ნორმები, რომელიც, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის
შემთხვევაში, პირს შესაძლებლობას აძლევს, სატრანსპორტო საშუალების
მართვის უფლება ვადამდე აღიდგინოს, უქმდება.
შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარედგინა.
როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, პირი, რომელსაც 2025 წლის 10
დეკემბრამდე ჩადენილი აქვს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის“ 116-ე ან/და 123-ე მუხლებით განსაზღვრული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა, ერთჯერადად გათავისუფლდება აღნიშნული
სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელისგან
− სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან, თუმცა იგი
მაინც მიიჩნევა სახდელდადებულად.
პროექტში ნათქვამია, რომ ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან − გასათავისუფლებლად პირს არ
მოეთხოვება შესაბამისი ორგანოსთვის ან თანამდებობის პირისთვის
მიმართვა, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება აღსრულდეს 2026
წლის პირველ თებერვლამდე.
პროექტით განსაზღვრულია, რომ შსს უზრუნველყოფს პირის ადმინისტრაციული
სახდელისგან გათავისუფლების შესახებ შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზე
ინფორმაციის გამოქვეყნებას კანონმდებლობით დადგენილი წესით და
ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლების შეჩერებისგან − გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის
გამოქვეყნებისთანავე პირს აღუდგება სატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლება.
გარდამავალი დებულებით ასევე განისაზღვრება, რომ ის პირი, რომელსაც
2025 წლის 10 დეკემბრამდე ჩადენილი აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 451 ან/და 1152 მუხლით
განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ერთჯერადად
გათავისუფლდება აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული
ადმინისტრაციული სახდელისგან, რაც სატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლების შეჩერებას გულისხმობს.
ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, პირი მიმართავს მომსახურების სააგენტოს
შეჩერებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენის მიზნით.
ამ შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა
დასაშვები იქნება, სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის (დინამიური-ნარკოლოგიური
გამოკვლევის) დასკვნის წარდგენის საფუძველზე, კანონმდებლობით
განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.
გარდა ამისა, გარდამავალი დებულებით განისაზღვრება, რომ იმ პირს,
რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე „საგზაო მოძრაობის შესახებ“
კანონის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება
შეჩერებული აქვს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის
ამოწურვის გამო, 2026 წლის პირველი იანვრიდან აღუდგება სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლება და მართვის მოწმობას ხელახლა მიენიჭება 100
ქულა.
მართვის უფლების აღდგენისა და მართვის მოწმობაზე 100 ქულის
მინიჭებისთვის პირს არ მოეთხოვება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოსთვის ან/და
თანამდებობის პირისთვის მიმართვა.
კანონპროექტით დაკონკრეტებულია, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებულმა
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების
მქონე შესაბამისმა ორგანომ ან თანამდებობის პირმა 2026 წლის პირველი
იანვრისთვის უნდა უზრუნველყოს მართვის უფლების აღდგენა და მართვის
მოწმობაზე 100 ქულის მინიჭება.
კანონპროექტში მოყვანილია სტატისტიკაც, თუ რამდენ ადამიანს აქვს
შეჩერებული მართვის უფლება.
„არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დღეის მდგომარეობით
შეჩერებულია სულ 35 445 მართვის მოწმობა, მათ შორის: ალკოჰოლური
თრობის საფუძვლით – 18 310; საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ჩადენისა
და შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის — 1 134; ნარკოტიკული
საშუალებების მოხმარებისთვის – 3 504; ქულების ამოწურვისთვის – 781;
სისხლის სამართლის დანაშაულისათვის გამოტანილი განაჩენის საფუძვლით —
327; სხვა მიზეზებით, მათ შორის წინა ადმინისტრაციული ჯარიმის
გადაუხდელობის გამო — 11 389“, – ნათქვამია პროექტში.
მასალის გამოყენების პირობები