ახალი ამბები
ქუთაისის სამოქალაქო საზოგადოების განცხადება საგუბერნიო ციხის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული სამლოცველოს შესაძლო დანგრევაზე
FaceBook
ქუთაისის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი საგუბერნიო ციხის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული სამლოცველოს შესაძლო დანგრევასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს და ქუთათელ-გაენათის ეპარქიას განცხადებით მიმართავს.


"ქუთაისიპოსტი" განცხადებას სრულად გთავაზობთ:

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის საგუბერნიო ციხის ტერიტორია აუქციონის წესით შეძენილია კერძო სამშენებლო კომპანიის მიერ და ამჟამად მიმდინარეობს ძველი ნაგებობების დემონტაჟი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მიზნით.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარეობს ისტორიული საპატიმრო სამლოცველო, რომელიც იმდროინდელი სტანდარტით ციხეს აუცილებლად უნდა ქონოდა.

ისტორიული ცნობების მიხედვით, სავარაუდოდ წმინდა ნიკოლოზის საკვირველმოქმედის სახელზე იყო ნაკურთხი და ემსახურებოდა პატიმართა სულიერ მსახურებას. მიგვაჩნია, რომ ეს სამლოცველო წარმოადგენს არა მხოლოდ არქიტექტურულ ელემენტს, არამედ მნიშვნელოვან საეკლესიო და სულიერ მემკვიდრეობას. მისი განადგურება ნიშნავს ისტორიული მეხსიერების, ეკლესიის სოციალური მისიისა და ქალაქ ქუთაისის სულიერი იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვას. გთხოვთ:

1. დაუყოვნებლივ შეისწავლოთ აღნიშნული სამლოცველოს ისტორიული და კანონიკური სტატუსი;

2. საჯაროდ დააფიქსიროთ საპატრიარქოსა და ეპარქიის პოზიცია მის შესაძლო დემონტაჟთან დაკავშირებით;

3. საჭიროების შემთხვევაში, მიმართოთ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს კულტურული და საეკლესიო მემკვიდრეობის დაცვის მიზნით;

4. განიხილოთ სამლოცველოს კონსერვაციის, აღდგენის ან დაცვითი სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა. ვთვლით, რომ ეკლესიის პოზიცია ამ საკითხში გადამწყვეტია. საპატრიარქოსა და ეპარქიის ჩართულობა არა მხოლოდ სულიერი პასუხისმგებლობაა, არამედ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სიგნალიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით.

ქუთაისი ისტორიულად არის ერთ-ერთი უძველესი საეკლესიო ცენტრი საქართველოში. შესაბამისად, ქალაქში არსებული ყოველი ტაძარი — მოქმედი თუ ისტორიული — წარმოადგენს საერთო ეროვნულ და საეკლესიო ფასეულობას.

გთხოვთ, აღნიშნული საკითხი განიხილოთ გადაუდებლად და მოგვაწოდოთ ინფორმაცია შესაძლო რეაგირების შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ ეკლესიის ჩართულობით შესაძლებელი გახდება აღნიშნული ისტორიული ტაძრის გადარჩენა და მისი დაცვა მომავალი თაობებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

ქუთაისში, „გუბერნსკის ციხის" ყოფილი შენობის დემონტაჟი გუშინ, 14 თებერვალს დაიწყო. მის ადგილზე შპს "იბერია სტარ გრუპი" საცხოვრებელი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპირებს.

კერძოდ, "ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, ციხის ტერიტორიაზე რამდენიმე კორპუსი აშენდება. ტერიტორიის განაშენიანების გეგმის დოკუმენტის მიხედვით, 6 სართულზე მეტი სიმაღლის არცერთი მათგანი არ იქნება.

"გუბერსკის ციხის" შენობა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო, ქონების ეროვნულმა სააგენტომ გასაყიდად აუქციონზე 2019 წელს გაიტანა. საწყისი ფასი 3 490 000 ლარი იყო, თუმცა, მაშინ მისი შეძენით არავინ დაინტერესებულა. შემდეგ კი ქონება ქუთაისელმა ბიზნესმენმა, დავით კოსტავამ 1 750 000 ლარად შეიძინა. ქუთაისის ბიუჯეტმა აქედან თანხის მხოლოდ 35% მიიღო, დანარჩენი კი ცენტრალურ ბიუჯეტს დარჩა.

ფოტო: არჩილ გეგენავა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩაზე, “ჭალას” დასახლებაში, ქვათაცვენის
პროცესების განვითარების შედეგად, კლდის ფერდი ჩამოიშალა.
11:32 / 12.02.2026
ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩაზე, “ჭალას” დასახლებაში, ქვათაცვენის პროცესების განვითარების შედეგად, კლდის ფერდი ჩამოიშალა.
შსს-ს თბილისის პოლიციის, კახეთის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის
პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს.
10:38 / 11.02.2026
შსს-ს თბილისის პოლიციის, კახეთის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.