შსს-ს თანამშრომლებმა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ქვეყნის
მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულის
ბრალდებით 50 პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებულთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია.
ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული
და ფსიქოტროპული საშუალებები.
"საპოლიციო ღონისძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის,
კახეთის, აჭარის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, მოსამართლის
განჩინების საფუძველზე ჩაატარეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც
საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
მათ ბრალი ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო
შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის
ფაქტებზე.
ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ - აუდიო და ვიდეო
ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ
დაკავებულ პირთა უმრავლესობა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას
სხვადასხვა მეთოდით ახდენდა.
სამართალდამცველების მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის
ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, ბრალდებულების პირადი და
საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან,
ნივთმტკიცებად არის ამოღებული.
პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების
დაფასოებისათვის საჭირო მასალები, ბრალდებულების მიერ უკანონოდ
გაყიდული ნარკოტიკი და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად
მიღებული თანხა",- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე
ტერცია, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 20 წლამდე ან უვადო
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
მასალის გამოყენების პირობები