ახალი ამბები
პროკურატურამ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
FaceBook
საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, 
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
შესაბამისი განცხადება, რამდენიმე წუთის წინ, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე, გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გააკეთა.

მისი თქმით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟის, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტებს.

"უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, რუსეთის ფედერაციასთან შესაძლო სამხედრო კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, საქართველოს ხელისუფლებამ, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, აირჩია პოლიტიკა, აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ არ დაეწესებინა ეკონომიკური სანქციები და ქვეყანაში შეენარჩუნებინა მშვიდობა. აღნიშნულის გამო საქართველოში მოქმედი ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერები - ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის საზიანოდ, საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით, უცხო ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის, ასევე საქართველოს სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ, ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად.

გარდა აღნიშნულისა, ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე, ინფორმაციას და დოკუმენტურ მასალას, მათ შორის, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სიებს, პერიოდულად სანქციების დასაწესებლად აწვდიდნენ უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს. შედეგად, სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან, სანქციები დაუწესდა მთლიანობაში საქართველოს 300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ცალკეულ ბიზნესმენებს.

2024 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიების დამარცხების შემდგომ, თითქოსდა არჩევნების გაყალბების საბაბით, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, გიორგი ვაშაძემ, ელენე ხოშტარიამ, ნიკა გვარამიამ, ნიკანორ მელიამ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დაიწყეს აქტიური მოქმედება ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის. დასახელებული პირები საჯაროდ აკეთებდნენ მოწოდებებს რევოლუციის, ხელისუფლების დამხობის, ხელისუფლების ჩამოშლის, სახელმწიფო შენობების პიკეტირების და სამართალდამცავთა წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირებისკენ.

გარდა აღნიშნულისა, კანონიერი ხელისუფლების დამხობის მიზნით, აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მასის მობილიზების, თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირადი სოციალური გვერდის გამოყენებით, ასევე ვიდეო-მიმართვებში, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ვრცელდებოდა, მხარდამჭერებს საქვეყნოდ მოუწოდებდა კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისკენ, რომ საჭირო იყო ბრძოლა და აგრესიული წინააღმდეგობა. განცხადებებში ასევე მოუწოდებდა მხარდამჭერებს სამთავრობო შენობების დაკავებისკენ და „რეჟიმის ჩამოშლისკენ“.

პარლამენტის შენობის მიმდებარედ დაწყებული აქციები, მოკლე დროში გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს. არაერთგზის ჰქონდა ადგილი საპოლიციო ძალასთან მიზანმიმართულად და ორგანიზებულად დაპირისპირებას, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“, ადვილად აალებადი და ცეცხლგამჩენი ნივთიერებების სროლას სამართალდამცველთა მიმართ. მოძალადეთა მოქმედებები კოორდინირებული იყო ზემოხსენებულ პოლიტიკოსებთან. ამავდროულად ძალადობრივი ჯგუფები მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებულად და ერთმანეთთან კომუნიკაციას სისტემატურად ინარჩუნებდნენ ე.წ. ,,რაციების“ საშუალებით, რაც სხვა ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა ოპოზიციური პარტიების ოფისებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „დროას“ და ,,გირჩი-მეტი თავისუფლების“ ოფისებიდან.

2024 წლის 28 ნოემბერს, ლიდერების მოწოდებით, პარლამენტის შენობის მიმდებარედ, პოლიციის თანამშრომლებთან დაწყებული ძალადობრივი დაპირისპირება გაგრძელდა 6 დღის მანძილზე. შედეგად, ძალადობრივმა ჯგუფებმა ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს სამართალდამცავი უწყების 158 თანამშრომელს, მათ შორის რამდენიმე მათგანს მიყენებული ჰქონდა მძიმე დაზიანებები, ცეცხლი წაუკიდეს პარლამენტის შენობაში არსებულ ოთახებს, რითაც მნიშვნელოვნად დაზიანდა შენობა, ასევე ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის კუთვნილ სპეციალურ ტექნიკას, გაანადგურეს რუსთაველის გამზირზე სახელმწიფოს და კერძო საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება.

აღნიშნულის პარალელურად, კოორდინირებულად ხდებოდა ფინანსური სახსრების და მატერიალური რესურსების შეგროვება და მიწოდება ძალადობრივი ჯგუფებისთვის, რაშიც პოლიტიკოსებთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები და სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი ე.წ. „ფონდები“, რომლებიც თავის მხრივ დაფინანსებას იღებდნენ საერთაშორისო დონორებისგან.

ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მიხეილ სააკაშვილს ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე. ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ელენე ხოშტარიას ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟის ფაქტზე.

პროკურატურა, აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე, საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას",- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025
წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ავტოსატრანსპორტო
საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 699
ფაქტი გამოავლინეს.
12:22 / 06.11.2025
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 699 ფაქტი გამოავლინეს.
შსს-ს იმერეთი პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1990
წელს დაბადებული ი.თ. დააკავეს.
12:13 / 06.11.2025
შსს-ს იმერეთი პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული ი.თ. დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.