ხარაგაულის დამეწყრილი სოფლების, ღვერკისა და ხემაღალის მოსახლეობას
სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, ექსპერტებთან ერთად
შეხვდნენ და გეოლოგიური-საინჟინრო კვლევის ანგარიში გააცნეს.
აღნიშნული კვლევა ხარაგაულის მერიის დაკვეთით კომპანია „გეოლოჯიქმა“
ჩაატარა, მას შემდეგ, რაც 4 თვის წინ, ამ ტერიტორიებზე მძიმე მეწყრული
პროცესები განვითარდა.
როგორც შეხვედრაზე რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა
მოადგილედ ლევან ზაუტაშვილმა განაცხადა, გეოლოგიური დასკვნის მიღებას
ელოდებოდნენ და ახლა თითოეულ დაზარალებულთან ინდივიდუალური შეფასების
საფუძველზე, სახელმწიფო მზად არის უზრუნველყოს როგორც მიწის
ადგილმონაცვლეობა, ისე ფინანსური ანაზღაურება, მოქალაქეების
საჭიროებების გათვალისწინებით მათთან კონსულტირების გზით.
ხარაგაულის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე იმერეთში სახელმწიფო
რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა მოქალაქეებს განუცხადა, რომ სახელმწიფო
მზად არის გაუწიოს მათ დახმარება, თუმცა, მისივე თქმით, უსაფუძვლო
დავის შექმნის შემთხვევაში, პროცესი მნიშვნელოვნად გაჭიანურდება.
მან მოუწოდა ღვერკისა და ხემაღალის მოსახლეობას, დროულად ჩაერთონ
მიმდინარე პროცესებში და გამოხატონ თანხმობა, რაც აუცილებელი
წინაპირობაა სახელმწიფო დახმარების მისაღებად.
მანამდე კი სანამ კომპენსაციის საკითხი საბოლოოდ არ გადაწყდება,
ხარაგაულის მერის თქმით, მოსახლეობა დროებით (ქირით) გადაყვანილია
უსაფრთხო ტერიტორიებზე.
"მერია მყისიერად რეაგირებს მოქალაქეთა მიერ დასახელებულ
საჭიროებებზე. უკვე მოეწყო სოფელში შესასვლელი ალტერნატიული გზა,
მიმდინარეობს ელექტროენერგიის ახალი სისტემის მშენებლობა.
მოსახლეობისთვის დაინიშნა მუნიციპალური ტრანსპორტი და გადაეცათ
ერთჯერადი ფინანსური დახმარება. ასევე, ხდება საჭიროების მქონე
მოქალაქეების უზრუნველყოფა საკვები პროდუქტებითა და საყოფაცხოვრებო
რესურსებით. ეს დახმარება არ არის ერთჯერადი და გაგრძელდება
სამომავლოდაც.
ამ ეტაპზე, უსაფრთხო ზონაში რჩება მოსახლეობის გარკვეული ნაწილი.
მერია მიესალმება ხემაღალისა და ღვერკის იმ მცხოვრებთა პოზიციას,
რომელთაც სურვილი გამოთქვეს სტიქიის ზონის მიღმა, ძველ მამაპაპისეულ
მიწებზე დასახლების შესახებ. ადგილობრივი თვითმმართველობა სრულ
მხარდაჭერას გაუწევს მათ, რათა მოხდეს მსგავსი სურვილის მქონე
მოქალაქეების დახმარება. ჩვენი ამოცანაა, რომ შევინარჩუნოთ ჩვენთვის
უძვირფასესი ორივე სოფელი - ხემაღალი და ღვერკი. ეს ანგარიში ჩვენთვის
წარმოადგენს მნიშვნელოვან საფუძველს, რათა დაზარალებულ მოსახლეობას
მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად გავუწიოთ საჭირო დახმარება",-
განმარტა კობა ლურსმანაშვილმა
სოფელ ხემაღალისა და ღვერკის ტერიტორიაზე არსებული მეწყრული ფერდობის
კომპლექსურ საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, მეწყრული
პროცესები ბუნებრივი ფაქტორებით, კერძოდ, გრავიტაციულად დაძაბულ
ფერდობზე, მისი ამგები გრუნტების წონასწორობის დარღვევითა და
მიწისქვეშა კატაკლიზმებით არის განპირობებული. კიდევ რა წერია
კვლევაში და რა რეკომენდაციებს გასცემენ გეოლოგები, ვრცლად ნახეთ
ბმულზე.
კვლევაში მკაფიოდ არის აღნიშნულ, რომ საშუალო თუ გრძელვადიან
პერიოდში, მეწყრული სხეულის კონტურში მოქცეული ინფრასტრუქტურის ნგრევა
(განადგურება) შეუქცევადი ხასიათის იქნება. ამიტომ, დასკვნის
მიხედვით, ამ პირობებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებაც კი
სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია, მისი საცხოვრებელი დანიშნულებით
გამოყენება კი კატეგორიულადაა დაუშვებელი.
მასალის გამოყენების პირობები