ქუთაისში, კოსტავას ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების
თარიღმა მეხუთედ გადაიწია.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გზის საფარის რეაბილიტაცია,
რომელიც თავდაპირველად თებერვლის თვეში, შემდეგ ივნისში, მერე
სექტემბერში და ბოლოს 1 ოქტომბერს უნდა დამთავრებულიყო, ახლა 18
ოქტომბერს უნდა დამთავრდეს.
სამუშაოების დასრულების ვადის გაგრძელების მიზეზად
აგვისტო-სექტემბერში არსებული ნალექიანი ამინდებია დასახელებული.
კოსტავას ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთ წელზე მეტია,
მიმდინარეობს. კომპანია "ჯეო კონსტრაქშენ ენდ სისტემს ინკ საქართველოს
ფილიალი" სამუშაოებს 2 198 732 ლარის სანაცვლოდ ახორციელებს. მერიას
კომპანიისთვის თანხის 80% - 1 758 847 ლარი უკვე გადახდილი აქვს.
კოსტავას ქუჩის გზის საფარის რეაბილიტაცია 2024 წლის ივნისში დაიწყო.
მართალია, სამუშაოები 9 თვეში, ანუ მიმდინარე წლის თებერვალში უნდა
დასრულებულიყო, თუმცა, ხელშეკრულებაში მალევე შევიდა ცვლილებები და
ბოლო, მეცხრე ცვლილებით, სამუშაოების დასრულების თარიღი მეხუთედ
გადავადდა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს შიდა
გზას, რომლის სიგრძეც 746 მეტრია. ასევე, გათვალისწინებულია კოსტავას
ქუჩის მიმდებარე ჩიხების რეაბილიტაციაც. გზის ორივე მხარეს მოეწყობა
ტროტუარები, ბორდიურები და სანიაღვრე არხი.
ამავე თემაზე:
კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციის დასრულების თარიღმა
ოქტომბრამდე გადაიწია
კოსტავას ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების
თარიღი სექტემბრამდე გადავადდა
გაჭიანურებული რეაბილიტაცია - რატომ გადავადდა
კოსტავას ქუჩაზე სამუშაოები
მასალის გამოყენების პირობები