერთიანი პეტიცია შეიმუშავეს.
პეტიციაში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
მინისტრს მიმართავენ:
"ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი, გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას
ქუთაისის N36 საჯარო სკოლის პედაგოგის, ნატალია თურქაძის სამსახურიდან
გათავისუფლების ფაქტთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული
გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, სამართლებრივად ხარვეზიანი და
ეწინააღმდეგება მასწავლებლის პროფესიული ეთიკის პრინციპებს.
წარმოგიდგენთ საქმის მშრალ ფაქტებსა და გამოკვეთილ დარღვევებს:
სუბიექტთა სამართლებრივი სტატუსი: 2025 წლის მაისში, სასწავლო წლის
დასრულების შემდეგ, ნატალია თურქაძემ მადლიერების ნიშნად საჩუქარი
მიიღო კურსდამთავრებულებისგან. საჩუქრის გადაცემის მომენტში აღნიშნული
პირები აღარ ირიცხებოდნენ სკოლის მოსწავლეებად, შესაბამისად,
აღნიშნული ქმედება ვერ ჩაითვლება ინტერესთა კონფლიქტად ან დისციპლინურ
გადაცდომად.
დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების უგულვებელყოფა: სკოლის
დისციპლინურმა კომიტეტმა შეისწავლა საკითხი და დაადგინა, რომ
პედაგოგის მხრიდან დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მიუხედავად ამისა,
სკოლის დირექტორმა, ეკატერინე დოლიძემ, ერთპიროვნულად, კომიტეტის
დასკვნის საწინააღმდეგოდ, მიიღო პედაგოგის გათავისუფლების
გადაწყვეტილება.
პროცედურული დარღვევა: გათავისუფლების შესახებ გამოცემულ ბრძანებაში
პედაგოგს არ განემარტა გადაწყვეტილების სამეურვეო საბჭოში
გასაჩივრების უფლება, რაც წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობისა და
ადმინისტრაციული წარმოების წესების უხეშ დარღვევას.
დროითი ფაქტორი და საფუძველი: გაუგებარია, რატომ გახდა 8 თვის
წინანდელი ფაქტი დღეს დევნისა და გათავისუფლების საფუძველი, მით
უმეტეს, როცა პედაგოგის მხრიდან რაიმე სხვა პროფესიული გადაცდომა არ
ფიქსირდება.
აღნიშნული ფაქტი აზიანებს არა მხოლოდ ერთი პედაგოგის კარიერას, არამედ
ჩრდილს აყენებს მთლიანად საგანმანათლებლო სისტემას და ნერგავს
დაუცველობის განცდას მასწავლებლებში.
მოგმართავთ თხოვნით:
პირად კონტროლზე აიყვანოთ აღნიშნული საქმე, შეიქმნას დამოუკიდებელი
კომისია და ობიექტურად გადაიხედოს ნატალია თურქაძის გათავისუფლების
ბრძანების კანონიერება, რათა აღდგეს სამართლიანობა და დაცული იქნას
პედაგოგის ღირსება", -
ნათქვამია პეტიციაში.
36-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ეკატერინე დოლიძემ ნატალია
თურქაძე სამსახურიდან გაათავისუფლა. გათავისუფლების მიზეზად მშობლების
მიერ შეგროვებული თანხის მიღება დასახელდა.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები