ახალი ამბები
სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დაკავებულია
FaceBook
საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ედება ქრთამის აღება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში.

"პირველი ეპიზოდი: 2022 წლის ოქტომბრის თვეში, მან თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი აშშ დოლარი, რათა მას ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის.

მეორე ეპიზოდი: 2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია ,,ექსპრესსერვისი 2008-ის’’ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა მილიონ ხუთასი ათასი ლარი.

მესამე ეპიზოდი შეეხება 2021-2023 წლებს, როდესაც მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც რჩებოდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლ-ცენტრი. მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ქოლ-ცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ, ხოლო ქოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა.

აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო.

საზოგადოებას აქვე ვაცნობებთ, რომ ხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოძიება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების მიმართ მტკიცებულებების მოგროვებასთან ერთად ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც გრიგოლ ლილუაშვილი სხვა თანამზრახველებთან ერთად უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედიასაშუალებების დამფინანსებელი თაღლითური ქოლ-ცენტრების არსებობა, ხოლო თავის მხრივ ოპოზიციური მედიასაშუალებები არ აშუქებდნენ ინფორმაციას ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური ქოლ-ცენტრების არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ინფორმაცია გააჩნდათ.

მეოთხე ეპიზოდი: გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. ,,ატკატებს’’ იღებდა.

ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულია ასეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის დაკითხულნი არიან მოწმეები, რომელთა ჩვენებებითაც დასტურდება გრიგოლ ლილუაშვილის და სხვათა მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ასევე ამოღებულია დანაშაულის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულება, მათ შორის ვიდეო და აუდიოჩანაწერები",- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 დეკემბერს
საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 24
დეკემბრიდან დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
10:08 / 23.12.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 24 დეკემბრიდან დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
24 დეკემბერს, ჭიათურაში დაკავებულების სასამართლო პროცესი
გაიმართება, სადაც მაღაროელები და მათი უფლებადამცველები საბოლოო
სიტყვას იტყვიან.
12:45 / 22.12.2025
24 დეკემბერს, ჭიათურაში დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართება, სადაც მაღაროელები და მათი უფლებადამცველები საბოლოო სიტყვას იტყვიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.