საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ქუთაისის სპორტის
სასახლისთვის, მგფ-ის მიერ გამოცხადებულ არქიტექტურულ კონკურსში
წარმოდგენილი კონცეფციები განიხილეს.
უწყების ინფორმაციით, სპორტის სასახლისთვის, რომელიც 5000
მაყურებელზეა გათვლილი, კომისიამ 9 არქიტექტურული კონცეფცია განიხილა
და გადაწყდა, რომ გამარჯვებული პროექტის გამოსავლენად საჭირო იქნება
დამატებითი შეხვედრა.
საკონკურსო კომისიის სხდომას ინფრასტრუქტურის მინისტრი და
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი
ესწრებოდნენ, ასევე, არქიტექტორთა კავშირის და ქუთაისის
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, არქტირეტორთა მხრიდან
არქიტექტურული კონკურსების მიმართ ინტერესი და შესაბამისად,
მონაწილეთა რაოდენობა იზრდება, რაც "კონკურენტულ გარემოს ქმნის და
ხელს უწყობს მაღალი ხარისხის, ინოვაციური და ფუნქციურად გამართული
პროექტების შერჩევას".
გამარჯვებული კონცეფცია რამდენიმე დღეში გამოვლინდება.
პროექტის მიხედვით, სპორტის სასახლეში უნდა მოეწყოს მთავარი და
სათადარიგო სპორტული დარბაზები, სატრენაჟორო სივრცე, აუზი, მსაჯების
და დოპინგ-კონტროლის ოთახები.
ამასთან, შენობაში დაგეგმილია საკონფერენციო დარბაზის, პრესის სამუშაო
სივრცის და საერთაშორისო დელეგაციების ოთახების მოწყობა. სპორტის
სასახლეში განთავსდება, ასევე, სპორტული მაღაზია და კაფეტერია.
გარდა ამისა, ქუთაისის სპორტის სასახლის ტერიტორიაზე
გათვალისწინებულია 350 ადგილიანი ავტოსადგომის, რეკრეაციული ზონების,
გზებისა და ბილიკების მოწყობა. შენობა სრულად იქნება
ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე
პირებისთვის.
როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, ქუთაისის სპორტის
სასახლეში შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო
მასშტაბის სპორტული შეჯიბრებების მასპინძლობა, ასევე, კონფერენციებისა
და სხვადასხვა ღონისძიებების გამართვა.
ქუთაისში მრავალფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობაზე დაპირება
"ქართული ოცნების" პირველმა პირებმა, 2024 წლის ოქტომბრის
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაახმოვანეს.
ამავე თემაზე:
არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ქუთაისში,
მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირებისთვის კონკურსი
გამოცხადდა
ქუთაისში, მრავალფუნქციური სპორტის სასახლის
პროექტირებისთვის ბაზრის კვლევა გამოაცხადა
მასალის გამოყენების პირობები