გელათის მონასტრის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში
საკონსერვაციო პროგრამის მორიგი ფაზა დაიწყო.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გელათში სამუშაო მისიით
იმყოფებიან მოზაიკის კონსერვაციის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი
რობერტო ნარდი და რომის არქეოლოგიური ცენტრის მრავალპროფილური
გუნდი.
მათივე ცნობით, საკონსერვაციო პროგრამა ორ ძირითად ფაზადაა დაყოფილი:
პირველ ფაზაში განხორციელდება პრევენციული კონსერვაცია, რომლის
შემდეგაც, პროფესორი ნარდი, მისი გუნდის წევრებთან ერთად, შეიმუშავებს
სრულ საკონსერვაციო პროექტს და მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან
შეთანხმების შემდეგ, მეორე ფაზის - მოზაიკის კომპოზიციის სრული
საკონსერვაციო სამუშაოები განხორციელდება.
"გელათის მოზაიკური კომპოზიციის პრევენციული კონსერვაციის პროექტის
განხორციელება დაგეგმილია ეტაპობრივად, 2026 წლის აპრილის ბოლომდე,
რაც მოზაიკის დამცავი/დამჭერი კონსტრუქციის დამონტაჟებით
დასრულდება.
პარალელურად, გრძელდება გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის
კედლის მხატვრობის საკონსერვაციო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, კედლის
მხატვრობის ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან შემდგარმა
მულტიდისციპლინარულმა გუნდმა განახორციელა ერთობლივი სამუშაო მისია
კომპლექსური საკითხების დეტალურად დასამუშავებლად და კონსერვაციის
შემდგომი ქმედებების დასაგეგმად. კედლის მხატვრობის კონსერვაციაზე
მომუშავე ჯგუფს სტივენ რიკერბი და ლიზა შეკედე ხელმძღვანელობენ.
გელათის რეაბილიტაციის პროექტს საქართველოს საპატრიარქო
ხელმძღვანელობს. პროექტს გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი
სახელმწიფოს მხარდაჭერით ახორციელებს",- აღნიშნულია კულტურის
სამინისტროს ინფორმაციაში.
გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები 2019 წელს წელს დასრულდა,
თუმცა, მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და
ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ხარვეზებმა თავი იჩინა და
უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა,
პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა,
პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ
კომპანიას დააბრალა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა.
მასალის გამოყენების პირობები