უკვე ექვსი თვეა, რაც ჭიათურაში დაკავებული მაღაროელები, პატიმრობაში
იმყოფებიან.
მათ შსს შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ფიზიკურ თავდასხმას ედავება.
დაკავებულების თანამებრძოლები კი მიიჩნევენ, რომ მათ უსამართლობის
წინააღმდეგ ბრძოლისთვის სამაგალითოდ სჯიან და უკანონოდ უზღუდავენ
თავისუფლებას.
"ზუსტად ამ დღეს, 6 თვის წინ, მუშავდებოდა სპეცოპერაცია — როგორ
დაგვსხმოდნენ თავს და კარავიდან აეყვანათ 4 პროტესტის მონაწილე.
ჩაატარეს სპეცოპერაცია, თითქოს ნარკო სინდიკატის წევრებს
აკავებდნენ.
6 თვე გავიდა, რაც 4 ადამიანი ციხეში ზის — 4 უსამართლობის წინააღმდეგ
მებრძოლი.
და რა ხდება ამ დროს? ზეიმობს ქალაქი, აღინიშნება სხვადასხვა დღე —
მაღაროელის დღე, ჭიათურელობა… თითქოს ყველას დაგავიწყდათ, რომ ქალაქს
4 უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი პატიმარი ჰყავს. პატიმრები,
რომლებსაც სამაგალითოდ დასჯა და არა ერთი წლის ციხეში გატარება
ემუქრებათ.
ისინი ხომ თითოეული ჩვენგანის გამო დააკავეს, ისინი ხომ ყველას
სახელით საუბრობდნენ, ისინი ხომ ქალაქის კეთილდღეობას ითხოვდნენ.
რატომ გავიწყდებათ ეს? რატომ გინდათ, გამოიკეტოთ თქვენს ნაჭუჭში?
ამისთვის ხომ გამოვედით და ვიდექით ქუჩაში თვეების განმავლობაში — რომ
არ გავთითოკაცებულიყავით. გაატარეთ მიხაილ სოცკის ინტერესები და
ატარებთ დღესაც, რასაც ეს ბიჭები ციხის კარებამდე მიყავს",- ამბობენ
მაღაროელები.
ოთხი მაღაროელი: მერაბ სარალიძე, აჩიკო ჭუმბურიძე, გიორგი ნეფარიძე და
თენგო გველესიანი, 29 აპრილს, გამთენიისას, დააკავეს. შსს-ს
ინფორმაციით, ბრალდებულები შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად
დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.
აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ
ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს
მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის 225-ე
მუხლით დაუმძიმდათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში
მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება.
ჭიათურელი მაღაროელები 244-ე დღეა, უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის
მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების
გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ
გათავისუფლებას. მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა 4
უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება. როგორც მშრომელები ამბობენ,
დაკავებული თანამებრძოლების ციხიდან გამოშვება არის უპირობო და
აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ პროცესები დაბრუნდეს ჯანსაღ და
სამართლიან ჩარჩოში. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ჭიათურაში 5
000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.
მასალის გამოყენების პირობები