ახალი ამბები
2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია - საია
FaceBook
2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია - ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ, თავისუფლების არათანაზომიერმა შეზღუდვამ განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე,
- ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ქურდოვანიძის თქმით, ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს გაგრძელდა 2024 წელს დაწყებული ავტორიტარული მმართველობის გაძლიერების პროცესი.

მისივე განცხადებით, რეპრესიების განსაკუთრებულ სამიზნეს სწორედ ის ინსტრუმენტული უფლებები წარმოადგენდნენ, რომლებიც დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედი და სხვა უფლებით სარგებლობის გარანტორები არიან: გამოხატვის, შეკრების და გაერთიანების თავისუფლება.

„ყოველი წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის დღე აღინიშნება, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ პარიზში 1948 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების სამახსოვრო თარიღს უკავშირდება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყოველი წლის 10 დეკემბერს გამოხმაურების ფორმატში აფასებდა წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების მდგომარეობას, თუმცა საქართველოში 2025 წელს განვითარებული მოვლენები მოითხოვს, დეტალურად აღიწეროს ის ტენდენციები, ქცევის მოდელები და მისწრაფებები, რომლებიც ადამიანის უფლებების არსის მნიშვნელოვნად შეზღუდვას უკავშირდება.

როგორც წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების ანალიზი ცხადყოფს, 2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია, რაც ნიშნავს, რომ ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ, თავისუფლებების არათანაზომიერმა შეზღუდვამ განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე - იმ უფლებებზე, რომლებიც დემოკრატიას ფუნქციურს ხდის.

ანგარიშის მიხედვით, ამ წლის განმავლობაში გაგრძელდა 2024 წელს დაწყებული ავტორიტარული მმართველობის გაძლიერების პროცესი: ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ძირის მიზანმიმართული გამოთხრა სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის, საკანონმდებლო ჩარჩოს გაუარესებით, ფიზიკური ძალადობით, უსაფუძვლო დაკავებებით და დაჯარიმებებით, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულებითა და დეზინფორმაციის კამპანიებით. რეპრესიების განსაკუთრებულ სამიზნეს სწორედ ის ინსტრუმენტული უფლებები წარმოადგენდნენ, რომლებიც დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედი და სხვა უფლებით სარგებლობის გარანტორები არიან: გამოხატვის, შეკრების და გაერთიანების თავისუფლება.

ანგარიში ცხადყოფს, რომ რეპრესიების ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა გამოხატვის თავისუფლება. მნიშვნელოვნად გაუარესდა გამოხატვის თავისუფლების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზა, მათ შორის, საჯარო მოსამსახურეების და პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფის აკრძალვით, ცილისწამებასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიის დაცვის გარანტიების შესუსტებით, მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების მიღების ბლანკეტური აკრძალვით, სასამართლოებში მედიის საქმიანობის შეზღუდვით.

გაუარესებას განაგრძობდა შეკრების თავისუფლების მდგომარეობაც. „ქართულმა ოცნებამ“ არაერთი, ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელი, ცვლილება შეიტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, შემოიღო ახალი სამართალდარღვევები, მნიშვნელოვნად გაზარდა სანქციები. მთელი წლის განმავლობაში პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ აქტიურად გამოიყენებოდა უსაფუძვლო ადმინისტრაციული პატიმრობები, მაღალი ჯარიმები, ფიზიკური ძალადობა.

ანგარიში ხაზს უსვამს, რომ გაერთიანების თავისუფლების კუთხით სიტუაცია 2025 წელს მნიშვნელოვნად გაუარესდა. გარდა ახალი რეპრესიული კანონების მიღებისა „ქართული ოცნება“ სამოქალაქო საზოგადოებას ასევე პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებებით, ანგარიშების დაყადაღებით და გამოკითხვებით ავიწროებდა.

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენდა პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულება. 2024 გაზაფხულიდან 2025 წლის სექტემბრის ჩათვლით 69 პირის მიმართ მიმდინარე საქმეზე სისხლის სამართლის საქმეებზე პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკვირვებამ აჩვენა, რომ აქტივისტების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მექანიზმების გამოყენება, მიმართულია არა მხოლოდ კონკრეტული შესაძლო დანაშაულის აღკვეთისკენ, არამედ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებაზე ზეწოლისკენ.

2025 წელსაც გრძელდებოდა დემონსტრანტების არასათანადო მოპყრობა. კვლავ დაუსჯელები რჩებიან 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში სისტემურ წამებაზე პასუხისმგებელი პირები.

ანგარიში ასევე აანალიზებს თანასწორობის უფლების რეალიზებისა და მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობის კუთხით არსებული მდგომარეობის გაუარესებას. 2025 წლის განმავლობაშიც გრძელდებოდა ანტიგენდერული რიტორიკით, კანონებით და ქმედებებით გენდერული თანასწორობის კუთხით წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესისთვის ძირის გამოთხრა, სექსიზმისა და ჰომოჰობიის/ტრანსფობიის წახალისება.

საყურადღებოა, რომ მიმდინარე პოლიტიკური რეპრესიების ფონზე, უგულებელყოფილი რჩება ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები, რომლებთან დაკავშირებითაც კვლავ არცერთი პრობლემა არსებობს. 2025 წელს კვლავ თვალშისაცემი იყო ღირსეული საცხოვრისის უფლებისა და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის სავალალო შედეგები. ანგარიშში ასევე მიმოხილულია 2025 წლის განმავლობაში დაფიქსირებული რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ადამიანების გარდაცვალება, სავარაუდოდ სახელმწიფოს მიერ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე პოზიტიური ვალდებულებების უგულებელყოფასთან / პრევენციული ზომების არარსებობასთან იყო კავშირში.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშის მომზადება ორგანიზაციის თანამშრომლებმა შეძლეს იმ რეალობაში, როდესაც საია ხელისუფლების მტრული დამოკიდებულების ქვეშ ფუნქციონირებდა, ხოლო პროპაგანდისტული მედია საშუალებები და თანამდებობის პირები შემზღუდველ კანონმდებლობასთან ერთად, მუდმივი თავდასხმების ქვეშ აყენებდნენ უფლებადაცვითი ორგანიზაციის საქმიანობას“, - განაცხადა ქურდოვანიძემ.

ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიში  შეგიძლიათ ნახოთ აქ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“
კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით
ნუსხაში შეიტანა.
13:36 / 10.12.2025
UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, თბილისში, ზესტაფონსა და ვანში,
არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა.
11:17 / 10.12.2025
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, თბილისში, ზესტაფონსა და ვანში, არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.